***
უზარმაზარი თაღების ქვეშ გაიარეს. თაღებს საყრდენად, ბერძნული მითოლოგიის ტიტანებივით, მასიური გრანიტის სვეტები შესდგომიან და ქვაში გამოკვეთილი ორნამენტებისა თუ ჩუქურთმების, ადამიანის მსგავსსახიანი ფრთოსნებისა თუ მეომრების სხეულებით, თავად ტიტანებად ქცეულან. მათი მოწითალო ქვიშისფერი შეფერილობა გარშემო ყველაფერს მდიდრულ ელფერს, მაგრამ პირქუშ სახეს აძლევდა. სიმძიმითა და სიძველით გაჟღენთილი ჰაერი მარადისობაში ჩაკარგულ რომელიღაც ზღაპრულ სამყაროს აგონებდა, თუმცა მისთვის ეს არც მიმზიდველი და არც საინტერესო იყო, მითუმეტეს არც დამთრგუნველი. იგი მისდევდა მათ, ვინც უსიტყვოდ ანიშნებდნენ საით უნდა წასულიყო. არადა არ მთავრდებობდა კოლონადა, დერეფანიც უსასრულოდ გაიწელა. ანტიკური ხანისა და შუასაუკუნეების სტილის შეხამება სხვას თავზარს დასცემდა და საკუთარი უსუსურობის შეგრძნების მორევში ჩაითრევდა, შემდეგ კი უფსკრულში ჩასრესდა, მაგრამ არა მას. თითქოს იცოდა, რომ ყველაფერი ეს, ზუსტად იმისთვის იყო შექმნილი, რომ ეგრძნო რაოდენ უსუსურია, ჭიანჭველაა ამ ყველაფერთან შედარებით და, რომ ეს არის რაღაცის ან ვიღაცის ჩაფიქრებული მიზნის მისაღწევი საშუალება, მიზეზი იმისა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა შედეგი.
რა მოხდა მანამდე ვერ იხსენებდა. ახსოვდა მხოლოდ ის, რომ მუსიკას უსმენდა, ისიც კი ვერ გაიხსენა რომელს, მერე კი ვიღაცამ თუ რაღაცამ ხელით ანიშნა მომყევიო და ესეც გაჰყვა. ახლა კი ის ვიღაც წინ მიდიოდა და ისინი კი უკან მიჰყვებოდნენ. აქეთ–იქით კიდევ ორი უცნაური ჩაცმულობისა და სახის მცველი ამოსდგომოდა. მცველები თავად შეარქვა გონებაში, რადგან ამდენი ხნის სიარულის განმავლობაში არცერთ ამ უცნობს სიტყვა არ დასცდენია, რომ ეკითხა ვინ იყვნენ. ასე პირქუშად და შუბლშეკრულები მისდევდნენ გვერდი–გვერდ. წინამძღოლის სახე კი არ დაუნახავს, ან როგორ დაინახავდა?! როცა ხელით ანიშნა გაყოლა, არც კი შეუხედავს სახეზე, მხოლოდ ხელს დაემორჩილა. ამ მორჩიელების გამო საკუთარ თავზე გაბრაზდა: "ვინ მიგდია, რომ ასე ერთი ხელის დაქნევაზე უპატრონო ძაღლივით ავეტორღიალე და გამოვყევი?" ფიქრობდა და ვერ გამოეცნო რა ძალამ უბიძნა ამ მორჩილებისკენ.
ამ ფიქრებში იყო როცა ინსტიქტურად იგრძნო წინამძღოლი და მცველები რომ გაჩერდნენ, თავადაც მექანიკურად შეჩერდა თორემ გამყოლის ზურგს სახით შეასკდებოდა. "ბოდიშით", ამოილუღლუღა უხერხულად, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. "რა არსებები არიან? არც ადამიანებს ჰგვანან და თითქოს ჰგვანან კიდეც... სახეები აქვთ, მაგრამ როგორი? ნაკვთების გარეშე. სხეული აქვთ, მაგრამ თითქოს მათი სხეულის იქით ყველაფერი ჩანს. გამჭირვალეები..."
გაბრიელი და მისი ორი თანამშრომელი უზარმაზარი მუხის ხის კარის წინ გაჩერდნენ. იმან, ვისი მოყვანაც დაევალათ, თითქოს ვერ შეამჩნია ვერც კარი და ვერც ის, რომ ყველა გაჩერდა და რამის სახით შეასკდა გაბრიელის ზურგს. "იდიოტი" გაიფიქრა გაბრიელმა. კარს მიაჩერდა, თითქოს კარის იქითა მხრიდან რაღაცას ელოდა, კარს არც სახელური ჰქონდა, არც კლიტე, არც ბოქლომი, ის ერთი შეხედვით უზარმაზარი ხის გულის მთლიანობას წარმოადგენდა, რომელზედაც ათასნაირი ორნამენტი თუ ჩუქურთმა გამოეყვანა უზადო გემოვნების მქონე ოსტატს. ყოველი ნახჭი ისე იყო მეორესთან დაკავშირებული, ერთ მთლიანობას ქმნიდა და თან ცალკე სიმბოლოს წარმოადგენდა. კარის ცენტრში იწყებოდა სპირალის მსგავსი ხვეული და ნელ–ნელა იზრდებოდა, ვაზისა და მაყვლის ფოთლები ამ სპირალის შუალედებში ოსტატურად ჩაეჩუქურთმებინა შემოქმედს.
კარი უხმაუროდ გაიღო და მეორე მხრიდან გამოვარდნილმა სასიამოვნო სიგრილემ გააოცა, მაგრამ ჯერ ვერაფერი დაინახა, რადგანაც სიგრილის მიუხედავად ისეთი კაშკაშა სინათლე ეცა სახეზე, მოეჩვენა, თითქოს მილიონი პროჟექტორი ერთდროულად მისკენ იყო მომართული და ამ გაუსაძლისმა სხივებმა რამის დააბრმავა კიდეც. თვალებზე ინსტიქტურად ხელი აიფრა და ნახევრად შეაქცია ზურგი. წინამძღოლს გაეცინა, "ნუ გეშინია, არ დაბრმავდები, ჩამოიღე ხელი და შემოდი", ამ სიტყვებით წინ შეუძღვა. მცველები არ შეჰყვნენ, კართან დარჩნენ და სანამ კარი ზურგსუკან მიიხურებოდა, იგრძნო, რომ იქ აღარავინ იყო, თითქოს ჰაერში აორთქლდნენ და არც ყოფილან ორი წამის წინ.
მაინც არ გაკვირვებია. თამამად გადადგა ნაბიჯი. დარბაზის მორთულობა უფრო დამთრგუნავი სიდიადით გამოიყურებოდა ვიდრე კოლონადები. "ეკლექტიკური გარემო" გაიფიქრა, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება არც ამ გროტესკული სიტუაციისთვის და არც გოთურ–ანტიკური არქიტექტურის შედევრებისთვის.
ერთადერთი რამაც მიიქცია მისი ყურადღება უზარმაზარი ქვისგან გამოთლილი მრგვალი მაგიდა და ასევე ქვისგან გამოთლილი რამდენიმე სკამი იყო.
"ეს რა ჯანდაბაა? მრგვალი მაგიდის რაინდების შეკრებაზე მოვხდი?! მეფე არტური–ღა აკლია ამ ყველაფერს და იქნება ერთი დიდი ტრაგი–კომედიური სპექტაკლი, მთვარი გმირი – მე!" გუნებაში ჩაიცინა და თვალებში ირონიის ნაპერწკლები გაუკრთდნენ.
დარბაზში, მის ჩათვლით, ოთხნი იყვნენ. ერთი წინამძღოლი, მეორე მომღიმართვალებიანი, მკერდამდე თეთრწვერებიანი, გაბურძგნულთმიანი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ათლეტური აღნაგობის მოხუცი, რომელიც თავის ასაკთან შედარებით მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ეცვა თეთრი სტიქარის მსგავსი კოჭებამდე მთლიანი რაღაც, რას ეძახდნენ ამ სამოსს ვერაფრით გაიხსენა, ფეხებზე კი – სანდლები. "ვა, ბაბუ?! რა მაგარ ზმანზე ხარ?! რომელი საუკუნის გმირს ანსახიერებ?!" გაიფიქრა და ხუმრობის ხასიათზე დადგა. მესამე კი რაღაც ისეთ სტილში იყო გამოწყობილი, თავიდან ვერაფრით გაერკვია ამ დენდის რა უნდოდა ამ პრეისტორიული ეპოქის დეკორაციებით გაწყობილ სპექტაკლში. "სპექტაკლი... ჰო, ჰო, ზუსტად სეპქტაკლია, თავისი დეკორაციებითა და მსახიობებით.."
დენდი – საშუალო სიმაღლის, სასიამოვნო სახის ადამიანი, შავი ელვარე თვალები, მის მზერაში რაღაც ისეთი შეიმჩნეოდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაიმონებდა, საკუთარ ჭკუაზე ათამაშებდა როგორც მარიონეტს, ოღონდ ისე, რომ მარიონეტი–ადამიანი ამას ვერც კი იგრძნობდა და გააცნობიერებდა. მის გამოხედვაში იყო რაღაც დამცინავიც და ამაზრზენიც, თითქოს გიყურებდა და არც გიყურებდა, სადაც არ უნდა ყოფილიყავი მზერით მაინც მოგწვდებოდა, წამის მეასედში დაგშიფრავდა, დაგშლიდა და აგაწყობდა. "აი, კაცი" გაიფიქრა. "თუ ხარ, ასეთი თვალები უნდა გქონდეს". სახე იდეალურად პროპორციული, ყველა ნაკვთი ისე ჩამოქნილ–გამოძერწილი ჰქონდა, ბერძენ მოქანდაკეებს შეშურდებოდათ. შეუდარებლად გლუვი, ხორბლისფერი სახის კანი, სწორი ცხვირი და მუქი წარბები, ტუჩები დამცინავი, კბილები ჯანსაღი, წაწვეტებული, როგორც მტაცებლის, რძისფერი და ელვარე. თმები შუაზე გაყოფილი, ბზინვარე შავი, თითქოს ახალხან გადაესვა ბრიოლინი. "უბრალოდ შავი... ჰმ, რომელ მსახიობს მახსნებს? აუ, აშკარად ვიღაცას ჰგავს, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ". დენდის ქცევები – მკვირცხლი და ნერვიული, ეს მაშინ შეამჩნია, როდესაც სიგარეტი ამოიღო პორტსიგარიდან. პორტსიგარის სახურავზე ნერვიულად დააკაკუნა და თხელ, გამოყვანილ, ოდნავ წაგრძელებულ თითების ნერვიულ თამაშზე შეატყო, რომ ეს ადამიანი დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა. "სულსწრაფი და ამპარტავანია" გაიფიქრა. თითქოს მისი ფიქრები იგრძნო დენდიმ და გამჭლოლად გამოხედა, მერე თავი დაუქნია, თითქოს ამით ანიშნა, "მესმის, მესმის"–ო და გაიღიმა. უზადოდ შეკერილი თეთრი შარვალ–კოსტუმი სხეულის მოყვანილობას ხაზს უსვამდა. სუსტი აღნაგობის მიღმა დიდი ძალა იგრძნობოდა, არამარტო სულიერი, არამედ ფიზიკური ძალაც. კოსტუმის ქვეშ გახამებული თეთრი პერანგი და ასევე თეთრი, ოქროსფერი სირმებით, მოქარგული ჟილეტი მოუჩანდა, ჟილეტის ჯიბეში ოქროს დიდი ძველებური საათი ჩაედო, რომელიც მსხვილ ასევე ოქროს ძეწკვზე ქოფაკივით მიება. ფეხზე "ოქსფორდები" ეცვა. აი, ფეხსაცმელებმა კი მართლა დაშოკა, "ოქსფორდებზე" ბრილიანტის თვლებით რაღაც ჩახვეული ორნამენტები ანათებდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გადაეხარხარა, "ეს რა ტაკიმასხარაობა? ვის გაუგია ფეხსაცმელების ბრილიანტებით გაწყობა?!" თუმცა მთლიანობაში უცნობმა სასიამოვნო კაცის შთაბეჭდილება დაუტოვა .
-აქ არ ეწევიან– წინამძღოლმა შენიშვნა მისცა დენდის.
თითქოს ვერ გაიგო რაც უთხრეს, ჯიბიდან
ამოიღო, ამოიღო კი არა, თითქოს თავისით ამოძვრა ლათინური S
მონოგრამიანი ვერცხლის სანთებელა და ახლა უკვე მართლა დაინახა თუ როგორ
აინთო ცეცხლი ისე, რომ დენდის არანაირი მოძრაობა არ გაუკეთებია. წვრილ სიგარეტს მოუკიდა და სიამოვნებისგან თვალებმიბნედილმა პირიდან მოთეთრო–რძისფერი რგოლები გამოუშვა. ამის შემდეგ პორტსიგარას თავსახური ისევ ახსნა და მისკენ
გამოიშვირა, უსიტყვოდ შესთავაზა.
– აქ არ ეწევიან – უფრო მკაცრი ხმით უთხრა
წინამძღოლმა, მაგრამ თითქოს ვიღაცამ თუ რაღაცამ შეაჩერა, მეტი აღარაფერი
უთქვამს.
–არა, გმადლობთ – დენდისთვის მიცემული შენიშვნის გამო თქვა უარი, თორემ სიგარეტის მოწევა მასაც ძალიან მოუნდა და შეეცადა
რაც შეიძლება ზრდილობიანად ეთქვა უარი შეთავაზებულზე.
–ახლა გავიცნოთ ერთმანეთი – ისევ წინამძღოლმა
იკისრა პასუხისმგებლობა და გაიღიმა.
–მე გაბრიელი ვარ! ადამიანებზე ზედამხედველობისა
და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.
– ასეთი განყოფილებაც არსებობს?
გაბრიელმა ყურადღება არ მიაქცია დასმულ კითხვას და
გააგრძელა დამხდურების წარდგენა:
–ეს პეტრეა, ალბათ გსმენია მის შესახებ. იგია კლდე ძე ღვთისა...
_ ვიინ?! რა კლდე ვინ პეტრე?.. ერთი პეტრე ვიცი მე...
– ნუ მაწყვეტინებ! პეტრე მოციქულია შენ წინაშე.
პეტრემ თბილად გაუღიმა, მიუახლოვდა, მხრებზე ხელი მოხვია და გადაეხვია:
–კეთილი იყოს შენი აქ მოსვლა და ჩვენი გაცნობა, შვილო ჩემო..
"ვა, მგონი ცუდადაა ჩემი საქმე, ასე აშკარად გალუცინაციები..." – გაიფიქრა და უხეშად მოიშორა პეტრე.
_ ეს კი თავად სატანა – გაბრიელმა ახლა დენდი წაურდგინა .
_ ვიინ? აშკარად მაშაყირებთ ხო?
_ არა, არ გაშაყირებთ, ვოლანდი – ხელი გაუწოდა დენდი–ვოლანდმა.
–ასე უკეთესია, ვოლანდი უცნაური სახელია, მაგრამ სატანას მილიონჯერ ჯობია – ამოისუნთქა შვებით და ხელი მაგრად ჩამოართვა იმით გახარებულმა, რომ ეხუმრებოდნენ და ახლა ეს კომედია შეიძლება მალე დასრულებულიყო და ბოლოს და ბოლოს გაეგო სინამდვილეში ვინ იყვნენ ესენი.
ვოლანდმა გადაიხარხარა :
–არა, მე სატანა ვარ, უბრალოდ ერთმა ჭკვიანმა მწერალმა, ბულგაკოვი გაგიგია? არა ჰომ? ასეც ვიცოდი! ვოლანდის სახელით მომიხსენია და მომეწონა, მას შემდეგ ერთ–ერთ სახელად ვოლანდასაც ვუწოდებ საკუთარ თავს და სხვებიც ასე მეძახიან, ვოლანდი ნაკლებ შემაზრზენად და საშიშად ჟღერს ვიდრე სატანა.
"ისევ მასხრად მიგდებენ, კარგი აგყვებით ამ სპექტაკლში" – ხმამაღლა კი ეს თქვა:
–ვაა, სატანა? არადა მე სხვანაირი მეგონე. კუდი და რქები სად დამალე? აბა ერთი მანახე? – და გარშემო შემოუარა, თითქოს მართლა კუდს ეძებდა და შემდეგ კი თავზე ხელი გადაატარა:
–არაა, აშკარად არც კუდი გაქვს, არც რქები და ჩლიქებს კი ვერ ვნახავ, ფეხსაცმელების გახდას ვერ გთხოვ, უხერხულია.
ვოლანდს მოეწონა მისი სითამამე და იუმორის გრძნობა, გაეცინა და მეგობრულად მხარზე ხელი დაჰკრა.
–არა, მართლა თუ სატანა ხარ, არც ისე საშინელი და საშიში ყოფილხარ, როგორც ამბობენ და წერენ. ჩვეულებრივი ჩემნაირი მოკვდავი ადამიანი ხარ. სამკაპიო, კუპრიო, ეშვებიო, ცეცხლი და ჯოჯოხეთიო.. რას არ იტყვის ადამიანი კაიფში როცაა, იტყვის კი არა, მოელანდება, მერე დაიჯერებს, მერე ამ დაჯერებულს სხვებსაც მოუყვება, თან ისე დამაჯერებლად და მერე სხვებიც აჰყვებიან... კაი, ტიპი ჩანხარ რა... მაგრამ ხუმრობის გარეშე მაინტერესებს ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან, ან საერთოდ სად ვარ? რატომღაც მეეჭვება, რომ ამ შესანიშნავი ეკლიქტიკური არქიტექტურის შედევრის დასათვალიერებლად მომიწვიეთ თუ მომიტაცეთ – ხელით ანიშნა დარბაზზე – ან თქვენი პრეისტორიული არსებობით გაგეკვირვებინეთ – დამცინავი მზერა მიაპყრო გაბრიელსა და პეტრეს – თუ საგიჟეთში ვარ, სხვა საქმეა, არ მოგერიდოთ, პირდაპირ მითხარით, ნუ გამიფრთხილდებით და შემოპარებას ნუ დაიწყებთ, სუსტი ნერვები არ მაქვს... მაგრამ... თუ... მაგრამ ყველაფერს აქვს ახსნა და ამ ახსნას ველი თქვენგან, აღმატებულო საზოგადოებააააავ!!! – ირონიულად და თეატრალურად გაწელა ბოლო სიტყვები.
– მე გაბრიელი, ადამიანების მიერ მთავარანგელოზად წოდებული, ადამიანებზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, პეტრე მოციქული და ეკლესიის მამამთავარია, სატანაზე კი უკვე გითხარი, სატანაა, იგივე ვოლანდი, იგივე ნუ... ამის უამრავ სახელს ნუ ჩამომათვლევინებ...
– ჩემი სტატუსი და თანამდებობა გამოგრჩა – გადაიხარხარა დენდი–ვოლანდმა და აუჩქარებლად დაეშვა ქვის სკამზე, ფეხი–ფეხზე გადაიდო და ქვის მაგიდის კიდეზე სიგარეტის ნამწვავი ჩააქრო.
განრისხებულმა გაბრიელმა შეხედა სატანას, სახეზევე ეწერა, რომ მალე თუ არ განიმუხტებოდა სიტუაცია სატანისა და გაბრიელის ხელჩართულ ჩხუბს იხილავდა დამსწრე საზოგადოება.
– მდიას, გიჟები ხართ ყველანი!!! კარგით, აგყვებით ამაშიც! მაშ ასე, გაბრიელი მთვარანგელოზი ხო? ფრთებით, შარავანდედით და რამე–რუმეებით... თქვენ კი პეტრე, ჰო, გამახსენდა, პეტრე საყვარელი მოწაფე ქრისტესი, მაგრამ მშიშარა... სატანა მარადიული სიბნელე და ბოროტება... მე კი უმწეო ადამიანი, ღმერთის ხატად შექმნილი,ოღონდ იმ ხატად, რომელიც არავის უნახავს თვალით და არავინ იცის ასლი დედანთან სწორია თუ არა, შემდეგ კი ეს თავისი საწყალი ხატი მიუგდო ამ სუბიექტს, რომელსაც სატანას უწოდებთ და... და ერთი მამა ღმერთი–ღა გვაკლია და სრული იდილია იქნება სამყაროსეულ საბჭოში – სარკასტულად შენიშნა ადამიანმა და ეს იყო დროულად,თუმცა ირონიით ნათქვამი, რომელმაც გაბრიელს დაავიწყდა სატანას გამოხტომა და თავისი განრისხება. გაბრიელმა და პავლემ ერთი და იგივე მხარეს ერთდორულად მიატრიალეს თავები და ცარიელ სივრცეს გაოგნებულები მიაშტერდნენ.
სატანამ ვეღარაფერი მოუხერხა თავის ჩვეულ ხარხარს, უკვე გაუჭირდა მისი შეკავება და... ადამიანს ტანზე ჭიანჭველებმა გადაურბინეს. ეს იყო არაადამიანური, არაამქვეყნიური, სიცივის, სინესტისა და სიბნელის ხმა, ხმა გამაყრუებელი ომისა და ნგრევისა, ხმა... ხმა არა ხარხარი... ხარხარი არა გამარჯვებულისა დამარცხებულზე, არამედ განადგურებულზე, ფერფლად ქცეულზე... ხარხარი კოსმიური ქაოსისა... თითქოს ერთდროულად მილიონ მუსიკალურ თეფშს შემოჰკრესო... საყვირებს ჩაჰბერეს ნგრევის, შიმშილის, ომისა და სიკვდილის ანგელოზებმა... ვოლანდი ფეხზე წამოდგა, ხელები მლოცველივით ზევით აღმართა, ნელა დაიწყო ტრიალი, ხარხარებდა და თან ამ ხარხარში უცნაურ ბგერებად დაშლილი სიტყვები ისმოდა:
– უუუ ფ ა ლ ოოოო!!! ეს... ეეეეს... არსება არის შენი.... ხატი... შენი შექმნილი ... ხოდა დასტკბი...მიისი...სს...
ადამიანს ერთდროულად მეტყველებისა და მოძრაობის უნარი წაერთვა და გრძნობდა, რომ ამ ხმას, ამ ხარხარს, ამ ბგერებს მისი სმენა და მისი გონება ვეღარ გაუძლებდა, გრძნობდა, რომ მალე გონება დაებინდებოდა...
_გაჩუმდი – გაისმა ხმა და ამ ხმამ ძალა დაუბრუნა, თვალებში გამოახედა, ცნობიერებაზე თანდათან მოიყვანა და აკანკალებული ხელის ზურგით ცივი ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა. იმ მხარეს გაიხედა, საიდანაც ხმა მოესმა. ჰაერში სილუეტი გამოიკვეთა, ჯერ წყლისმსგავსი გამჭირვალე, შემდეგ რძისფერ ღრუბელს დაემსგავსა და თანდათანობით ადამიანის ფორმა გამოიძერწა არაფრისგან.
***
–წყალი დალიე – მიაწოდა ჭიქით წყალი შემოქმედმა – შენ კი აქ არ გაგივა შენებური საქციელი, ნუ გავიწყდება სად ხარ და რატომ დაგიძახეს – მიუბრუნდა ვოლანდს.
– მომიტევეთ ჩემი უნებური თავშეუკავებლობა, ვეცდები აღარ შეგაწუხოთ მსგავსი გამოხტომებით – ირონიულად ჩაიღიმა ვოლანდმა.
შემოქმედმა პირქუშად შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, სათქმელი მისმა მზერამ თქვა.
ვოლანდი აწრიალდა და ზურგი შეაქცია.
ადამიანმა წყალი მოსვა და შვებით ამოისუნთქა. ამ წყალმა ძალაც შემატა, ნებაც დაუბრუნა და წყურვილიც მოუკლა. ჭიქა ქვის მაგიდაზე დადგა და ახლა–ღა მოახერხა შეეთვალიერებინა ის, ვინც ჰაერიდან იქცა ადამიანად. მაღალი, ხმელი აღნაგობის, მოგრძო პირისახის, თოვლივით თეთრი გრძელი თმა–წვერის კაცი იდგა მის წინ. თეთრი ფერის გრძელი, მთლიანი, უნაკერო კვართი ეცვა. ხელებს თითების წვერებამდე სახელოები უფარავდა. იდგა და მას უყურებდა. მისი მზერა რაღაცნაირ განწყობას უქმნიდა, თითქოს ტირილი მოუნდა, მაგრამ ეს არ იყო მწუხარებისგან გამოწვეული, უფრო რაღაც სხვა იყო. ვერ გაერკვია. იცოდა, თუ ახლა იტირებდა, ყველაფრისგან გათავისუფლდებოდა, გათავისუფლდებოდა სხეულისგან, ტვირთისგან, იმ ყოველდღიურობისგან, რომელიც სადღაც შორიდან, დედამიწიდან წამოეღო, ფიქრისგან, პრობლემებისგან... მაგრამ თავი შეიკავა, ტირილი ხომ მისთვის მიუღებელი იყო? მხოლოდ ერთხელ იტირა, ოღონდ აღარ ახსოვდა ეს "ერთხელ" როდის და რის გამო მოხდა.
– ვინ ხარ? – ეს კითხვა უფრო იმის გამო დასვა, რომ ტირილის გრძნობა ჩაეკლა თავის თავში, ვიდრე იმის გამო, რომ სინამდვილეში აინტერესებდა მისი ვინაობა.
– ვინ ხარ? –გაიმეორა კითხვა, თუმცა შიგნით რაღაც ყრუდ ეუბნებოდა, რომ ოდესღაც უკვე ენახა, შეხვედროდა მას. ძალიან ნაცნობი და მშობლიური იყო ეს ხმა, მაგრამ ამავდროს ძალიან შორეული, სადღაც ღრმად, გალიაში ჩაკეტილი და მივიწყებული. ეს ხმა ეუბნებოდა რომ მის წინ ვინც იდგა, იყო ძალიან ახლობელი, მისი ნაწილი, მისი სული სულთაგანი და ხორცი ხორცთანგანი, და იყო ის... ის... ვერ იხსენებდა, ვერ ახერხებდა წარსულის ლაბირინთებში გზის გაკვლევას. ლამის წამოიყვირა – მამაა.. მა... მამა!!! მაგრამ იცოდა, რომ ის არ იყო მამა, თუმცა იქნებ იყო კიდეც?!. გაორებული გრძნობა დაეუფლა, უნდოდა გაქცეულიყო და დამალულიყო, უნდოდა დაეფარა ფიქრები, აზრები, ცხოვრება. იდგა და გრძნობდა, რომ ნელ–ნელა ხედავდა საკუთარ სიშიშვლესა და უძლურებას იმის წინაშე, ვინც ასე მდუმარედ შესცქეროდა სევდიანდ და სინანულით, თბილად, მამობრივი სიყვარულით... უნდოდა მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და ეყვირა: – არა, ნუ მიყურებ ასე, მე არა.. არ ვარ მკვლელი, ქურდი... არაფერი დამიშავებია!!! _ მაგრამ ვერ იგონებდა, თუ რა დააშავა ან როდის? ან რატომ უნდოდა პატიება ეთხოვა ქურდობისა და მკვლელობისთვის, რომელიც არასდროს ჩაუდენია.
–ვინ ხარ? რა გქვია?
– რაისთვის იკითხავ სახელსა ჩემსა?
***
ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას.
22. და აღდგა მას ღამესა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი თჳსნი რა ორნი მჴევალნი და ათორმეტნი ძენი მისნი და წიაღმოჴდა წიაღმოსლვასა მას რაბოკისასა და წარმოიყუანნა იგინი.
23. და წიაღმოჴდა ნაღუარევსა მას და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რა-ცა იყო მისი.
24. და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.
25. და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.
26. და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.
27. და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.
28. და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო.
29. ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.
30. და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი".
31. და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით.
***
და იყო უკუნი ღამე იორდანიის უდაბურ მიდამოებში და დაბანაკებულიყო იაკობი თავისი სახლეურობით, მოჯამაგირეებით, მონებითა და მხევლებით მთის ძირას. და იყო მისი პირუტყვი აურაცხელი, როგორც ზღვა. სამოცდაჩვიდმეტი კარავი გაეშალათ. და ათ კარავში ეძინათ იაკობის ცოლებსა და შვილებს, დანარჩენებში მხევლებს, მონებსა და მოჯამაგირეებს. ცალკე კარავი დაედგა თავისთვის ამ მომთაბარეთა მეთაურს. ადგა იაკობი და გამოვიდა გარეთ, შეხედა ცას და იხილა ცაში უამრავი ვარსკვლავი. "ნეტავ რა ხდება ცის მიღმა?! ...და ამდენი ვარსკვლავი წინაპრები არიან ჩემნი, და თითოეული ვარსკვლავი ჩემი წინაპრის სულია. ისინი დამყურებენ მე და ამაყობენ ჩემით, ჩემი სიმდიდრით, შვილებით, ცოლებით, ჩემი პატიოსნებითა და გამჭრიახობით, ჩემი მორჩილებით და.. მაგრამ მე კი ვარ კმაყოფილი? ვარ კი მართლა ის, ვინც ვარ? იქნებ არც ვარ? იქნებ სიცრუეა ყველაფერი, რასაც მე ვხედავ? იქნებ მატყუებენ ჩემი თვალები და არაფერი არ მაქვს? იქნებ მძინავს და არც ცოლები მყვანან, არც შვილები და არც მდიდარი ვარ? და ვინ ვიყავი მე? ძე ისააკისა, ტყუპისცალი ესაავისა, რომელმაც მოტყუებით მიიღო კურთხევა მამისგან და შემდეგ ლტოლვილი საკუთარი სახლიდან, განრისხებული მამისგან და ძმისგან ქცეული? შეფარებული სხვის კერას და მოჯამაგირედ დამდგარი? ან დავიბადე კი საერთოდ?! მიწოდეს კი იაკობი? იქნებ ეს ყველაფერი წამია, რომელიც განთიადის წინ ეზმანება ადამიანს? ვინ ვარ? ღმერთო! სად ხარ? ვინ ვარ მითხარი! ან შენ ვინ ხარ? სად ხარ? ვერ გიხილეს ჩემმა თვალებმა შენ და მუდამ ასე იქნება, ვერასდროს გიხილავ, რამეთუ არც მამას ჩემსას, არც პაპას ჩემსას, არ პაპის პაპას ჩემსას არ უხულავხარ ხილულად..."
ამ ფიქრებისგან გამოარკვია გზაზე მომავალმა კაცმა. იაკობი ბანაკიდან შორს გამოეტყუებინა ფიქრებს. უცნობი კი მოდიოდა ამ მრუმე ღამეში და თითქოს თან მოჰქონდა იორდანიის უდაბნოს სიმძიმე. მოდიოდა დინჯად, უდაბნოსავით მდუმარე. ფეხს მყარად ადგამდა ქვიშაზე. მოდიოდა და თითოქს მასთან ერთად მთებიც წამომართულიყვნენ და ერთგული სპასავით გვერდი–გვერდ მოჰყვებოდნენ.
"ვინ არის? ამ შუაღამისას მარტო რას დაეხეტება ამ უდაბურ ადგილას? იქნებ ჯაშუშია? უცხო ტომელი და ავაზაკი? მოდის, რათა ჯერ დაზვეროს, შემდეგ კი ... ან იქნებ ესაავმა იცვალა აზრი და ახლა უნდა, მიხმოს თავისთან? ან იქნებ..?"
– ეჰეჰეი? შენ ადამიანო, ვინ ხარ და რას დაეხეტები ამ შუღამისას? – გასძახა უცნობს.
ის კი მოდიოდა მძიმედ, უპასუხოდ და ჩაფიქრებული.
– ვინ ხარ?! მითხარი სახელი შენი! მტერი ხარ თუ მოკეთე – გაბრაზება მოერია და ხმას აუწია იაკობმა.
კაცი კი მოდიოდა აუჩქარებლად და უტყვად. აჰა, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და იაკობის წინ გაჩერდა.
– შემერკინე – უბრძანა უცნობმა.
– რა გინდა? რატომ უნდა შეგერკინო?
– შემერკინე! – მკაცრად უბრძანა უცნობმა.
–არ მინდა. შენთვის არ მცალია, გამეცალე თუ მტრად მოხველ, ხოლო თუ მოყვარად ან თუ მგზავრი ხარ, გაიზიარე ჩემი კარავი, აქვე მაქვს ბანაკი, მოისვენე და შემდეგ მზის ამოსვლისას წადი შენი გზით – კეთილად მიუგო იაკობმა.
– შემერკინე – მიუგო მესამედ და მხარზე მძლავრად მოჰკიდა ხელი. უცნობის ხელმა მხარი დასწვა. თითქოს მთელი ქვეყნიერების ძალა და სიმძიმე უცნობის ხელში ჩაბუდებულიყო და იაკობმა ტკივილსგან და სიმძიმისგან ცალ მუხლზე დაიჩოქა. გაბრაზდა, ნებისყოფა მოიკრიბა და...
მთელი ღამე ეჭიდებოდნენ იაკობი და უცნობი. იაკობს ძალა მიეცა. ხან უცნობი სძლევდა იაკობს და ხან იაკობი უცნობს, მათი შერკინების ადგილას ღრმა ორმომ მშიერი ტურასავით დააღო ხახა. მრუმე სიბნელეს უფრო მეტად ამუქებდა შერკინებისგან ჰაერში ავარდნილი ქარი და ქარს აყოლილი ქვიშა... იაკობს თანდათან ძალა ეცლებოდა, უცნობმა ტოტივით მოიქნია იგი და იაკობის ზურგზე დაცემის ხმა ძვლებით სავსე ტომარის ჩხარუნივით შეუერთდა სივრცეს. არ დაახანა იაკობმა, სიბრაზისგან თვალდაბინდული, ტკივილშეუგრძნობი წამოვარდა ფეხზე და ხარივით აბღავლებული გაექანა უცნობისკენ, წელში შეუვარდა და... უცნობის ძირს დაცემამ მთები შეაზანზარა. ოფლად იღვრებოდა იაკობი, მისი კვართი უკვე დიდი ხანია ნაფლეთებად იქცა. უცნობის სამოსს კი ერთი განარღვევიც არ ემჩნეოდა.
იაკობის წითურ პირისახეს დიდი ხანია მუქი ალისფერი დაუფლებოდა. განრისხდა იგი, რამეთუ, მისი სახელი იყო მძლეველი და ვერ ეგუებოდა დამარცხებას. "მე ვარ ის, ვინც დაგამარცხებს შენ!" მოეჭიდა და კიდევ ერთხელ ბეჭებზე დასცა უცნობი... იაკობი უცნობს ზედ დაეცა. მძიმედ სუნთქვდა. გადატრიალდა ზურგზე, ესიამოვნა იარდანიის ხავერდოვანი ქვიშის სიგრილე. თვალები დახუჭა. არაფერზე აღარ ფიქრობდა. უნდოდა ეს ბრძოლა შეწყვეტილიყო, დასრულებულიყო. ის კი ასე წოლილიყო, თვალებდახუჭული, დაღლილი, ძალა გამოცლილი და ნება დათრგუნული.
–დამმორჩილდი – თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო – დამმორჩილდი და აღიარე ჩემი ძალა, ჩემი სიძლიერე – უთხრა ფეხზე წამოდგარმა უცნობმა.
იაკობმა თვალები მძიმედ აახილა – არასოდეს... არასოდეს... მე ვარ მძლეველი, მე ვარ ძე ისააკისა, ძე აბრაამისა, ძე სემისა, ძე ნოესი.. ძე...
– ვინც არ უნდა იყო და ვინც არ უნდა იყვნენ შენი მამები, დამმორჩილდი და აღიარე ჩემი სიძლიერე...
– არასოდეს, მე ვარ... – წამოდგომას შეეცადა – ძე ისააკისა – ხელებზე დაეყრდნო – ძე აბრაამისა – ცალ მუხლს დაეყრდნო – ძე ნოესი – მეორე მუხლი მიაშველა – ძე საულისა – ორივე ფეხზე მყარად დადგა და გაექანა უცნობისკენ – და ვუხმობ ჩემი წინაპრების სულებს, რომლებიც ახლა ციდან დაგვყურებენ და მე შენ დაგამარცხებ! – გამოსცრა კბილებშუა ეს სიტყვები და ისევ წელში შეუვარდა უცნობს. უცნობმა თავი ვერ შეიკავა, წაბარბაცდა, წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელი წაავლო იაკობის ბარძაყს და... იაკობმა იგრძნო თუ როგორ დაუბუჟდა ბარძაყი, დაბუჟება ნელ–ნელა მოედო მთლიან ფეხს. გაუხევდა, თითქოს ხესავით ფესვები გაიდგა მიწაში... და გაქვავდა იაკობი – მე ვარ ჩემი წინაპრების სული და მე შენ დაგამარცხებ – შეპყრობილივით იმეორებდა ამ სიტყვებს, ხელები კი წელზე გველებივით შემოეჭდო უცნობისთვის და კბილებით მტაცებელივით ჩაფრენოდა მის მხარს... სებორკილი ვერ გრძნობდა მის კბილებს, უხორცოსავით უგრძნობი იყო და ტკივილი არ ეხებოდა მას. იაკობს მოეჩვენა, რომ დრო გაჩერდა, მარადიულად გაგრძელდა შერკინება და ეს არასდროს დასრულდებოდა, არც ახლა არც მომავალში და არც არასდროს დაწყებულა, არამედ ყოველთვის ასე ერკინებოდნენ ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ მანადე, ვიდრე მისი მაამების ღმერთი შექმნიდა სამყაროს... მაგრამ იაკობი ცდებოდა, რადგან დრო მიდიოდა, არასდროს ჩერდებოდა, დროს თავისი წესი და განრიგი ჰქონდა და ის არც იაკობის და არც უცნობის გამო არ შეჩერდებოდა. "წიკ–ტაკ, წიკ –ტაკ" ჩურჩულებდა შარაგზაზე მიმავალი დრო, სულ არ ანაღვლებდა მათი ბრძოლა, მათი დაღლა, მათი ამბავი. "წიკ–ტაკ" მიაბიჯებდა იგი, რადგან სხვაგვარად არც შეეძლო, მისი გაჩენის წამიდან ასე უნდა ევლო, სანამ არ დასრულდებოდა გზა. წიკ–ტაკ – მაშინაც ასე მიდიოდა, როცა ადამი დაეუფლა ევას. წიკ ტაკ– და აბელის სისხლი დაიღვარა ლიბანის ნაყოფიერ მიწაზე... წიკ ტაკ – და კაენს შუბზე ცოდვის ნიშანი ამოშანთეს... მას ეს არ ეხებოდა... მიდიოდა იგი გზაზე "წიკ–ტაკ"... და იშვა სეითი... დრო მიუყვებოდა შარა გზას... წიკ–ტაკ.. და ნოემ იგემა ღვინო. დრომ გვერდით ჩაუარა, არც უხილავს მისი სიშიშვლე, და იხილა ქამმა სიშიშვლე მამისა და დასცინა... არ გაუგონია დროს დაცინვა, არც ის გაუგონია თუ როგორ დასწყევლა მამამ შვილი და როგორ აკურთხა პატრიარქმა ძე თვისი სემი და ქანაანი დაუმონა მას... წიკ–ტაკ, წიკ–ტაკ.. და პირველი სხივი ამოიწვერა იორდანიის უდაბნოსა და ჰორიზონტის სარეცელზე და იხილა ცისკარმა შერკინება უცნობისა და იაკობისა...წიკ... წიკ.. წიკ...
– ახლა წავალ მე– თქვა უცნობმა და შეტრიალდა.
–შეჩერდი – სახელოში წაავლო ცალმუხლზე დაჩოწილმა იაკობმა – არ წახვიდე... არ გაგიშვებ სანამ არ მაკურთხებ.
უცნობი არც შემოტრიალებულა ისე ჰკითხა – რა არის სახელი შენი?
–იაკობი.
–არა, შენი სახელი იაკობი არაა, შენი სახელი ამიერიდან ისრაელია და ამ წამიდან შენ ღმერთის ტოლი ხარ და ადამიანების მოდგმას განამრავლებ, ადამიანებზე ძლიერი იქნები აწ და მარადის...
–და შენ? შენ ვინ ხარ? რა გქვია?
– რაისთვის იკითხავ სახელსა ჩემსა?
Комментариев нет:
Отправить комментарий