четверг, 14 июня 2012 г.

პლაგიატია ადამიანი?! I თავი

L. plagiatus მოტაცებული

ოფიციალური განმარტებით კი:

ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისება; თავის ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის დაუსახელებლად.
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]


–შემოქმედო, თქვენთან ადამიანებზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსია, შემოვუშვა? –  დაუკაკუნებლად  შეაღო კარი თანაშემწემ.
– ისევ?– გაიკვირვა უზარმაზარ წიგნში თავჩარგულმა – ახლა რაღა მოხდა?
– როგორც ამბობს, სასწრაფო და მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი და თქვენს გარეშე ამის გადაწყვეტას ვერ მოახერხებს. უფლებამოსილება არ აქვს, ხომ იცით?– დაამატა თავის მხრივ თანაშემწემ.
–კარგი, შემოვიდეს, ოღონდ... მოიცა... 5 წუთი მაცადეთ ბოლო აბზაცსაც ჩავამთავრებ, ისედაც ვაპირებდი მის გამოძახებას, ოღონდაც იმდენად მნიშვნელოვანი არ მეჩვენა,ის რაზეც მინდა დაველაპარაკო, რომ ასე დილაადრიან დამებარებინა.
–კარგით – კარი გაიხურა თანაშემწემ.
არც წიგნის კითხვა და ბოლო აბზაცის ჩამთავრება გაუგრძელებია და არც შეკრული შუბლი გაუხსნია, ფიქრებში წავიდა.
"რა ვუყო ამ მოდგმას? ადამიანები...ჰმ..." არსებობის მაძილზე პირველად არ იყო, როდესაც თავის განხორციელებული ჩანაფიქრის მართებულობაში დაეჭვებულა, მაგრამ ყოველთვის უკუაგდებდა ამ ფიქრს, რადგან რწმენა და ეჭვი ერთად არასდროს თავსდებოდნენ, ეს მას არ ახასიათებდა. მძიმედ წამოდგა და გამჭირვალე სივრცეს გახედა.
"რა სილამაზეა" – გაიფქრა და ჩაიღიმა – "როგორც ყოველთვის, პატარა ბავშვებივით იქცევიან". პატარა ბავშვები უყვარდა. როცა რამეს აშავებდნენ ვერ უწყრებოდა, თუმცა იცოდა, რომ აუცილებელია სიმკაცრე, ამიტომაც ჩამოაყალიბა ის განყოფილება, რომლის უფროსიც ახლა კარს იქით ელოდა. 
–შემოუშვი– გაიფიქრა და კარიც გაიღო.
ახალგაზდული იერსახის ოფიციალურ სამუშო სამოსში გამოწყობილი განყოფილების უფროსი მაგიდას უხმაუროდ მოუახლოვდა .
–დაჯექი და მითხარი ამ დილაადრიან რამ შეგაფიქრიანა? – გაუღიმა, მისი ეს ღიმილი იმის მაჩვენებელი იყო, რომ მზად იყო მშვიდად მოესმინა ყველაზე საშინელი ამბავიც კი.
– შემოქმედო, არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ...
–საიდანაც გინდა იქიდან დაიწყე, უფრო სწორედ საიდანაც თვლი საჭიროდ იქიდან მოყევი რა ხდება დედამიწაზე.
– დედამიწაზე რა უნდა ხდებოდეს რაც მისი შექმნის დღიდან არ ხდებოდა?
– შექმნის დღიდან? – გაიცინა.
– უკაცრავად, სულ მავიწყდება, რომ შექმნის დღიდან რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში დედამიწა ყველაზე მშვიდი, წყნარი და ლამაზი ადგილი იყო, მაგრამ...– შეყოყმანდა, არ უნდოდა ეთქვა ის, რაც გაიფიქრა.
–მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამის მოდგმა გაჩნდა იქ და შემდეგ გამრავლდა, ყველაფერი შეიცვალა, არა?! – გაახმოვანა მისი ფიქრები.
–ასეა, სამწუხაროდ... – თავი ჩაღუნა განყოფილების უფროსმა.
–მოდი აქ – და როდესაც განყოფილების უფროსი მის გვერდით დადგა დედამიწისკენ მიუთითა – დღესაც ისეთივე მშვენიერია, როდესაც მაშინ,როცა ვქმნიდი და ბოლო მონახაზი მოვხაზე, სრულყოფილია იგი, რამეთუ მასში დევს ჩემი მთელი შემოქმედება, და იცი რატომ? ის არ დამისრულებია, უბრალოდ ბოლო მონახაზი მოვხაზე მხოლოდ... შემდეგ კი ვთქვი, სრულყოფილება არ სრულდება, სრულყოფილებას არ აქვს დასასრული...
– კი, ვიცი, მაგრამ... – ისევ არ დაასრულა სიტყვა.
–მაგრამ ადამიანებს არ ესმით ეს, არა? – ისევ თბილი და კეთილი თვალებით გაიღიმა შემოქმედმა– მოდი, ის მითხარი ახლა რაღა დააშავა ადამის მოდგმამ?
– რა უნდა დაეშავებინათ? როგორც ყოველთვის ისევ ის, რაც მათი შექმნიდან მოსდგამთ, თქვენ გპარავენ იდეებსაც და თავად თქვენს თავსაც კი..
–მერე? ამის გამო იყო რომ მოვარდი და გული გამიხეთქე? შე კაცო, დაგეცადა ჯერ, ყავას მაინც დავლევდი, გამოვფხიზლდებოდი, ინფორმაციას გადავხედავდი, წიგნს წავიკითხავდი, მათ აზრებს გავეცნობოდი და მერე დაწყნარებულზე დინჯად დავსხდებოდით და ვისაუბრებდით ისევ იმაზე, რაც მათ შექმნის დღიდან მოსდგამთ – გაეხუმრა და დაამატა – თან ეგ მე არ მაღელვებს და შენ ასე რატომ განიცდი?
–ახლა უფრო უარესადაა საქმე, შემოქმედო და მაგიტომ...– თავი ჩაღუნა განყოფილების უფროსმა, უნდოდა ხუმრობით ნათქვამი შენიშვნის გამო თვალებზე მომდგარი ცრემლი და სახეზე მოწოლილი სიწითლე დაემალა.
–კარგი, კარგი, ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ ვერც შენ და ვერც ისინი – თავი გაიქნია იქითკენ, სადაც დედამიწა ეგულებოდა, შესაბამისად, ადამიანები ცხოვრობდნენ – არ გინდა ახლა ცრემლები და გაწითლება. ვიცი მძიმე სამუშაო გაქვს და რთული კონტიგენტი გაბარია. ხანდახან ვფიქრობ, დამსახურებულ პენსიაზე ხომ არ გაგიშვა სადმე სამოთხეში? მოვალ მერე შენთან და ვისაუბროთ ბებრულად, ჩვენებურად – გადაიხარხარა შემოქმედმა, "ბებრულად" სპეციალურად ახსენა, ამით დროს უსვამდა ხაზს, დროს და მის სვლას. ასეთი ხუმრობა კი განყოფილების უფროსთან და თანაშემწესთან ძალიან უყვარდა, თუმცა ეს ხუმრობა თანაშემწეს არ ესმოდა რატომღაც.
–სამოთხე აღარ გამაგონოთ, მაქედან დაიწყო ყველაფერი – შესცინა განყოფილების უფროსმა – ახლა კი სეროზულად, დიდი ხანია იცით, რომ ადამიანებმა პროგრესს მხოლოდ ტექნიკური კუთხით მიაღწიეს და ხელოვნური ინტელექტების შექმნაც კი დაიწყეს,თუმცა მხოლოდ აქ არ მიუღწევიათ პროგრესისთვის, გენური ინჟინერიაც, ანუ მედიცინაშიც საკმაოდ წარმატებული წინსვლები აქვთ. რასაც ქვია, ბევრი რამ გაიგეს, მაგრამ მაინც ისეთი ველურები დარჩნენ, როგორც მაშინ, პირველყოფილები რომ იყვნენ და შიშვლები დაძრომიალობდნენ ხეებზე...
ეს შედარება შემოქმედს არ მოეწონა და შუბლი შეკრა – ისინი ველურებად არ შემიქმნია.
– ვიცი, შემოქმედო, ისინი ხატად შენად შექმენი – სწრაფად მიუგო განყოფილების უფროსმა – მაგრამ ეს ხატად შექმნა (არ ვიცი რატომ), არ იმშნოვეს თუ ვერ ან არ გაიგეს, ძნელი გამოსაცნობია. ერთადერთი მოდგმაა ცოცხალი არსებებიდან, რომელსაც ერთი ცუდი ჩვევა აქვს, მერყევები არიან როგორც რწმენაში, ისე ჭეშმარიტების შეცნობაში. ამის გამოა ზუსტად სირთულე რომ გვექმნება, გავარკვიოთ რა უნდათ საერთოდ და რისკენ ისწრაფვიან, იმდენად სწრაფად ეცვლებათ სურვილებიც და პოზიციებიც, რომ...
– ჰოოო, არადა ზუსტად ეგ არ უნდა ჰქონდეთ, რაც არის არის – ხელი ჩაიქნია შემოქმედმა – ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ მიზეზს, აქ მოსვლა რამ გადაგაწყვეტინა?
–მოკლედ, ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ იმ დონემდე არაა განვითარებული, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ფიქრი, თუმცა ადამიანები ცდილობენ ამაშიც კი გაგიტოლდნენ და შექმნან ისეთი ინტელექტი, რომელიც ყველაფერს დამოუკიდებლად გააკეთებს და იფიქრებს კიდეც და თან ადამიანების მაგივრად. 
–ანუ ტექნოკრატია უნდათ?
–თავადაც არ იციან რა უნდათ, ამ "კრატიებ"–მა კი საერთოდ გადარია ადამიანების მოდგმა და მარტო "კრატიებ"–მა კი არა "ისტებ–მა, "იზმებ"–მა და რაღაც უაზრობებმა კიდევ. ეგ ჩვენ არ ჩაგვიდია მათ ბუნებაში და საიდან გადაიღეს არ ვიცით...
–მე ვიცი სამაგიეროდ – ისევ ხელი ჩაიქნია მან – მაგათ ენაზე რა ეწოდება სხვისი აზრების, შემოქმედებისა თუ მიღწევების მითვისებას?
–პლაგიატი.
–ჰო, პლაგიატორები არიან ეგენი და თავადაც პლაგიატი სხვის მიერ....
– კი მაგრამ ეგ ჩვენთან არაა და საიდანღაც ხომ უნდა აეღოთ?
–გავიწყდება, რომ შენ გყავს "ძმებიც" და ერთი მათგანიც ერთ–ერთი განყოფილების უფროსია.
–ეგ რომელი? 
–ადამიანების ენაზე მისი სახელი გამოითქმის როგორც ვოლანდი, სატანა..
–აჰ..
–ის კი იცი, სადაც არის და რატომაც არის და ისიც იცი, რომ მისი პატივმოყვარების გამოა ბევრი რამ უკუღმა რომ მოხდა, ხდება და...
– კი მაგრამ მისი განყოფილება ხომ არალეგიტიმურია?
– რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ ფუნქციონირებს და თავის საქმესაც აკეთებს, ისე, დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტი ზუსტი ასლია ამ ყველაფრის – ჩაიღიმა შემოქმედმა – მოკლედ, ნუ გავიწყდება, რომ ვოლანდი ადამიანების გამოცდებისა და ატესტაციის განყოფილების უფროსია.
– ეგ სულ დამავიწყდა. მაშ, ეს ყველაფერი მაგ განყოფილების..
–კი, მაგ განყოფილების – არ დაამთავრებინა სიტყვა.
–მოკლედ, ახლა მარტო მე და შენ  ვსაუბრობთ ამ თემაზე და ისედაც ვიცი რაც უნდა მითხრა, თუ გინდა მე გეტყვი შენ სათქმელს – გაიცინა შემოქმედმა. განყოფილების უფროსი ისევ გაწითლდა.
–მაშ როგორ მოვიქცე? მარტო მე ვეღარ ვუმკლავდები ვეღარც განყოფილებას და ვეღაც.. – ჩაფიქრებულმა გააგრძელა – განყოფილების თანამშრომლები უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, აღარ შეუძლიათ და აღარც სურვილი აქვთ ადამიანების საქციელზე პასუხი აგონ.
–ასე შევთანხდეთ, მოვიწვიოთ კრება. სამივე მხარის წარმომადგენლებს შევკრებ და იქ ვნახოთ ვინ რას იტყვის და რამდენად დამაჯერებლად.
– ოღონდ ეგ არა – სასო წარეკვეთა განყოფილების უფროსს.
შემოქმედმა ხმამაღლა გადაიხარხარა – შენ უფრო რომლის გეშინია? ადამიანების გამოცდებისა და ატესტაციის განყოფილების უფროსისა თუ? – გამომცდელი, გამჭოლი მზერით შეხედა განყოფილების უფროსს და ისევ ალალად გადაიხარხარა.
– ადამიანების – ჩუმად ჩაიჩურჩულა განყოფილების უფროსმა – ეგენი ვოლანდსაც კი დააბნევენ, უფალო.
– ხოდა ძალიან კარგი, ცოტას გავხალისდები მაინც.

***

–შესაფერისი გარემოა – კმაყოფილმა დაუქნია თავი თანაშემწეს – ყოველთვის იცოდი როგორ უნდა გემოქმედა როცა ადამიანებს ეხება საქმე, თუმცა, შენ ხომ ადამიანი იყავი ერთ დროს? ადამიანი თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით. მიტომაც იყო, რომ შენ აგირჩია კლდედ, სახელსაც ამართლებ და ადამიანის ბუნებსაც – გაიცინა შემოქმედმა.
–მამლის ყივილსა და პავლესთან უთანხმობას არ მივიწყებთ ისევ ხომ? – გაბრაზდა თანშემწე – რით ვერ დაივიწყეთ. თან პავლეს რაც შეეხება... არ ღირს ამაზე ახლა საუბარი. ეგ ძველი და დავიწყებული ამბავია უკვე.
–არაფერი მიეცემა დავიწყებას, ჩემო პეტრე, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ეს შენი ნაკლი იყო მაშინ, უბრალოდ  სხვანაირად არც შეგეძლო მოქცევა და ცხოვრება, სამაგიეროდ მაშინდელ გამოცდილებას ახლა აქაც იყენებ და თან საუკეთესოდ. შენ უფრო ახლოს ხარ ადამინებთან ვიდრე მე.. ისინი დამშორდნენ მე... – სინანულით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები.
–არც მასეა საქმე, ადამიანები რომც დაგშორდნენ, შენს გარეშე მაინც ვერ იარსებებენ. სხვათაშორის, იმ დღეს ერთი ცნობილი მხატვარი ყვებოდა (მერამდენედ უკვე თვლაც კი ამერია) ერთ ნამდვილ ამბავს.
– რომელს? ესპანეთში ათეისტის ფანატიკოსობაზე? ოჰ, დალი, დალი... შეშლილი ადამიანი იყო და შეშლილად დარჩა ბოლომდე. ხანდახან ვფიქრობ კიდეც, აქაურობა ზედმეტად მოსაწყენი ადგილი ხომ არაა  მისთვის? იქნებ სჯობს ცოტა ხნით გაგვეშვა მისთვის შესაფერის ადგილზე? ჰა, რას ფიქრობ შენ?
–ეგ აქედან წამსვლელი აღარსადაა, იმაზე უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ეგონა, მიუხედავად იმისა რომ... მოკლედ, გინდათ მოგიყვეთ ესპანელ ჯარისკაცზე?
–კარგი, მოყევი, შენ თუ ბოლომდე არ გაცალე რამის მოყოლა, სულ ერთი და იგივეს დაუტრიალდები – ხელი ჩაიქნია შემოქმედმა – ამდენი წელია აქ ხარ, წესით, უნდა დაგვიწყებოდა ადამიანური გამოხტომები, მაგრამ როგორც ჩანს, ხანდახან ადამიანებსაც გაქვთ ჭეშმარიტების ლაკონური გადმოცემის უნარი – როგორ ამბობენ ადამიანები? ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო? – გადაიხარხარა შემოქმედმა და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა – თუმცა ზოგიერთ ჩვევას აქ მაინც დაივიწყებდი, სხვა გზა არ გქონდა.
ბოლო სიტყვები თითქოს არც გაუგონია, ისე დაიწყო ამბის მოყოლა პეტრემ, მაგრამ გულზე კი მწარედ მოხვდა – ესპანეთის რევოლუციის ამბები რომ მოხდა კი იცით თქვენ ეგ. ხოდა რამდენიმე დღე რომ გასტანა მაგ ვაკქანალიამ კატალონიაში ეგეც ცნობილია, მაგრამ წვრილმანი დეტალები არ გეცოდინებათ, რადგან როდის იყო, შემოქმედი ჭიანჭველების ბედით ინტერესდებოდა? თან თქვენს ყურადღებას ხომ მხოლოდ ერთეულები და ისიც რჩეულები იპყრობენ და არა ის ადამიანები, რომლებიც ამ ერთეულების ვნებებს ეწირებიან?!. – წეღანდელი სიტყვებისთვის სამაგიერო გადაუხადა და თან შეჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, სინამდვილეში კი იმის გადასამოწმებლად, მისმა ამ ბავშვურმა შურისძიებამ რა შედეგი გამოიღო. შემოქმედმა თვალები მოჭუტა და გამჭოლი მზერით შეხედა:
–ისევ არ იშლი შენსას ხომ? შენგან არაფერი გამოვა. მიდი გააგრძელე.
იმედგაცრუებული დარჩა თანაშემწე, ამ მიამიტურმა შურისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო: "ვერაფერს გამოაპარებ, არაფერი ეხება, არაფერი სწყინს, უსაზღვრო მოთმინება და სიქველე აქვს" გაიფიქრა გულდაწყვეტით, ხმამაღლა კი თხრობა გააგრძელა:
–ხოდა, ყოველთვის დასცინოდა დალი ნებისმიერ ძალმომრეობას, ნებისმიერ ფანატიზმს, ნებისმიერ რევოლუციას, მაგრამ ამ ამბავს რომ ყვება, ისეთ სახეს იღებს, თითქოს ჭეშმარიტებას დიდი დოზებით შეიცნობს... მოკლედ, დალი ამბობს, რომ ესპანელი ხალხი ბოლომდე ფანატიკოსია, მაშინაც კი როცა ღმერთს უარყოფს და მის არსებობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ რევოლუციის დროს ერთი ათეისტი ჯარისკაცი (იმ პერიოდში ათეიზმი ხომ მოდაში იყო ისევე, როგორც ახლაა) შესულა ერთ მიტოვებულ ეკლესიაში და კათოლიკური ჯვარცმა რომ დაუნახავს, შურისძიების წყურვილით აღვსებულა, ნეტარი ღიმილით, აუჩქარებლად მისულა ჯვარცმასთან და "ესეც შენ"–ო, "მაინც არ არსებობ"–ო ხმამაღლა დაუყვირია და მისი ძირს გადმოგდება და დამსხვრევა უცდია. ამ დროს მაცხოვრის ჯვარცმას უნებურად ხელი მოსტყდა, ჩამოვარდა და ხელზე დაეცა ჯარისკაცს. ჯარისკაცი წაქცეულა და სულიც განუტევებია, ოღონდ არა ჯვარცმულის მოტეხილი ხელის დაცემისგან, უბრალოდ ამ ჯარისაცს გული გაუსკდა. დასკვნა _ ადამიანები მაშინაც კი ფანატიკოსი მორწმუნეები არიან, როდესაც ყველანაირად ცდილობენ ღმერთის არსებობა უარყონ. საწყალი ჯარისკაცი, რას ერჩოდა თავის თავს?
–სად არის ახლა ის ჯარისკაცი? – ჩაფიქრებულმა იკითხა.
– სად?
–ჰო სად არის? აქ რომ მოხვედრილიყო, მეცოდინებოდა ვინ იყო, რახან არ ვიცი, გამოდის, რომ აქ არ მოხვდა.
–ჰო, აქ არ მოხვდა, სხვაგან მოხვდა, იქ, საიდანაც დაბრუნებაც კი შეუძლებელია.
–ჰო, სატანას არ უყვარს ათეისტები. ადამინებისთვის ეს ბედის ირონიაა, ისინი თავად სატანასაც კი არ უნდა.–დანანაბით ჩაილაპარაკა შემოქმედმა და სახეზე ხელი ჩამოისვა. პეტრემ ინანა ეს ამბავი რომ მოყვა. სატანას ხსენებამ ორივეს ხასიათი გაუფუჭა. ის ყველაფერში ეწინაღმდეგებოდა შემოქმედს, იმაშიც კი, რაც დაზუსტებით იცოდა, რომ ჭეშმარიტება იყო, მაგრამ ვოლანდმა ერთხელ ერთი თხოვნა მაინც დასტყუა უფალს  და მას შემდეგ არის, რომ ყველანაირად ცდილობს იმ ბავშვების განადგურებას, რომელიც ასე ძალიან უყვარს შემოქმედს.
–კარგი გვეყოფა გართობა – პავლე ფიქრებიდან შემოქმედის ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა .
–ადამიანებზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსს უთხარი მოვიდეს.
–ვის?! – ფიქრებიდან ნაუცბადევად გამოფხიზლებული პეტრე ვერ მიხვდა ვისზე იყო საუბარი  .
–ვის, ვის, გაბრიელს უთხარი შემოვიდეს ჩემთან.
თანაშემწემ წასვლა დააპირა, რომ მოულოდნელად შემოქმედის ხმამ შეაჩერა:
–პეტრე, რატომ ინადგურებენ ადამიანები თავებს?
ამ კითხვაზე არ იცოდა რა ეპასუხა  და ადამის მოდგმის ერთ–ერთმა პატრიარქმა თავი ჩაღუნა.
– თუმცა, რა აზრი აქვს? ეს მათი არჩევანია, მეც კი ვერ ჩავერევი ამაში... ესეც შენი ნების თავისუფლება... – დანანებით ჩაილაპარაკა და ზურგი შექცია თანაშემწეს – ახლა კი წადი, მიხედე საქმეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий