пятница, 22 июня 2012 г.

დილის საუბრები ზოგადსაკაცობრიო თემაზე

როცა ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად (მეორე საკითხია რამდენად დამეთანხმებით თქვენ, ამ ნაწერის მკითხველნო ამაში და არ გააპროტესტებთ, თუმცა, რომც გააპროტესტოთ, რა პრობლემაა?! შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც გაახლებთ, მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი, საუბარია იმაზე _ როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა დედაკაცად და მამაკაცად) მას შემდეგ მიდის ამ ორი საწყისის ურთიერთჭიდილი პირველობაზე, უკეთესობაზე, სიჭკვიანეზე,  გონებრივი შესაძლებლობების უპირატესობაზე, გამჭრიახობაზე, IQ–ს კოეფიციენტზე და კიდევ რა ჩამოთვლის რაზე აღარ, თუმცა ერთია, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ამას შედეგი მაინც მოჰყვებოდა, მაგრამ არა!!! კონკურენციაცაა და კონკურენციაც! ეს კი უფრო სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლას დაემსგავსა. ნეტავ რატომ? მე პირადად სულაც არ მინდა პირველობა, სხვებს დაგითმობთ პირველობასაც და წინ დგომასაც, მე კი კუთხეში მივჯდები და ჩემთვის წყნარად, მაწონს შევჭამ.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მანამდე ყავას მოვიმზადებ და მეც მოვემზადები მთავარი სათქმელისთვის.

ალბათ, თქვენ, ვინც ამას იხილავთ (და იხილავთ ჩემი ვიწრო წრე სამეგობროსი) უკვე იცით, რომ დილა ჩემთვის იწყება ყავით, დღეს ყავით ვერ დავიწყე, ერთი მარტივი მიზეზის გამო,  სახლში გამითავდა ყავა, ისე როგორც სხვა დანარჩენი პირველადი მოხმარების ნივთები, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით ვამბობ ამას. ახლა კი თქვენის ნებართვით სათქმელს გავაგრძელებ.

შევდგი თუ არა ფეხი სამსახურის შენობაში, ჩვეულებრივად, ხელის დაქნევით მივესალმე პატარა ჯიხურში შემწყდეულ თუ უნებურად (იქნებ გამიზნულად?!)  დამწყვდეულ ორ თანამშრომელ გოგოს და... რაღაც ცვლილება დააფიქსირა ჩემმა ქვეცნობიერმა, უფრო სწორედ თვალებმა, რომლებმაც ნერვიული სისტემის მეშვეობით ეს ცვლილება გადასცეს ტვინის შესაბამის უბანს, იმან კი რამდენიმე წამის დაგვიანებით წითელ ღილაკს დააჭირა თითი და მითხრა: სტოპ! კადრი უკან გადაახვიე... ზუსტადაც, კადრი უკან გადავახვიე, უკანსვლით დავბრუნდი ჯიხურთან და... დაჯი!
დაჯი ჩემი თანამშრომელია დაცვის სამსახურიდან, საშვთა ბიუროში ზის და საშვებს წერს, წერს და წერს, მის გარეშე ვერც ჩემთან და ვერც სხვასთან ვერავინ შემოფრინდება და ამოფრინდება, ჩიტი რომ ჩიტია, იმასაც კი არ აქვს უფლება საშვის გარეშე შემოფრინდეს და მოფრინდეს ჩემთან, სხვასთან და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ შენობაში... დაჯი, ანუ დარეჯანი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ასევე, საქართველოს პასპორტით) გასათხოვარია, წლოვანება არ ვიცი, მაგრამ ჩემზე დიდი რომ არის, ეს დანამდვილებით ვიცი უკვე... რახან ჩემზე დიდია, ე.ი. გაუთხოვრების კატეგორიაში გადის უკვე, თუმცა წესი წესია, მაგრამ როგორც ჩემი მეგობარი და ჩემი თანამოაზრე ამბობს ხოლმე – ამ წესიდან გადახვევები და გამონაკლისებიც ხდებაო, ასეთი გამონაკლისები კი ძალიან ბევრია, ბევრი ე.წ. გაუთხოვარი და შინჩარჩენილი, როგორც დაცინვით იციან "გადაკრუხებული" ქალბატონი სწევია ბედს, ესეც როგორც იციან დაცინვით და ქილიკით "ეღირსა გასაღება!", ანუ ოჯახი შეუქმნიათ. ასე რომ, მეც, დაჯისაც და ჩემნაირ და დაჯისნაირ ბევრ გოგოსაც ჯერ კიდევ წინ გვაქვს მთელი ცხოვრება, ანუ ოდესმე "გავსაღდებით". დაჯი მაღალი, გამხდარი, გრძელფეხება, ლამაზი სახის გოგოა. რა თქმა უნდა, ქერად შეღებილი თმებით, აქვე დავსძენ, რომ გრძელი სწორი თმები აქვს. ულამაზესია ჩემი აზრით. დაჯიზე საუბრისას ბევრჯერ უთქვამს დედაჩემს:  დაუბრმავდათ ამ კაცებს თვალები?!" ამ გამოთქმაზე ხარხარი მიტყდება, არ ვიცი რატომ, მაგრამ წარმოვიდგენ, თუ როგორ უბრმავდებათ თვალები კაცებს, როცა დაჯის და დაჯისნაირ გოგოებს ჩაუვლიან გვერდით, მერე კი ისევ უბრუნდებათ "დღის სინათლის ხილვის" უნარი, ანუ "როცა სავლე პავლედ იქცა" ალბათ, ზუსტად იგივე ხდება, მაგრამ ერთი განსხვავებით, ეტყობა ჩვენ კაცებს უკუღმა ემართებათ–თქო და პავლედან სავლემდე გადიან რეგრესს–თქო. გამიგრძელდა სიტყვა...
 ხოდა გადავახვიე კადრი უკუღმა და:
–დაჯიიი, რა კარგი ხარ!!! (არ შეიმჩნიოთ გაუმართავი ქართული, რამეთუ ყოველდღიური სასაუბრო ქართული და ლიტერატურული ქართული  კოორდინატთა სისტემაზე ერთმანეთს  დიდი ხანია ასცდა და არა მარტო ჩემთან, საერთოდ, ზოგადად ასცდა).
ნაწნავები პატარა გოგოსავით ეყარა მხრებზე, ძალიან უხდებოდა, მუდამ  მოცინარი სახე უფრო ბავშვური და განათებული მომეჩვენა.
–ჰო, ბავშვობაში გადავარდი. ნახე ლა კაქი გოგო ვალ? – ენა მომიჩლიქა დაჯიმ.
– შენ სულ პატარა გოგო ხარ, არა, იაკო? – იაკო მეორე თანამშრომელია, დაჯის, ასე ვთქვათ, "ნაპარნიცა". რა თქმა უნდა, იაკოც გასათხოვარია, ასაკით, ალბათ ჩემხელა უფროა ვიდრე დიდი. წამებში დავაფიქსირე, რომ იაკოსთვის არ მითქვამს კომპლიმენტი და:
– და საერთოდაც, გოგოებო, რომ იცოდეთ, ქალი სანამ გათხოვდება სულ ბავშვია, ასე არაა? – თან იაკოს შევეხდე.
კიო, ასეაო, თავი დამიქნია იაკომ
მართალიაო, დაჯიც დამეთანხმა და ვიფიქრე, მხიარულ ნოტზე დავასრულებ ამ ხუმრობანარევ მოკითხვას და ავალ ჩემს ოთახში–თქო , მაგრამ ნურას უკაცრავად! სადაა ისე, შენ, ჩემო თავო, როგორც გადაწყვიტე!?
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, დაცვის თანამშრომლებს (ბიჭებს)  საშვი ვანახე და უნდა გავეცალო, რომ:
–და ისე, რომ იცოდეთ, ქალი გათხოვების შემდეგაც ბავშვია! – მომესმა ზურგსუკან ბრძნული შენიშვნა, რა თქმა უნდა პათოსით – კაცები უფრო ზდრასრულნი და დადინეჯბულნი არიან ყველა ასაკში!!! ეს იყო დაცვის ახალგაზრდა ბიჭი თანამშრომლის სიტყვები ჩემ ზურგს დახლილი ტყვიებივით.
ვინ ვინ და აი, მე კი ხურდისთვის ჯიბეში ხელს არასდროს ვიყოფ, რა  ჩემი ბრალია თუ ენა თავისით მისწრებს წინ და არ შეუძლია, რასაც გონება წამებში გაიფიქრებს, არ თქვას?!
–ამაში ვერ დაგეთანხმებით! – მთელი ჩემი არტისტიზმი გამოვიყენე და თეატრალურად აღვმართე ზე საჩვენებელი თითი.
– ნუ, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ – პოზიციები დასთმო დაცვის თანშმრომელმა.
–ამაში ვერ დაგეთანხმებით, რამეთუ კაცი დაოჯახების შემდეგ უფრო მეტად ბავშვდება – და მთელი ჩემი პათოსი ჩავაქსოვე ამ სიტყვებში, თუმცა იმავ წამს ენაზე ვიკბინე (გადატანითი მნიშვნელობით და არა პირდაპირი გაგებით)... გვერდით ჩემმა თანამშრომელმა ჩამიარა, უკვე მიხვდებოდით, ეს თანაშმრომელი ბიჭია. მე კი, სიმართლე გითხრათ, არ მინდა კოლექტივში შევიქმნა კაცთმოძულის იმიჯი, მითუმეტეს, თუ არ მიცნობენ და არ იციან როგორ და რას ვამბობ, სად ანდა რატომ! თუმცა, ისევ: რა ჩემი ბრალი იყო, თუ ენამ წინ გამისწრო და იგივე გაიმეორა:
– დიახ, კაცი დაოჯახების შემდეგ უფრო ბავშვდება – ესეც შენი ნიცშე, ოშო და სხვა ფილოსოფოსი პატრიარქები! აი, ესეც შენი ნაკითხობა და "ინწელექტი"! სადაც არაა საჭირო იქ იდგამენ ენას, ხოლო სადაც საჭიროა იქ დუმილს არჩევენ.
– რა თქმა უნდა, მე ყველაზე არ ვამბობ – საბოლოოდ დაჰყარა იარაღი დაცვის თანამშრომელმა და მეც გამარჯვებული სახით შევდგი ფეხი კიბეზე.
–როგორ ხარ, ნინო? – ეს ჩემი ის თანამშრომელია, ვინც შეესწრო ამ პაექრობას, მას დათო ჰქვია. საერთოდ თანშრომლებთან ვარ კარგად, მაგრამ ზომიერად კარგად, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ არც შორს და არც ახლოს, ზომიერი სისქის სადერმაკაციო ხაზი მაქვს გავლებული ყველასთან და ვიცავ სუბოორდინაციას. ეს ხომ სამსახურია და თან საჯარო, აქ შენი აზრები და შენი თავისუფალი აზროვნება არ სჭირდებათ. მე კი არ მჭირდება ზედმეტად აფიშირება იმისა, რისი აფიშირებაც ბავშვობიდან არ მიყვარს, საკუთარი პერსონა მე–სი! რამეთუ ის უჩემოდაც კარგად ახერხებს ამას.
– კარგად, თავად? – უხერხულობა ვიგრძენი რატომღაც, ნუ რატომღაც არა, კონკრეტულად უკვე აღვნიშნე რატომაც და ამის გამო უადგილოდ წამოვროშე – ოჰ, ეს კაცები, არ გვაცდიან ქალებს ერთმანეთში საუბარს. რომ არ ჩერიონ არ შუეძლიათ. კომპლიმენტის თქმა არ გვაცალეს, ეგრევე პაექრობა დაიწყეს..
დათოს გაეცინა, მე კი წინ გამოვუსწარი, რადგან მინდოდა დროზე გამოვცლოდი, რომ არ ენახა როგორ დავიბენი ამ ე.წ. ინციდენტის გამო.

ახლა კი დასვკნა: დამეთანხმებით, რომ ბავშვი, ბავშვის თავად ამ სიტყვის, არსის, ასევე, ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების, მიამიტობის, დაუცველობის და სხვათა და სხვათა გაგებით, იმიტომ არის ბავშვი, რომ მას ყველაფრის სჯერა, ზღაპრების, დაპირებების, თოვლის ბაბუების, ცაში ვარსკვლავები რომ ვიღაცას ძაფით მიუკერებია იმისიც კი და, რომ, ბავშვს მუდმივად სჭირდება: დაცვა, მოვლა, პატრონობა, აღზრდა, გაზრდა, მეთვალყურეობა რამე არ დააშავოს ან არ დაიშავოს, დაბანვა, ჭმევა და ნუ მოკლედ. ხოდა, ახლა მითხარით, გათხოვებამდე ქალების უმრავლესობას სჯერა თუ არა: სიყვარულის, კეთილი, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის, რომელსაც აქვს კოშკი (საკუთრებაში და საჯარო რეესტრში ოფიაციალურად დარეგისტრირებული! თუ ერთზე მეტია მთლად უკეთესი!), სადაც გათხოვების შემდეგ წაიყვანს და იცხოვრებენ ბედნიერად და ტკბილად სანამ ღმერთი არ მოუხმობს ორივეს (თან ერთად!) ასევე, ხომ სჯერა, რომ მისი პრინცი მას: დაიცავს, მოუვლის, ძილის წინ ზღაპრებს მოუყვება, ოჯახობანას ეთამაშება და ა.შ.?! ეგოიზმი, ესეც ბავშვებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. რას ვიზამთ, ასეა. წარმოვიდგინოთ ახლა ბიჭისა და გოგოს სტანდარტული დიალოგი:
ბიჭი: მე შენ მიყვარხარ!
გოგო: მეც, ჩემო სიხარულო!
– შენს მეტი არავინ მინდა!
– არც მე, საყვარელო...
– შენ რომ სხვასთან წახვიდე, მოგკლავ! (რა სადიზმია!)
ან სხვა ვარიანტი –  შენ რომ გადაგიყვარდე და სხვა შეგიყვარდეს, თავს მოვიკლავ! (ეს მაზოხიზმი – ოღონდაც პროცენტულად ძალიან დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს).
– მთელი ცხოვრება მეყვარები!
– როცა დავოჯახდებით, მე შენ ხელისგულზე გატარებ.
გოგო მიეყრდნო ბიჭის მხარს.
– მე შენ ... "შუბას" გიყიდი (ეს სტანდარტულია,  თქვენ რაც გინდათ ის იგულისხმეთ)
უფრო ჩაეხუტა გოგო ბიჭს (ბავშვებმაც ასე არ იციან, როცა უცნობი თუ ნაცნობი მათ მიტყუებას/მოქრთამვას ცდილობენ: კანფეტებით, სათამაშოებით და კიდევ რითი აღარ?! ჩამოთვლა მეზარება).
–მე შენ მანქანას გიყიდი... არაფერს დაგიშლი ცხოვრებაში.– გოგო საერთოდ წავიდა ოცნებებში.
–გინდა ახლა მთელი სამყარო გაჩუქო? (ოჰო! აი, ასეთი გულუხვობაც შეუძლიათ კაცებს).
– მინდა – მიინაზა გოგო.
–ხოდა ეს ვარსკვლავები შენია, ეს ცაც შენია, მზეც, მთვარეც, ჩემი სულიც და..
ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ანეგდოტს მოვყვები:
ქალი გათხოვებამდე ოცნებობს: პრინცზე, ოაზისზე, კოშკებზე, ოქროთი დატვირთულ აქლემზე, შემდეგ კი: ჯერ ოაზისი ქრება, მერე – კოშკი, მერე – პრინცი და ბოლოს აქლემი რჩება და ისიც ოქროს გარეშე. ესეც შენი დასკვნა, ქალი გათხოვებამდე არის ბავშვი, მერე კი იზრდება, რადგან გაიგო, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, სამაგიეროდ მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადავიდა ამ ოცნებაში ცხოვრების გამო. ხოლო, როცა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, იქ უკვე ბავშვობა მთავრდება, რადგან... რადგან ახლა თავად გიწევს სხვა ბავშვებს: მოუარო, ჩააცვა, აჭამო, დაბანო, მოუფრთხილდე, ყურადღება მიაქციო, ეთამაშო, გაართო, გაასეირნო; იფიქრო: ფულზე, საჭმელზე, სასმელზე, საჩუქრებზე, სათამაშოებზე, სწავლაზე, აღზრდაზე; ურეცხო, უუთავო, ძილის წინ ზღაპრები მოუყვე, საბანი შეუკეცო, რომ ძილში არ გაცივდნენ, დაუკერო, დაუკემსო; წინდები, მაიკები, პერანგები ეძებო, დაუხარისხო, დაულაგო, ჭკუა დაარიგო – როცა საჭიროა, გაჩუმდე, როცა საჭიროა და როცა საჭირო არაა მაშინაც კი და ა.შ. ხოდა, დასრულდა ასე ზღაპარი ბავშვობისა...
ახლა რა ხდება კაცებთან? პირუკუ დავტრიალდეთ. კაცი, რაციონალური არსებაა, ეს დადასტურებული ფაქტია (რამდენად, ეს სხვა საკითხია და ისიც საკითხავია ფაქტია თუ თეორიაა), ის მონადრე იყო და ამიტომ ეს ინსტიქტი დღემდე მოჰყვება, ესეც დადასტურებული ფაქტია (ამაში ვერ შეგედავებით, მაგრამ ნადირობა ქალებმაც იცოდნენ და კაცებზე არანაკლებ და შეიძლება უკეთესადაც კი, ოღონდ საჭიროებიდან გამომდინარე, მერე დაივიწყეს, თუმცა, თუ საჭიროება მოიტანს ისევ გაიხსენებენ), ახლა, მართალია ამის საჭიეროება აღარ აქვთ მამაკაცთა მოდგმას, რადგან სუპერმარკეტსა თუ ბაზრებში შეიძლება იმის შეძენა, რასაც ადრე თავად მოიპოვებდნენ საკუთარი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ფასად, სისხლითა და ოფლით, მაგრამ სამაგიეროდ ხიფათი უყვართ და ამიტომ ნადირობენ, ომობენ, ექსტრემალურ სიტუაციებს ეძებენ რამეთუ... ამაზე ცოოოტა, ქვემოთ...კაცმა იცის, რომ ვალდებულება უნდა აიღოს ოჯახზე, სანათესაოზე და ა.შ. ესეც დადასტურებული ფაქტია, მაგრამ... მოკლედ, სანამ დაოჯახდება, იგი თავს ევლება საყვარელ არსებას, ფიქრობს, სურვილი აქვს, ნუ თუ ფიქრი არ შეუძლია მამაკაცს, სურვილი მაინც აქვს ქვეცნობიერ დონეზე (დავარქვათ ინსტიქტის დონეზე), რომ სასურველი და საყვარელი არსება მატერიალურად უზრუნველყოს, არაფერი მოაკლოს, ფუფუნებაში აცხოვროს და თან არჩევს ისეთ არსებას, რომელიც: შვილებს გაუჩენს, ოჯახს მიხედავს, მეურნეობას აწარმოებს, სიტყვას არ შეუბრუნებს, თითის წვერებზე ივლის და ა.შ. ანუ, ის თითქოს ფიქრობს ზრდასრული ადამიანივით/დიდივით (თუმცა ბავშვებს აქვთ ერთი ჩვევა – უყვართ, როცა დიდებს ბაძავენ, გაიხსენეთ როგორ გინდოდათ თქვენც დედიკოსავით და მამიკოსავით გევლოთ სამსახურში და ბაღსა თუ სკოლას სამსახურს ეძახდით? ომობანას თამაშობდით და გინდოდათ ჯარისკაცივით ძლიერი, მაღალი და ყოვლისშემძლე ყოფილიყავით და ეს ჯარისკაცი ხშირად მამიკო გეგონათ?! ჰოოო...), გაფაციცებით ეძებს სამსახურს, მატერიალური კეთილდღეობისკენ ისწრაფვის, რადგან იცის, მისი მატერიალური კეთილდღეობა ხომ მყარად ფეხზე დგომას ნიშნავს  და ბოლოს, ოჯახდება როგორც წესი და რიგია... აი, მერე იწყება ბავშვობა, რატომ? არ ვიცი, ოღონდ მართლა არ ვიცი... ნიცშემ თქვა ერთხელ (მიუხედავად იმისა, რომ ნიცშე მაინცდამაინც არაა ჩემი ფავორიტი ფილოსოფოსი, უნდა დავეთანხმო); კაცს უყვარს ორი რამ: ხიფათი და სათამაშო, ამიტომაც სჭირდება მას ქალი, როგორც სახიფათო სათამაშო. სათამაშობით კი ვინ თამაშობს? რა თქმა უნდა ბავშვი. ხოდა, დაოჯახების შემდეგ იწყებს კაცი ზუსტად სახიფათო სათამაშოებით გართობას, ხოლო სახლში კი უკვე დიდობანას თამაშობს თავისი მთელი "უდობსტვამი"თ.
ასე, რომ: ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.


ახლა მეტყვით, კი მაგრამ სათაურთან რა კავშირშიაო, კავშირშია და მარტო კავშირში კი არა, თავშიცაა. საბოლოო ჯამში, როგორც ვიცი და მესმის, ზრდასრული ადამიანი იმიტომაა ზრდასრული, რომ ჩამოყალიბებულია, ანუ ზრდა აქვს დასრულებული ფიზიკურად და გონებრივად (ერთდროულად თან!), ჩამოყალიბებულია რა უნდა და როგორ უნდა, საკუთარ ქმდებებს იაზრებს, აჯერებს ფაქტებს, პოზიციები აქვს და ა.შ., ჩამოყალიბებული აქვს მიზანი, პრინციპები, შინაგანი მორალი და ა.შ. როცა რაიმე კამათი, კონფლიქტი ან პრობლემაა, ცდილობს კომპრომისების, გამოსავლის გზების მოძებნას ცივილური ფორმებით და თან თუ ეს ზრდასრული ადამიანი ჭკვიანიცაა (და წესით, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს სიჭკვიანეზე პრეტენზია აქვს და უნდა ჰქოდნეს კიდეც, რამეთუ ზრდასრულობა გამოცდილებასაც გულისხმობს, ანუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არა თეორიულ ცოდნას მხოლოდ), შეუძლია აღიარება იმისა, რაშიც შეცდა და იგივე შეცდომას მეორედ აღარ გაიმეორებს... ახლა მითხარით, რომელი და რამდენი კაცი ან ქალი აღიარებს შეცდომებს? უმეტესობა არა, მითუმეტეს, კაცები იშვიათად... და თან ლიდერობისკენ სწრაფვა ბავშვებში უფრო მაღალი პროცენტულობით გამორჩევა, თან როგორც ცნობილია, ბავშვები უფრო სასტიკებიც არიან... ვერ მიმიხვდით? კარგით, მაშინ გაატარეთ. და როცა ზრდასრულ ადამიანად შევიქმნები მეც და თქვენც, მერე მივალთ (ალბათ მივალთ) დასკვნამდე – თუ რატომ არიან ქალები გათხოვებადე ბავშვები, კაცები კი დაოჯახების შემდეგ უფრო მეტად ბავშვდებიან (თუ მანამდეც ბავშვები არიან ნეტავ? – პათოსს მიმიხვდით? ვერა? ესეც გაატარეთ).

და ბოლოს, ეს როგორც წესი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც ამ წესიდან გავიდნენ და... და გაიზარდნენ?! 

Комментариев нет:

Отправить комментарий