пятница, 22 июня 2012 г.

დილის საუბრები ზოგადსაკაცობრიო თემაზე

როცა ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად (მეორე საკითხია რამდენად დამეთანხმებით თქვენ, ამ ნაწერის მკითხველნო ამაში და არ გააპროტესტებთ, თუმცა, რომც გააპროტესტოთ, რა პრობლემაა?! შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც გაახლებთ, მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი, საუბარია იმაზე _ როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა დედაკაცად და მამაკაცად) მას შემდეგ მიდის ამ ორი საწყისის ურთიერთჭიდილი პირველობაზე, უკეთესობაზე, სიჭკვიანეზე,  გონებრივი შესაძლებლობების უპირატესობაზე, გამჭრიახობაზე, IQ–ს კოეფიციენტზე და კიდევ რა ჩამოთვლის რაზე აღარ, თუმცა ერთია, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ამას შედეგი მაინც მოჰყვებოდა, მაგრამ არა!!! კონკურენციაცაა და კონკურენციაც! ეს კი უფრო სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლას დაემსგავსა. ნეტავ რატომ? მე პირადად სულაც არ მინდა პირველობა, სხვებს დაგითმობთ პირველობასაც და წინ დგომასაც, მე კი კუთხეში მივჯდები და ჩემთვის წყნარად, მაწონს შევჭამ.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მანამდე ყავას მოვიმზადებ და მეც მოვემზადები მთავარი სათქმელისთვის.

ალბათ, თქვენ, ვინც ამას იხილავთ (და იხილავთ ჩემი ვიწრო წრე სამეგობროსი) უკვე იცით, რომ დილა ჩემთვის იწყება ყავით, დღეს ყავით ვერ დავიწყე, ერთი მარტივი მიზეზის გამო,  სახლში გამითავდა ყავა, ისე როგორც სხვა დანარჩენი პირველადი მოხმარების ნივთები, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით ვამბობ ამას. ახლა კი თქვენის ნებართვით სათქმელს გავაგრძელებ.

შევდგი თუ არა ფეხი სამსახურის შენობაში, ჩვეულებრივად, ხელის დაქნევით მივესალმე პატარა ჯიხურში შემწყდეულ თუ უნებურად (იქნებ გამიზნულად?!)  დამწყვდეულ ორ თანამშრომელ გოგოს და... რაღაც ცვლილება დააფიქსირა ჩემმა ქვეცნობიერმა, უფრო სწორედ თვალებმა, რომლებმაც ნერვიული სისტემის მეშვეობით ეს ცვლილება გადასცეს ტვინის შესაბამის უბანს, იმან კი რამდენიმე წამის დაგვიანებით წითელ ღილაკს დააჭირა თითი და მითხრა: სტოპ! კადრი უკან გადაახვიე... ზუსტადაც, კადრი უკან გადავახვიე, უკანსვლით დავბრუნდი ჯიხურთან და... დაჯი!
დაჯი ჩემი თანამშრომელია დაცვის სამსახურიდან, საშვთა ბიუროში ზის და საშვებს წერს, წერს და წერს, მის გარეშე ვერც ჩემთან და ვერც სხვასთან ვერავინ შემოფრინდება და ამოფრინდება, ჩიტი რომ ჩიტია, იმასაც კი არ აქვს უფლება საშვის გარეშე შემოფრინდეს და მოფრინდეს ჩემთან, სხვასთან და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ შენობაში... დაჯი, ანუ დარეჯანი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ასევე, საქართველოს პასპორტით) გასათხოვარია, წლოვანება არ ვიცი, მაგრამ ჩემზე დიდი რომ არის, ეს დანამდვილებით ვიცი უკვე... რახან ჩემზე დიდია, ე.ი. გაუთხოვრების კატეგორიაში გადის უკვე, თუმცა წესი წესია, მაგრამ როგორც ჩემი მეგობარი და ჩემი თანამოაზრე ამბობს ხოლმე – ამ წესიდან გადახვევები და გამონაკლისებიც ხდებაო, ასეთი გამონაკლისები კი ძალიან ბევრია, ბევრი ე.წ. გაუთხოვარი და შინჩარჩენილი, როგორც დაცინვით იციან "გადაკრუხებული" ქალბატონი სწევია ბედს, ესეც როგორც იციან დაცინვით და ქილიკით "ეღირსა გასაღება!", ანუ ოჯახი შეუქმნიათ. ასე რომ, მეც, დაჯისაც და ჩემნაირ და დაჯისნაირ ბევრ გოგოსაც ჯერ კიდევ წინ გვაქვს მთელი ცხოვრება, ანუ ოდესმე "გავსაღდებით". დაჯი მაღალი, გამხდარი, გრძელფეხება, ლამაზი სახის გოგოა. რა თქმა უნდა, ქერად შეღებილი თმებით, აქვე დავსძენ, რომ გრძელი სწორი თმები აქვს. ულამაზესია ჩემი აზრით. დაჯიზე საუბრისას ბევრჯერ უთქვამს დედაჩემს:  დაუბრმავდათ ამ კაცებს თვალები?!" ამ გამოთქმაზე ხარხარი მიტყდება, არ ვიცი რატომ, მაგრამ წარმოვიდგენ, თუ როგორ უბრმავდებათ თვალები კაცებს, როცა დაჯის და დაჯისნაირ გოგოებს ჩაუვლიან გვერდით, მერე კი ისევ უბრუნდებათ "დღის სინათლის ხილვის" უნარი, ანუ "როცა სავლე პავლედ იქცა" ალბათ, ზუსტად იგივე ხდება, მაგრამ ერთი განსხვავებით, ეტყობა ჩვენ კაცებს უკუღმა ემართებათ–თქო და პავლედან სავლემდე გადიან რეგრესს–თქო. გამიგრძელდა სიტყვა...
 ხოდა გადავახვიე კადრი უკუღმა და:
–დაჯიიი, რა კარგი ხარ!!! (არ შეიმჩნიოთ გაუმართავი ქართული, რამეთუ ყოველდღიური სასაუბრო ქართული და ლიტერატურული ქართული  კოორდინატთა სისტემაზე ერთმანეთს  დიდი ხანია ასცდა და არა მარტო ჩემთან, საერთოდ, ზოგადად ასცდა).
ნაწნავები პატარა გოგოსავით ეყარა მხრებზე, ძალიან უხდებოდა, მუდამ  მოცინარი სახე უფრო ბავშვური და განათებული მომეჩვენა.
–ჰო, ბავშვობაში გადავარდი. ნახე ლა კაქი გოგო ვალ? – ენა მომიჩლიქა დაჯიმ.
– შენ სულ პატარა გოგო ხარ, არა, იაკო? – იაკო მეორე თანამშრომელია, დაჯის, ასე ვთქვათ, "ნაპარნიცა". რა თქმა უნდა, იაკოც გასათხოვარია, ასაკით, ალბათ ჩემხელა უფროა ვიდრე დიდი. წამებში დავაფიქსირე, რომ იაკოსთვის არ მითქვამს კომპლიმენტი და:
– და საერთოდაც, გოგოებო, რომ იცოდეთ, ქალი სანამ გათხოვდება სულ ბავშვია, ასე არაა? – თან იაკოს შევეხდე.
კიო, ასეაო, თავი დამიქნია იაკომ
მართალიაო, დაჯიც დამეთანხმა და ვიფიქრე, მხიარულ ნოტზე დავასრულებ ამ ხუმრობანარევ მოკითხვას და ავალ ჩემს ოთახში–თქო , მაგრამ ნურას უკაცრავად! სადაა ისე, შენ, ჩემო თავო, როგორც გადაწყვიტე!?
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, დაცვის თანამშრომლებს (ბიჭებს)  საშვი ვანახე და უნდა გავეცალო, რომ:
–და ისე, რომ იცოდეთ, ქალი გათხოვების შემდეგაც ბავშვია! – მომესმა ზურგსუკან ბრძნული შენიშვნა, რა თქმა უნდა პათოსით – კაცები უფრო ზდრასრულნი და დადინეჯბულნი არიან ყველა ასაკში!!! ეს იყო დაცვის ახალგაზრდა ბიჭი თანამშრომლის სიტყვები ჩემ ზურგს დახლილი ტყვიებივით.
ვინ ვინ და აი, მე კი ხურდისთვის ჯიბეში ხელს არასდროს ვიყოფ, რა  ჩემი ბრალია თუ ენა თავისით მისწრებს წინ და არ შეუძლია, რასაც გონება წამებში გაიფიქრებს, არ თქვას?!
–ამაში ვერ დაგეთანხმებით! – მთელი ჩემი არტისტიზმი გამოვიყენე და თეატრალურად აღვმართე ზე საჩვენებელი თითი.
– ნუ, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ – პოზიციები დასთმო დაცვის თანშმრომელმა.
–ამაში ვერ დაგეთანხმებით, რამეთუ კაცი დაოჯახების შემდეგ უფრო მეტად ბავშვდება – და მთელი ჩემი პათოსი ჩავაქსოვე ამ სიტყვებში, თუმცა იმავ წამს ენაზე ვიკბინე (გადატანითი მნიშვნელობით და არა პირდაპირი გაგებით)... გვერდით ჩემმა თანამშრომელმა ჩამიარა, უკვე მიხვდებოდით, ეს თანაშმრომელი ბიჭია. მე კი, სიმართლე გითხრათ, არ მინდა კოლექტივში შევიქმნა კაცთმოძულის იმიჯი, მითუმეტეს, თუ არ მიცნობენ და არ იციან როგორ და რას ვამბობ, სად ანდა რატომ! თუმცა, ისევ: რა ჩემი ბრალი იყო, თუ ენამ წინ გამისწრო და იგივე გაიმეორა:
– დიახ, კაცი დაოჯახების შემდეგ უფრო ბავშვდება – ესეც შენი ნიცშე, ოშო და სხვა ფილოსოფოსი პატრიარქები! აი, ესეც შენი ნაკითხობა და "ინწელექტი"! სადაც არაა საჭირო იქ იდგამენ ენას, ხოლო სადაც საჭიროა იქ დუმილს არჩევენ.
– რა თქმა უნდა, მე ყველაზე არ ვამბობ – საბოლოოდ დაჰყარა იარაღი დაცვის თანამშრომელმა და მეც გამარჯვებული სახით შევდგი ფეხი კიბეზე.
–როგორ ხარ, ნინო? – ეს ჩემი ის თანამშრომელია, ვინც შეესწრო ამ პაექრობას, მას დათო ჰქვია. საერთოდ თანშრომლებთან ვარ კარგად, მაგრამ ზომიერად კარგად, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ არც შორს და არც ახლოს, ზომიერი სისქის სადერმაკაციო ხაზი მაქვს გავლებული ყველასთან და ვიცავ სუბოორდინაციას. ეს ხომ სამსახურია და თან საჯარო, აქ შენი აზრები და შენი თავისუფალი აზროვნება არ სჭირდებათ. მე კი არ მჭირდება ზედმეტად აფიშირება იმისა, რისი აფიშირებაც ბავშვობიდან არ მიყვარს, საკუთარი პერსონა მე–სი! რამეთუ ის უჩემოდაც კარგად ახერხებს ამას.
– კარგად, თავად? – უხერხულობა ვიგრძენი რატომღაც, ნუ რატომღაც არა, კონკრეტულად უკვე აღვნიშნე რატომაც და ამის გამო უადგილოდ წამოვროშე – ოჰ, ეს კაცები, არ გვაცდიან ქალებს ერთმანეთში საუბარს. რომ არ ჩერიონ არ შუეძლიათ. კომპლიმენტის თქმა არ გვაცალეს, ეგრევე პაექრობა დაიწყეს..
დათოს გაეცინა, მე კი წინ გამოვუსწარი, რადგან მინდოდა დროზე გამოვცლოდი, რომ არ ენახა როგორ დავიბენი ამ ე.წ. ინციდენტის გამო.

ახლა კი დასვკნა: დამეთანხმებით, რომ ბავშვი, ბავშვის თავად ამ სიტყვის, არსის, ასევე, ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების, მიამიტობის, დაუცველობის და სხვათა და სხვათა გაგებით, იმიტომ არის ბავშვი, რომ მას ყველაფრის სჯერა, ზღაპრების, დაპირებების, თოვლის ბაბუების, ცაში ვარსკვლავები რომ ვიღაცას ძაფით მიუკერებია იმისიც კი და, რომ, ბავშვს მუდმივად სჭირდება: დაცვა, მოვლა, პატრონობა, აღზრდა, გაზრდა, მეთვალყურეობა რამე არ დააშავოს ან არ დაიშავოს, დაბანვა, ჭმევა და ნუ მოკლედ. ხოდა, ახლა მითხარით, გათხოვებამდე ქალების უმრავლესობას სჯერა თუ არა: სიყვარულის, კეთილი, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის, რომელსაც აქვს კოშკი (საკუთრებაში და საჯარო რეესტრში ოფიაციალურად დარეგისტრირებული! თუ ერთზე მეტია მთლად უკეთესი!), სადაც გათხოვების შემდეგ წაიყვანს და იცხოვრებენ ბედნიერად და ტკბილად სანამ ღმერთი არ მოუხმობს ორივეს (თან ერთად!) ასევე, ხომ სჯერა, რომ მისი პრინცი მას: დაიცავს, მოუვლის, ძილის წინ ზღაპრებს მოუყვება, ოჯახობანას ეთამაშება და ა.შ.?! ეგოიზმი, ესეც ბავშვებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. რას ვიზამთ, ასეა. წარმოვიდგინოთ ახლა ბიჭისა და გოგოს სტანდარტული დიალოგი:
ბიჭი: მე შენ მიყვარხარ!
გოგო: მეც, ჩემო სიხარულო!
– შენს მეტი არავინ მინდა!
– არც მე, საყვარელო...
– შენ რომ სხვასთან წახვიდე, მოგკლავ! (რა სადიზმია!)
ან სხვა ვარიანტი –  შენ რომ გადაგიყვარდე და სხვა შეგიყვარდეს, თავს მოვიკლავ! (ეს მაზოხიზმი – ოღონდაც პროცენტულად ძალიან დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს).
– მთელი ცხოვრება მეყვარები!
– როცა დავოჯახდებით, მე შენ ხელისგულზე გატარებ.
გოგო მიეყრდნო ბიჭის მხარს.
– მე შენ ... "შუბას" გიყიდი (ეს სტანდარტულია,  თქვენ რაც გინდათ ის იგულისხმეთ)
უფრო ჩაეხუტა გოგო ბიჭს (ბავშვებმაც ასე არ იციან, როცა უცნობი თუ ნაცნობი მათ მიტყუებას/მოქრთამვას ცდილობენ: კანფეტებით, სათამაშოებით და კიდევ რითი აღარ?! ჩამოთვლა მეზარება).
–მე შენ მანქანას გიყიდი... არაფერს დაგიშლი ცხოვრებაში.– გოგო საერთოდ წავიდა ოცნებებში.
–გინდა ახლა მთელი სამყარო გაჩუქო? (ოჰო! აი, ასეთი გულუხვობაც შეუძლიათ კაცებს).
– მინდა – მიინაზა გოგო.
–ხოდა ეს ვარსკვლავები შენია, ეს ცაც შენია, მზეც, მთვარეც, ჩემი სულიც და..
ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ანეგდოტს მოვყვები:
ქალი გათხოვებამდე ოცნებობს: პრინცზე, ოაზისზე, კოშკებზე, ოქროთი დატვირთულ აქლემზე, შემდეგ კი: ჯერ ოაზისი ქრება, მერე – კოშკი, მერე – პრინცი და ბოლოს აქლემი რჩება და ისიც ოქროს გარეშე. ესეც შენი დასკვნა, ქალი გათხოვებამდე არის ბავშვი, მერე კი იზრდება, რადგან გაიგო, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, სამაგიეროდ მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადავიდა ამ ოცნებაში ცხოვრების გამო. ხოლო, როცა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, იქ უკვე ბავშვობა მთავრდება, რადგან... რადგან ახლა თავად გიწევს სხვა ბავშვებს: მოუარო, ჩააცვა, აჭამო, დაბანო, მოუფრთხილდე, ყურადღება მიაქციო, ეთამაშო, გაართო, გაასეირნო; იფიქრო: ფულზე, საჭმელზე, სასმელზე, საჩუქრებზე, სათამაშოებზე, სწავლაზე, აღზრდაზე; ურეცხო, უუთავო, ძილის წინ ზღაპრები მოუყვე, საბანი შეუკეცო, რომ ძილში არ გაცივდნენ, დაუკერო, დაუკემსო; წინდები, მაიკები, პერანგები ეძებო, დაუხარისხო, დაულაგო, ჭკუა დაარიგო – როცა საჭიროა, გაჩუმდე, როცა საჭიროა და როცა საჭირო არაა მაშინაც კი და ა.შ. ხოდა, დასრულდა ასე ზღაპარი ბავშვობისა...
ახლა რა ხდება კაცებთან? პირუკუ დავტრიალდეთ. კაცი, რაციონალური არსებაა, ეს დადასტურებული ფაქტია (რამდენად, ეს სხვა საკითხია და ისიც საკითხავია ფაქტია თუ თეორიაა), ის მონადრე იყო და ამიტომ ეს ინსტიქტი დღემდე მოჰყვება, ესეც დადასტურებული ფაქტია (ამაში ვერ შეგედავებით, მაგრამ ნადირობა ქალებმაც იცოდნენ და კაცებზე არანაკლებ და შეიძლება უკეთესადაც კი, ოღონდ საჭიროებიდან გამომდინარე, მერე დაივიწყეს, თუმცა, თუ საჭიროება მოიტანს ისევ გაიხსენებენ), ახლა, მართალია ამის საჭიეროება აღარ აქვთ მამაკაცთა მოდგმას, რადგან სუპერმარკეტსა თუ ბაზრებში შეიძლება იმის შეძენა, რასაც ადრე თავად მოიპოვებდნენ საკუთარი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ფასად, სისხლითა და ოფლით, მაგრამ სამაგიეროდ ხიფათი უყვართ და ამიტომ ნადირობენ, ომობენ, ექსტრემალურ სიტუაციებს ეძებენ რამეთუ... ამაზე ცოოოტა, ქვემოთ...კაცმა იცის, რომ ვალდებულება უნდა აიღოს ოჯახზე, სანათესაოზე და ა.შ. ესეც დადასტურებული ფაქტია, მაგრამ... მოკლედ, სანამ დაოჯახდება, იგი თავს ევლება საყვარელ არსებას, ფიქრობს, სურვილი აქვს, ნუ თუ ფიქრი არ შეუძლია მამაკაცს, სურვილი მაინც აქვს ქვეცნობიერ დონეზე (დავარქვათ ინსტიქტის დონეზე), რომ სასურველი და საყვარელი არსება მატერიალურად უზრუნველყოს, არაფერი მოაკლოს, ფუფუნებაში აცხოვროს და თან არჩევს ისეთ არსებას, რომელიც: შვილებს გაუჩენს, ოჯახს მიხედავს, მეურნეობას აწარმოებს, სიტყვას არ შეუბრუნებს, თითის წვერებზე ივლის და ა.შ. ანუ, ის თითქოს ფიქრობს ზრდასრული ადამიანივით/დიდივით (თუმცა ბავშვებს აქვთ ერთი ჩვევა – უყვართ, როცა დიდებს ბაძავენ, გაიხსენეთ როგორ გინდოდათ თქვენც დედიკოსავით და მამიკოსავით გევლოთ სამსახურში და ბაღსა თუ სკოლას სამსახურს ეძახდით? ომობანას თამაშობდით და გინდოდათ ჯარისკაცივით ძლიერი, მაღალი და ყოვლისშემძლე ყოფილიყავით და ეს ჯარისკაცი ხშირად მამიკო გეგონათ?! ჰოოო...), გაფაციცებით ეძებს სამსახურს, მატერიალური კეთილდღეობისკენ ისწრაფვის, რადგან იცის, მისი მატერიალური კეთილდღეობა ხომ მყარად ფეხზე დგომას ნიშნავს  და ბოლოს, ოჯახდება როგორც წესი და რიგია... აი, მერე იწყება ბავშვობა, რატომ? არ ვიცი, ოღონდ მართლა არ ვიცი... ნიცშემ თქვა ერთხელ (მიუხედავად იმისა, რომ ნიცშე მაინცდამაინც არაა ჩემი ფავორიტი ფილოსოფოსი, უნდა დავეთანხმო); კაცს უყვარს ორი რამ: ხიფათი და სათამაშო, ამიტომაც სჭირდება მას ქალი, როგორც სახიფათო სათამაშო. სათამაშობით კი ვინ თამაშობს? რა თქმა უნდა ბავშვი. ხოდა, დაოჯახების შემდეგ იწყებს კაცი ზუსტად სახიფათო სათამაშოებით გართობას, ხოლო სახლში კი უკვე დიდობანას თამაშობს თავისი მთელი "უდობსტვამი"თ.
ასე, რომ: ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.


ახლა მეტყვით, კი მაგრამ სათაურთან რა კავშირშიაო, კავშირშია და მარტო კავშირში კი არა, თავშიცაა. საბოლოო ჯამში, როგორც ვიცი და მესმის, ზრდასრული ადამიანი იმიტომაა ზრდასრული, რომ ჩამოყალიბებულია, ანუ ზრდა აქვს დასრულებული ფიზიკურად და გონებრივად (ერთდროულად თან!), ჩამოყალიბებულია რა უნდა და როგორ უნდა, საკუთარ ქმდებებს იაზრებს, აჯერებს ფაქტებს, პოზიციები აქვს და ა.შ., ჩამოყალიბებული აქვს მიზანი, პრინციპები, შინაგანი მორალი და ა.შ. როცა რაიმე კამათი, კონფლიქტი ან პრობლემაა, ცდილობს კომპრომისების, გამოსავლის გზების მოძებნას ცივილური ფორმებით და თან თუ ეს ზრდასრული ადამიანი ჭკვიანიცაა (და წესით, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს სიჭკვიანეზე პრეტენზია აქვს და უნდა ჰქოდნეს კიდეც, რამეთუ ზრდასრულობა გამოცდილებასაც გულისხმობს, ანუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არა თეორიულ ცოდნას მხოლოდ), შეუძლია აღიარება იმისა, რაშიც შეცდა და იგივე შეცდომას მეორედ აღარ გაიმეორებს... ახლა მითხარით, რომელი და რამდენი კაცი ან ქალი აღიარებს შეცდომებს? უმეტესობა არა, მითუმეტეს, კაცები იშვიათად... და თან ლიდერობისკენ სწრაფვა ბავშვებში უფრო მაღალი პროცენტულობით გამორჩევა, თან როგორც ცნობილია, ბავშვები უფრო სასტიკებიც არიან... ვერ მიმიხვდით? კარგით, მაშინ გაატარეთ. და როცა ზრდასრულ ადამიანად შევიქმნები მეც და თქვენც, მერე მივალთ (ალბათ მივალთ) დასკვნამდე – თუ რატომ არიან ქალები გათხოვებადე ბავშვები, კაცები კი დაოჯახების შემდეგ უფრო მეტად ბავშვდებიან (თუ მანამდეც ბავშვები არიან ნეტავ? – პათოსს მიმიხვდით? ვერა? ესეც გაატარეთ).

და ბოლოს, ეს როგორც წესი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც ამ წესიდან გავიდნენ და... და გაიზარდნენ?! 

пятница, 15 июня 2012 г.

პლაგიატია ადამიანი?! II თავი

***
უზარმაზარი თაღების ქვეშ გაიარეს. თაღებს საყრდენად, ბერძნული მითოლოგიის ტიტანებივით, მასიური გრანიტის სვეტები შესდგომიან და ქვაში გამოკვეთილი ორნამენტებისა თუ ჩუქურთმებისადამიანის მსგავსსახიანი ფრთოსნებისა თუ მეომრების სხეულებით, ავად ტიტანებად ქცეულან. მათი მოწითალო ქვიშისფერი შეფერილობა გარშემო ყველაფერს მდიდრულ ელფერს, მაგრამ პირქუშ სახეს აძლევდა. სიმძიმითა და სიძველით გაჟღენთილი ჰაერი მარადისობაში ჩაკარგულ რომელიღაც ზღაპრულ სამყაროს აგონებდა, თუმცა მისთვის ეს არც მიმზიდველი და არც საინტერესო იყო, მითუმეტეს არც დამთრგუნველი. იგი მისდევდა მათ, ვინც უსიტყვოდ ანიშნებდნენ საით უნდა წასულიყო. არადა არ მთავრდებობდა კოლონადა, დერეფანიც უსასრულოდ გაიწელა. ანტიკური ხანისა და შუასაუკუნეების სტილის შეხამება სხვას თავზარს დასცემდა და საკუთარი უსუსურობის შეგრძნების მორევში ჩაითრევდა, შემდეგ კი უფსკრულში ჩასრესდა, მაგრამ არა მას. თითქოს იცოდა, რომ ყველაფერი ეს, ზუსტად იმისთვის იყო შექმნილი, რომ ეგრძნო რაოდენ უსუსურია, ჭიანჭველაა ამ ყველაფერთან შედარებით და, რომ ეს არის  რაღაცის ან ვიღაცის ჩაფიქრებული მიზნის მისაღწევი საშუალება, მიზეზი იმისა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა შედეგი.

რა მოხდა მანამდე ვერ იხსენებდა. ახსოვდა მხოლოდ ის, რომ მუსიკას უსმენდა, ისიც კი ვერ გაიხსენა რომელს, მერე კი ვიღაცამ თუ რაღაცამ ხელით ანიშნა  მომყევიო და ესეც გაჰყვა. ახლა კი ის ვიღაც წინ მიდიოდა და ისინი კი უკან მიჰყვებოდნენ. აქეთიქით კიდევ ორი უცნაური ჩაცმულობისა და სახის მცველი ამოსდგომოდა. მცველები თავად შეარქვა გონებაშიადგან  ამდენი ხნის სიარულის განმავლობაში არცერთ ამ უცნობს სიტყვა არ დასცდენია, რომ ეკითხა ვინ იყვნენ. ასე პირქუშად და შუბლშეკრულები მისდევდნენ გვერდი–გვერდ.  წინამძღოლის სახე კი არ დაუნახავს, ან როგორ დაინახავდა?! როცა ხელით ანიშნა გაყოლა, არც კი შეუხედავს სახეზე, მხოლოდ ხელს დაემორჩილა. ამ მორჩიელების გამო საკუთარ თავზე გაბრაზდა: "ვინ მიგდია, რომ ასე ერთი ხელის დაქნევაზე უპატრონო ძაღლივით ავეტორღიალე და გამოვყევი?" ფიქრობდა და ვერ გამოეცნო რა ძალამ უბიძნა ამ მორჩილებისკენ

ამ ფიქრებში იყო როცა ინსტიქტურად იგრძნო წინამძღოლი და მცველები რომ გაჩერდნენ, თავადაც მექანიკურად შეჩერდა თორემ გამყოლის ზურგს სახით შეასკდებოდა. "ბოდიშით", ამოილუღლუღა უხერხულად, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. "რა არსებები არიან? არც ადამიანებს ჰგვანან და თითქოს ჰგვანან კიდეც... სახეები აქვთ, მაგრამ როგორი? ნაკვთების გარეშე. სხეული აქვთ, მაგრამ თითქოს მათი სხეულის იქით ყველაფერი ჩანს. გამჭირვალეები..."

გაბრიელი და მისი ორი თანამშრომელი უზარმაზარი მუხის ხის კარის წინ გაჩერდნენ. იმან, ვისი მოყვანაც დაევალათ, თითქოს ვერ შეამჩნია ვერც კარი და ვერც ის, რომ ყველა გაჩერდა და რამის სახით შეასკდა გაბრიელის ზურგს. "იდიოტი" გაიფიქრა გაბრიელმა. კარს მიაჩერდა, თითქოს კარის იქითა მხრიდან რაღაცას ელოდა, კარს არც სახელური ჰქონდა, არც კლიტე, არც ბოქლომი, ის ერთი შეხედვით  უზარმაზარი ხის გულის მთლიანობას წარმოადგენდა, რომელზედაც ათასნაირი ორნამენტი თუ ჩუქურთმა გამოეყვანა უზადო გემოვნების მქონე ოსტატს. ყოველი ნახჭი ისე იყო მეორესთან დაკავშირებული, ერთ მთლიანობას ქმნიდა და თან  ცალკე სიმბოლოს წარმოადგენდა. კარის ცენტრში იწყებოდა სპირალის მსგავსი ხვეული და ნელ–ნელა იზრდებოდა, ვაზისა და მაყვლის ფოთლები ამ სპირალის შუალედებში ოსტატურად ჩაეჩუქურთმებინა შემოქმედს. 

კარი უხმაუროდ გაიღო და მეორე მხრიდან გამოვარდნილმა სასიამოვნო სიგრილემ გააოცა, მაგრამ ჯერ ვერაფერი დაინახა, რადგანაც სიგრილის მიუხედავად ისეთი კაშკაშა სინათლე ეცა სახეზე, მოეჩვენა, თითქოს მილიონი პროჟექტორი ერთდროულად მისკენ იყო მომართული და ამ გაუსაძლისმა სხივებმა რამის დააბრმავა კიდეც. თვალებზე ინსტიქტურად ხელი აიფრა და ნახევრად შეაქცია ზურგი. წინამძღოლს გაეცინა, "ნუ გეშინია, არ დაბრმავდები, ჩამოიღე ხელი და შემოდი", ამ სიტყვებით წინ შეუძღვა. მცველები არ შეჰყვნენ, კართან დარჩნენ და სანამ კარი ზურგსუკან მიიხურებოდა, იგრძნო, რომ იქ აღარავინ იყო, თითქოს ჰაერში აორთქლდნენ და არც ყოფილან ორი წამის წინ.
მაინც არ გაკვირვებია. თამამად გადადგა ნაბიჯი. დარბაზის მორთულობა უფრო დამთრგუნავი სიდიადით გამოიყურებოდა ვიდრე კოლონადები. "ეკლექტიკური გარემო" გაიფიქრა, მაგრამ ა მიუქცევია ყურადღება არც ამ გროტესკული სიტუაციისთვის და არც გოთურ–ანტიკური არქიტექტურის შედევრებისთვის.
ერთადერთი რამაც მიიქცია მისი ყურადღება უზარმაზარი ქვისგან გამოთლილი  მრგვალი მაგიდა  და ასევე ქვისგან გამოთლილი რამდენიმე სკამი იყო.
"ეს რა ჯანდაბაა? მრგვალი მაგიდის რაინდების შეკრებაზე ოვხდი?! მეფე არტური–ღა აკლია ამ ყველაფერს და იქნება ერთი დიდი ტრაგიკომედიური სპექტაკლი, მთვარი გმირიმე!" გუნებაში ჩაიცინა და თვალებში ირონიის ნაპერწკლები გაუკრთდნენ.

დარბაზში, მის ჩათვლით, ოთხნი იყვნენ. ერთი წინამძღოლი, მეორე მომღიმართვალებიანი, მკერდამდე თეთრწვერებიანი, გაბურძგნულთმიანი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ათლეტური აღნაგობის მოხუცი, რომელიც  თავის ასაკთან შედარებით მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ეცვა თეთრი სტიქარის მსგავსი კოჭებამდე მთლიანი რაღაც, რას ეძახდნენ ამ სამოსს ვერაფრით გაიხსენა, ფეხებზე კი – სანდლები. "ვა, ბაბუ?! რა მაგარ ზმანზე ხარ?! რომელი საუკუნის გმირს ანსახიერებ?!" გაიფიქრა და ხუმრობის ხასიათზე დადგა. მესამე კი რაღაც ისეთ სტილში იყო გამოწყობილი, თავიდან ვერაფრით გაერკვი ამ დენდის რა უნდოდა ამ პრეისტორიული ეპოქის დეკორაციებით გაწყობილ სპექტაკლში. "სპექტაკლი... ჰო, ჰო, ზუსტად სეპქტაკლია, თავისი დეკორაციებითა და მსახიობებით.." 

დენდი – საშუალო სიმაღლის, სასიამოვნო სახის ადამიანი, შავი ელვარე თვალები, მის მზერაში რაღაც ისეთი შეიმჩნეოდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაიმონებდა, საკუთარ ჭკუაზე ათამაშებდა როგორც მარიონეტს, ოღონდ ისე, რომ მარიონეტიადამიანი ამას ვერც კი იგრძობდა და გააცნობიერებდა. მის გამოხედვაში იყო რაღაც დამცინავიც და ამაზრზენიც, თითქოს გიყურებდა და არც გიყურებდა, სადაც არ უნდა ყოფილიყავი მზერით მაინც მოგწვდებოდა, წამის მეასედში დაგშიფრავდა, დაგშლიდა და აგაწყობდა. "აი, კაცი" გაიფიქრა. "თუ ხარ, ასეთი თვალები უნდა გქონდეს". სახე იდეალურად პროპორციული, ყველა ნაკვთი ისე ჩამოქნილ–გამოძერწილი ჰქონდა, ბერძენ მოქანდაკეებს შეშურდებოდათ. შეუდარებლად გლუვი, ხორბლისფერი სახის კანი, სწორი ცხვირი და მუქი წარბები, ტუჩები დამცინავი, კბილები ჯანსაღი, წაწვეტებული, როგორც მტაცებლის, რძისფერი და ელვარე. თმები შუაზე გაყოფილი, ბზინვარე შავი, თითქოს ახალხან გადაესვა ბრიოლინი. "უბრალოდ შავი... ჰმ, რომელ მსახიობს მახსნებს? აუ, აშკარად ვიღაცას  ჰგავს, მგრამ ვერაფრით ვიხსენებ". დენდის ქცევები – მკვირცხლი და ნერვიული, ეს მაშინ შეამჩნია, როდესაც სიგარეტი ამოიღო პორტსიგარიდანპორტსიგარის სახურავზე ნერვიულად დააკაკუნა და თხელ, გამოყვანილ, ოდნავ წაგრძელებულ თითების ნერვიულ თამაშზე შეატყო, რომ ეს ადამიანი დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა. "სულსწრაფი და ამპარტავანია" გაიფიქრა. თითქოს მისი ფიქრები იგრძნო დენდიმ  და გამჭლოლად გამოხედა, მერე თავი დაუქნია, თითქოს ამით ანიშნა, "მესმის, მესმის"–ო და გაიღიმა. უზადოდ შეკერილი თეთრი შარვალკოსტუმი სხეულის მოყვანილობას ხაზს უსვამდა. სუსტი აღნაგობის მიღმა დიდი ძალა იგრძნობოდა, არამარტო სულიერი, არამედ ფიზიკური ძალაც. კოსტუმის ქვეშ გახამებული თეთრი პერანგი და ასევე თეთრი, ოქროსფერი სირმებით, მოქარგული ჟილეტი მოუჩანდა, ჟილეტის ჯიბეში ოქროს დიდი ძველებური საათი ჩაედო, რომელიც მსხვილ ასევე ოქროს ძეწკვზე ქოფაკივით მიება. ფეხზე "ოქსფორდები" ეცვა. აი, ფეხსაცმელებმა კი მართლა დაშოკა, "ოქსფორდებზე" ბრილიანტის თვლებით რაღაც ჩახვეული ორნამენტები ანათებდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გადაეხარხარა, "ეს რა ტაკიმასხარაობა? ვის გაუგია ფეხსაცმელების ბრილიანტებით გაწყობა?!" თუმცა მთლიანობაში უცნობმა სასიამოვნო კაცის შთაბეჭდილება დაუტოვა .
-აქ არ ეწევიან– წინამძღოლმა შენიშვნა მისცა დენდის.
 თითქოს ვერ გაიგო რაც უთხრეს, ჯიბიდან ამოიღო, ამოიღო კი არა, თითქოს თავისით ამოძვრა ლათინური S მონოგრამიანი ვერცხლის სანთებელა და ახლა უკვე მართლა დაინახა თუ როგორ აინთო  ცეცხლი ისე, რომ დენდის არანაირი მოძრაობა არ გაუკეთებია. წვრილ სიგარეტს მოუკიდა და სიამოვნებისგან თვალებმიბნედილმა პირიდან  მოთეთრო–რძისფერი რგოლები გამოუშვა. ამის შემდეგ პორტსიგარას თავსახური ისევ ახსნა და მისკენ გამოიშვირა, უსიტყვოდ შესთავაზა.
– აქ არ ეწევიან – უფრო მკაცრი ხმით უთხრა წინამძღოლმა, მაგრამ თითქოს ვიღაცამ თუ რაღაცამ შეაჩერა, მეტი აღარაფერი უთქვამს. 
–არა, გმადლობთ – დენდისთვის მიცემული შენიშვნის გამო თქვა უარი, თორემ სიგარეტის მოწევა მასაც ძალიან მოუნდა და შეეცადა რაც შეიძლება ზრდილობიანად ეთქვა უარი შეთავაზებულზე.
–ახლა გავიცნოთ ერთმანეთი – ისევ წინამძღოლმა იკისრა პასუხისმგებლობა და გაიღიმა.
–მე გაბრიელი ვარ! ადამიანებზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.
 – ასეთი განყოფილებაც არსებობს?
გაბრიელმა ყურადღება არ მიაქცია დასმულ კითხვას და გააგრძელა დამხდურების წარდგენა:
–ეს პეტრეა, ალბათ გსმენია მის შესახებ. იგია კლდე ძე ღვთისა...
_ ვიინ?! რა კლდე ვინ პეტრე?.. ერთი პეტრე ვიცი მე...
– ნუ მაწყვეტინებ!  პეტრე მოციქულია შენ წინაშე. 
პეტრემ თბილად გაუღიმა, მიუახლოვდა, მხრებზე ხელი მოხვია და გადაეხვია:
–კეთილი იყოს შენი აქ მოსვლა და ჩვენი გაცნობა, შვილო ჩემო..
"ვა, მგონი ცუდადაა ჩემი საქმე, ასე აშკარად გალუცინაციები..." – გაიფიქრა და უხეშად მოიშორა პეტრე.
_ ეს კი თავად სატანა – გაბრიელმა ახლა დენდი წაურდგინა .
_ ვიინ? აშკარად მაშაყირებთ ხო?
_ არა, არ გაშაყირებთ, ვოლანდი – ხელი გაუწოდა დენდი–ვოლანდმა.
–ასე უკეთესია, ვოლანდი უცნაური სახელია, მაგრამ სატანას მილიონჯერ ჯობია – ამოისუნთქა შვებით და ხელი მაგრად ჩამოართვა იმით გახარებულმა, რომ ეხუმრებოდნენ და ახლა ეს კომედია  შეიძლება მალე დასრულებულიყო და ბოლოს და ბოლოს გაეგო სინამდვილეში ვინ იყვნენ ესენი.
ვოლანდმა გადაიხარხარა :
–არა, მე სატანა ვარ, უბრალოდ ერთმა ჭკვიანმა მწერალმა, ბულგაკოვი გაგიგია? არა ჰომ? ასეც ვიცოდი! ვოლანდის სახელით მომიხსენია და მომეწონა, მას შემდეგ ერთ–ერთ სახელად ვოლანდასაც ვუწოდებ საკუთარ თავს და სხვებიც ასე მეძახიან, ვოლანდი ნაკლებ შემაზრზენად და საშიშად ჟღერს ვიდრე სატანა.
"ისევ მასხრად მიგდებენ, კარგი აგყვებით ამ სპექტაკლში" – ხმამაღლა კი ეს თქვა:
–ვაა, სატანა? არადა მე სხვანაირი მეგონე. კუდი და რქები სად დამალე? აბა ერთი მანახე? – და გარშემო შემოუარა, თითქოს მართლა კუდს ეძებდა და შემდეგ კი თავზე ხელი გადაატარა:
–არაა, აშკარად არც კუდი გაქვს, არც რქები და ჩლიქებს კი ვერ ვნახავ, ფეხსაცმელების გახდას ვერ გთხოვ, უხერხულია.
ვოლანდს მოეწონა მისი სითამამე და იუმორის გრძნობა, გაეცინა და მეგობრულად მხარზე ხელი დაჰკრა.
–არა, მართლა თუ სატანა ხარ, არც ისე საშინელი და საშიში ყოფილხარ, როგორც ამბობენ და წერენ. ჩვეულებრივი ჩემნაირი მოკვდავი ადამიანი ხარ. სამკაპიო, კუპრიო, ეშვებიო, ცეცხლი და ჯოჯოხეთიო.. რას არ იტყვის ადამიანი კაიფში როცაა, იტყვის კი არა, მოელანდება, მერე დაიჯერებს, მერე ამ დაჯერებულს სხვებსაც მოუყვება, თან ისე დამაჯერებლად და მერე სხვებიც აჰყვებიან... კაი, ტიპი ჩანხარ რა... მაგრამ ხუმრობის გარეშე  მაინტერესებს ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან, ან საერთოდ სად ვარ? რატომღაც მეეჭვება, რომ ამ შესანიშნავი ეკლიქტიკური არქიტექტურის შედევრის დასათვალიერებლად მომიწვიეთ თუ მომიტაცეთ – ხელით ანიშნა დარბაზზე – ან თქვენი პრეისტორიული არსებობით გაგეკვირვებინეთ – დამცინავი მზერა მიაპყრო გაბრიელსა და პეტრეს – თუ საგიჟეთში ვარ, სხვა საქმეა, არ მოგერიდოთ, პირდაპირ მითხარით, ნუ გამიფრთხილდებით და შემოპარებას ნუ დაიწყებთ, სუსტი ნერვები არ მაქვს... მაგრამ... თუ... მაგრამ ყველაფერს აქვს ახსნა და ამ ახსნას ველი თქვენგან, აღმატებულო საზოგადოებააააავ!!! – ირონიულად და თეატრალურად გაწელა ბოლო სიტყვები.
– მე გაბრიელი, ადამიანების მიერ მთავარანგელოზად წოდებული, ადამიანებზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, პეტრე მოციქული და ეკლესიის მამამთავარია, სატანაზე კი უკვე გითხარი, სატანაა, იგივე ვოლანდი, იგივე ნუ... ამის უამრავ სახელს ნუ ჩამომათვლევინებ... 
– ჩემი სტატუსი და თანამდებობა გამოგრჩა – გადაიხარხარა დენდი–ვოლანდმა და აუჩქარებლად დაეშვა  ქვის სკამზე, ფეხი–ფეხზე გადაიდო და ქვის მაგიდის კიდეზე სიგარეტის ნამწვავი ჩააქრო.
განრისხებულმა გაბრიელმა  შეხედა სატანას, სახეზევე ეწერა, რომ მალე თუ არ განიმუხტებოდა სიტუაცია სატანისა და გაბრიელის ხელჩართულ ჩხუბს იხილავდა დამსწრე საზოგადოება.
– მდიას, გიჟები ხართ ყველანი!!! კარგით, აგყვებით ამაშიც! მაშ ასე, გაბრიელი მთვარანგელოზი ხო? ფრთებით, შარავანდედით და რამე–რუმეებით... თქვენ კი პეტრე, ჰო, გამახსენდა, პეტრე საყვარელი მოწაფე ქრისტესი, მაგრამ მშიშარა... სატანა მარადიული სიბნელე და ბოროტება... მე კი უმწეო ადამიანი, ღმერთის ხატად შექმნილი,ოღონდ იმ ხატად, რომელიც არავის უნახავს თვალით და არავინ იცის ასლი დედანთან სწორია თუ არა, შემდეგ კი ეს თავისი საწყალი ხატი მიუგდო ამ სუბიექტს, რომელსაც სატანას უწოდებთ და... და ერთი მამა ღმერთი–ღა გვაკლია და სრული იდილია იქნება სამყაროსეულ საბჭოში – სარკასტულად შენიშნა ადამიანმა და ეს იყო დროულად,თუმცა ირონიით ნათქვამი, რომელმაც გაბრიელს დაავიწყდა სატანას გამოხტომა და თავისი განრისხება. გაბრიელმა და პავლემ ერთი და იგივე მხარეს ერთდორულად მიატრიალეს  თავები და ცარიელ სივრცეს გაოგნებულები მიაშტერდნენ.
სატანამ ვეღარაფერი მოუხერხა თავის ჩვეულ ხარხარს, უკვე გაუჭირდა მისი შეკავება და... ადამიანს ტანზე ჭიანჭველებმა გადაურბინეს. ეს იყო არაადამიანური, არაამქვეყნიური, სიცივის, სინესტისა და სიბნელის ხმა, ხმა გამაყრუებელი ომისა და ნგრევისა, ხმა... ხმა არა ხარხარი... ხარხარი არა გამარჯვებულისა დამარცხებულზე, არამედ განადგურებულზე, ფერფლად ქცეულზე... ხარხარი კოსმიური ქაოსისა... თითქოს ერთდროულად მილიონ მუსიკალურ თეფშს შემოჰკრესო... საყვირებს ჩაჰბერეს ნგრევის, შიმშილის, ომისა და სიკვდილის ანგელოზებმა... ვოლანდი ფეხზე წამოდგა, ხელები მლოცველივით ზევით აღმართა, ნელა დაიწყო ტრიალი, ხარხარებდა და თან ამ ხარხარში უცნაურ ბგერებად დაშლილი სიტყვები ისმოდა:
– უუუ ფ ა ლ ოოოო!!! ეს... ეეეეს... არსება არის შენი.... ხატი... შენი შექმნილი ... ხოდა დასტკბი...მიისი...სს...
ადამიანს ერთდროულად მეტყველებისა და მოძრაობის უნარი  წაერთვა და გრძნობდა, რომ ამ ხმას, ამ ხარხარს, ამ ბგერებს მისი სმენა და მისი გონება ვეღარ გაუძლებდა, გრძნობდა, რომ მალე გონება დაებინდებოდა...
_გაჩუმდი – გაისმა ხმა და ამ ხმამ ძალა დაუბრუნა, თვალებში გამოახედა, ცნობიერებაზე თანდათან მოიყვანა და აკანკალებული ხელის ზურგით ცივი ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა. იმ მხარეს გაიხედა, საიდანაც ხმა მოესმა. ჰაერში სილუეტი გამოიკვეთა, ჯერ წყლისმსგავსი გამჭირვალე, შემდეგ რძისფერ ღრუბელს დაემსგავსა და თანდათანობით ადამიანის ფორმა გამოიძერწა არაფრისგან.


***
–წყალი დალიე – მიაწოდა ჭიქით წყალი შემოქმედმა – შენ კი აქ არ გაგივა შენებური საქციელი, ნუ გავიწყდება სად ხარ და რატომ დაგიძახეს – მიუბრუნდა ვოლანდს.
– მომიტევეთ ჩემი უნებური თავშეუკავებლობა, ვეცდები აღარ შეგაწუხოთ მსგავსი გამოხტომებით – ირონიულად ჩაიღიმა ვოლანდმა.
შემოქმედმა პირქუშად შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, სათქმელი მისმა მზერამ თქვა.
ვოლანდი აწრიალდა და ზურგი შეაქცია.
ადამიანმა წყალი მოსვა და შვებით ამოისუნთქა. ამ წყალმა ძალაც შემატა, ნებაც დაუბრუნა და წყურვილიც მოუკლა. ჭიქა ქვის მაგიდაზე დადგა და ახლა–ღა მოახერხა შეეთვალიერებინა ის, ვინც ჰაერიდან იქცა ადამიანად. მაღალი, ხმელი აღნაგობის, მოგრძო პირისახის, თოვლივით თეთრი გრძელი თმა–წვერის კაცი იდგა მის წინ. თეთრი ფერის გრძელი, მთლიანი, უნაკერო კვართი ეცვა. ხელებს თითების წვერებამდე სახელოები უფარავდა. იდგა და მას უყურებდა. მისი მზერა რაღაცნაირ განწყობას უქმნიდა, თითქოს ტირილი მოუნდა, მაგრამ ეს არ იყო მწუხარებისგან გამოწვეული, უფრო რაღაც სხვა იყო. ვერ გაერკვია. იცოდა, თუ ახლა იტირებდა, ყველაფრისგან გათავისუფლდებოდა, გათავისუფლდებოდა სხეულისგან, ტვირთისგან, იმ ყოველდღიურობისგან, რომელიც სადღაც შორიდან, დედამიწიდან წამოეღო, ფიქრისგან, პრობლემებისგან... მაგრამ თავი შეიკავა, ტირილი ხომ მისთვის მიუღებელი იყო? მხოლოდ ერთხელ იტირა, ოღონდ აღარ ახსოვდა ეს "ერთხელ" როდის და რის გამო მოხდა.
– ვინ ხარ? – ეს კითხვა უფრო იმის გამო დასვა, რომ ტირილის გრძნობა ჩაეკლა თავის თავში, ვიდრე იმის გამო, რომ სინამდვილეში აინტერესებდა მისი ვინაობა.
 – ვინ ხარ? –გაიმეორა კითხვა, თუმცა შიგნით რაღაც ყრუდ ეუბნებოდა, რომ ოდესღაც უკვე ენახა, შეხვედროდა მას. ძალიან ნაცნობი და მშობლიური იყო ეს ხმა, მაგრამ ამავდროს ძალიან შორეული, სადღაც ღრმად, გალიაში ჩაკეტილი და მივიწყებული. ეს ხმა ეუბნებოდა რომ მის წინ ვინც იდგა, იყო ძალიან ახლობელი, მისი ნაწილი, მისი სული სულთაგანი და ხორცი ხორცთანგანი, და იყო ის... ის... ვერ იხსენებდა, ვერ ახერხებდა წარსულის ლაბირინთებში გზის გაკვლევას. ლამის წამოიყვირა – მამაა.. მა... მამა!!! მაგრამ იცოდა, რომ ის არ იყო მამა, თუმცა იქნებ იყო კიდეც?!. გაორებული გრძნობა დაეუფლა, უნდოდა გაქცეულიყო და დამალულიყო, უნდოდა დაეფარა ფიქრები, აზრები, ცხოვრება. იდგა და გრძნობდა, რომ ნელ–ნელა ხედავდა საკუთარ სიშიშვლესა და უძლურებას იმის წინაშე, ვინც ასე მდუმარედ შესცქეროდა სევდიანდ და სინანულით, თბილად, მამობრივი სიყვარულით... უნდოდა მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და ეყვირა: – არა, ნუ მიყურებ ასე, მე არა.. არ ვარ მკვლელი, ქურდი...  არაფერი დამიშავებია!!! _  მაგრამ ვერ იგონებდა, თუ რა დააშავა ან როდის? ან რატომ უნდოდა პატიება ეთხოვა ქურდობისა და მკვლელობისთვის, რომელიც არასდროს ჩაუდენია.
–ვინ ხარ? რა გქვია?
– რაისთვის იკითხავ სახელსა ჩემსა?

***


ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას.
22. და აღდგა მას ღამესა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი თჳსნი რა ორნი მჴევალნი და ათორმეტნი ძენი მისნი და წიაღმოჴდა წიაღმოსლვასა მას რაბოკისასა და წარმოიყუანნა იგინი.
23. და წიაღმოჴდა ნაღუარევსა მას და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რა-ცა იყო მისი.
24. და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.
25. და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.
26. და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.
27. და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.
28. და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო.
29. ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.
30. და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი".
31. და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით.

***
და იყო უკუნი ღამე იორდანიის უდაბურ მიდამოებში და დაბანაკებულიყო იაკობი თავისი სახლეურობით, მოჯამაგირეებით, მონებითა და მხევლებით მთის ძირას. და იყო მისი პირუტყვი აურაცხელი, როგორც ზღვა. სამოცდაჩვიდმეტი კარავი გაეშალათ. და ათ კარავში ეძინათ იაკობის ცოლებსა და შვილებს, დანარჩენებში მხევლებს, მონებსა და მოჯამაგირეებს. ცალკე კარავი დაედგა თავისთვის ამ მომთაბარეთა მეთაურს. ადგა იაკობი და გამოვიდა გარეთ, შეხედა ცას და იხილა ცაში უამრავი ვარსკვლავი. "ნეტავ რა ხდება ცის მიღმა?! ...და ამდენი ვარსკვლავი წინაპრები არიან ჩემნი, და თითოეული ვარსკვლავი ჩემი წინაპრის სულია. ისინი დამყურებენ მე და ამაყობენ ჩემით, ჩემი სიმდიდრით, შვილებით, ცოლებით, ჩემი პატიოსნებითა და გამჭრიახობით, ჩემი მორჩილებით და.. მაგრამ მე კი ვარ კმაყოფილი? ვარ კი მართლა ის, ვინც ვარ? იქნებ არც ვარ? იქნებ სიცრუეა ყველაფერი, რასაც მე ვხედავ? იქნებ მატყუებენ ჩემი თვალები და არაფერი არ მაქვს? იქნებ მძინავს და არც ცოლები მყვანან, არც შვილები და არც მდიდარი ვარ? და ვინ ვიყავი მე? ძე ისააკისა, ტყუპისცალი ესაავისა, რომელმაც მოტყუებით მიიღო კურთხევა მამისგან და შემდეგ ლტოლვილი საკუთარი სახლიდან, განრისხებული მამისგან და ძმისგან ქცეული? შეფარებული სხვის კერას და მოჯამაგირედ დამდგარი? ან დავიბადე კი საერთოდ?! მიწოდეს კი იაკობი? იქნებ ეს ყველაფერი წამია, რომელიც განთიადის წინ ეზმანება ადამიანს? ვინ ვარ? ღმერთო! სად ხარ? ვინ ვარ მითხარი! ან შენ ვინ ხარ? სად ხარ? ვერ გიხილეს ჩემმა თვალებმა შენ და მუდამ ასე იქნება, ვერასდროს გიხილავ, რამეთუ არც მამას ჩემსას, არც პაპას ჩემსას, არ პაპის პაპას ჩემსას არ უხულავხარ ხილულად..."
ამ ფიქრებისგან გამოარკვია გზაზე მომავალმა კაცმა. იაკობი ბანაკიდან შორს გამოეტყუებინა ფიქრებს. უცნობი კი მოდიოდა ამ მრუმე ღამეში და თითქოს თან მოჰქონდა იორდანიის უდაბნოს სიმძიმე.  მოდიოდა დინჯად, უდაბნოსავით მდუმარე. ფეხს მყარად ადგამდა ქვიშაზე. მოდიოდა და თითოქს მასთან ერთად მთებიც წამომართულიყვნენ და ერთგული სპასავით გვერდი–გვერდ მოჰყვებოდნენ.
"ვინ არის? ამ შუაღამისას მარტო რას დაეხეტება ამ უდაბურ ადგილას? იქნებ ჯაშუშია? უცხო ტომელი და ავაზაკი? მოდის, რათა ჯერ დაზვეროს, შემდეგ კი ... ან იქნებ ესაავმა იცვალა აზრი და ახლა უნდა, მიხმოს თავისთან? ან იქნებ..?"
– ეჰეჰეი? შენ ადამიანო, ვინ ხარ და რას დაეხეტები ამ შუღამისას? – გასძახა უცნობს.
ის კი მოდიოდა მძიმედ, უპასუხოდ და ჩაფიქრებული.
– ვინ ხარ?! მითხარი სახელი შენი! მტერი ხარ თუ მოკეთე – გაბრაზება მოერია და ხმას აუწია იაკობმა.
კაცი კი მოდიოდა აუჩქარებლად და უტყვად. აჰა, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და იაკობის წინ გაჩერდა.
– შემერკინე – უბრძანა უცნობმა.
– რა გინდა? რატომ უნდა შეგერკინო?
– შემერკინე! – მკაცრად უბრძანა უცნობმა.
–არ მინდა. შენთვის არ მცალია, გამეცალე თუ მტრად მოხველ, ხოლო თუ მოყვარად ან თუ მგზავრი ხარ, გაიზიარე ჩემი კარავი, აქვე მაქვს ბანაკი, მოისვენე და შემდეგ მზის ამოსვლისას წადი შენი გზით – კეთილად მიუგო იაკობმა.
– შემერკინე – მიუგო მესამედ და მხარზე მძლავრად მოჰკიდა ხელი. უცნობის ხელმა მხარი დასწვა. თითქოს მთელი ქვეყნიერების ძალა და სიმძიმე უცნობის ხელში ჩაბუდებულიყო და იაკობმა ტკივილსგან და სიმძიმისგან ცალ მუხლზე დაიჩოქა. გაბრაზდა, ნებისყოფა მოიკრიბა და...
მთელი ღამე ეჭიდებოდნენ იაკობი და უცნობი. იაკობს ძალა მიეცა. ხან უცნობი სძლევდა იაკობს და ხან იაკობი უცნობს, მათი შერკინების ადგილას ღრმა ორმომ მშიერი ტურასავით  დააღო ხახა. მრუმე სიბნელეს უფრო მეტად ამუქებდა  შერკინებისგან ჰაერში ავარდნილი ქარი და ქარს აყოლილი ქვიშა... იაკობს თანდათან ძალა ეცლებოდა, უცნობმა ტოტივით მოიქნია იგი და იაკობის ზურგზე დაცემის ხმა ძვლებით სავსე ტომარის ჩხარუნივით შეუერთდა სივრცეს. არ დაახანა იაკობმა, სიბრაზისგან თვალდაბინდული, ტკივილშეუგრძნობი წამოვარდა ფეხზე და ხარივით აბღავლებული გაექანა უცნობისკენ, წელში შეუვარდა  და... უცნობის ძირს დაცემამ  მთები შეაზანზარა.  ოფლად იღვრებოდა იაკობი, მისი კვართი უკვე დიდი ხანია ნაფლეთებად იქცა. უცნობის სამოსს კი ერთი განარღვევიც არ ემჩნეოდა.
იაკობის წითურ პირისახეს დიდი ხანია მუქი ალისფერი დაუფლებოდა. განრისხდა იგი, რამეთუ, მისი სახელი იყო მძლეველი და ვერ ეგუებოდა დამარცხებას. "მე ვარ ის, ვინც დაგამარცხებს შენ!" მოეჭიდა და კიდევ ერთხელ  ბეჭებზე დასცა უცნობი... იაკობი უცნობს ზედ დაეცა. მძიმედ სუნთქვდა. გადატრიალდა ზურგზე, ესიამოვნა იარდანიის ხავერდოვანი ქვიშის  სიგრილე. თვალები დახუჭა. არაფერზე აღარ ფიქრობდა. უნდოდა ეს ბრძოლა შეწყვეტილიყო, დასრულებულიყო. ის კი ასე წოლილიყო, თვალებდახუჭული, დაღლილი, ძალა გამოცლილი და ნება დათრგუნული.
–დამმორჩილდი – თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო – დამმორჩილდი და აღიარე ჩემი ძალა, ჩემი სიძლიერე – უთხრა ფეხზე წამოდგარმა უცნობმა.
იაკობმა თვალები მძიმედ აახილა – არასოდეს... არასოდეს... მე ვარ მძლეველი, მე ვარ ძე ისააკისა, ძე აბრაამისა, ძე სემისა, ძე ნოესი.. ძე...
– ვინც არ უნდა იყო და ვინც არ უნდა იყვნენ შენი მამები, დამმორჩილდი და აღიარე ჩემი სიძლიერე...
– არასოდეს, მე ვარ... – წამოდგომას შეეცადა – ძე ისააკისა – ხელებზე დაეყრდნო – ძე აბრაამისა – ცალ მუხლს დაეყრდნო – ძე ნოესი – მეორე მუხლი მიაშველა – ძე საულისა – ორივე ფეხზე მყარად დადგა და გაექანა უცნობისკენ – და ვუხმობ ჩემი წინაპრების სულებს, რომლებიც ახლა ციდან დაგვყურებენ და მე შენ დაგამარცხებ! – გამოსცრა კბილებშუა ეს სიტყვები და ისევ წელში შეუვარდა უცნობს. უცნობმა თავი ვერ შეიკავა, წაბარბაცდა, წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელი წაავლო იაკობის ბარძაყს და... იაკობმა იგრძნო თუ როგორ დაუბუჟდა ბარძაყი, დაბუჟება ნელ–ნელა მოედო მთლიან ფეხს. გაუხევდა, თითქოს ხესავით ფესვები გაიდგა მიწაში... და გაქვავდა იაკობი – მე ვარ ჩემი წინაპრების სული და მე შენ დაგამარცხებ – შეპყრობილივით იმეორებდა ამ სიტყვებს, ხელები კი წელზე გველებივით შემოეჭდო უცნობისთვის და კბილებით  მტაცებელივით ჩაფრენოდა მის მხარს... სებორკილი ვერ გრძნობდა მის კბილებს, უხორცოსავით უგრძნობი იყო და ტკივილი არ ეხებოდა მას. იაკობს მოეჩვენა, რომ დრო გაჩერდა, მარადიულად გაგრძელდა შერკინება და ეს არასდროს დასრულდებოდა, არც ახლა არც მომავალში და არც არასდროს დაწყებულა, არამედ ყოველთვის ასე ერკინებოდნენ ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ მანადე, ვიდრე მისი მაამების ღმერთი შექმნიდა სამყაროს... მაგრამ იაკობი ცდებოდა, რადგან დრო მიდიოდა, არასდროს ჩერდებოდა, დროს თავისი წესი და განრიგი ჰქონდა და ის არც იაკობის და არც უცნობის გამო არ შეჩერდებოდა. "წიკ–ტაკ, წიკ –ტაკ" ჩურჩულებდა შარაგზაზე მიმავალი დრო, სულ არ ანაღვლებდა მათი ბრძოლა, მათი დაღლა, მათი ამბავი. "წიკ–ტაკ" მიაბიჯებდა იგი, რადგან სხვაგვარად არც შეეძლო, მისი გაჩენის წამიდან ასე უნდა ევლო, სანამ არ დასრულდებოდა გზა. წიკ–ტაკ – მაშინაც ასე მიდიოდა, როცა ადამი დაეუფლა ევას. წიკ ტაკ–  და აბელის სისხლი დაიღვარა ლიბანის ნაყოფიერ მიწაზე... წიკ ტაკ – და კაენს შუბზე ცოდვის ნიშანი ამოშანთეს... მას ეს არ ეხებოდა... მიდიოდა იგი გზაზე "წიკ–ტაკ"... და იშვა სეითი... დრო მიუყვებოდა შარა გზას... წიკ–ტაკ.. და ნოემ იგემა ღვინო. დრომ გვერდით ჩაუარა, არც უხილავს მისი სიშიშვლე, და იხილა ქამმა სიშიშვლე მამისა და დასცინა... არ გაუგონია დროს დაცინვა, არც ის გაუგონია თუ როგორ დასწყევლა მამამ შვილი და როგორ აკურთხა პატრიარქმა ძე თვისი სემი და ქანაანი დაუმონა მას... წიკ–ტაკ, წიკ–ტაკ.. და პირველი სხივი ამოიწვერა იორდანიის უდაბნოსა და ჰორიზონტის სარეცელზე და იხილა ცისკარმა შერკინება უცნობისა და იაკობისა...წიკ... წიკ.. წიკ...
– ახლა წავალ მე– თქვა უცნობმა და შეტრიალდა.
–შეჩერდი – სახელოში წაავლო ცალმუხლზე დაჩოწილმა იაკობმა – არ წახვიდე... არ გაგიშვებ სანამ არ მაკურთხებ.
უცნობი არც შემოტრიალებულა ისე ჰკითხა – რა არის სახელი შენი?
–იაკობი.
–არა, შენი სახელი იაკობი არაა, შენი სახელი ამიერიდან ისრაელია და ამ წამიდან შენ ღმერთის ტოლი ხარ  და ადამიანების მოდგმას განამრავლებ, ადამიანებზე ძლიერი იქნები აწ და მარადის...

–და შენ? შენ ვინ ხარ? რა გქვია?
– რაისთვის იკითხავ სახელსა ჩემსა?

четверг, 14 июня 2012 г.

პლაგიატია ადამიანი?! I თავი

L. plagiatus მოტაცებული

ოფიციალური განმარტებით კი:

ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისება; თავის ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის დაუსახელებლად.
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]


–შემოქმედო, თქვენთან ადამიანებზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსია, შემოვუშვა? –  დაუკაკუნებლად  შეაღო კარი თანაშემწემ.
– ისევ?– გაიკვირვა უზარმაზარ წიგნში თავჩარგულმა – ახლა რაღა მოხდა?
– როგორც ამბობს, სასწრაფო და მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი და თქვენს გარეშე ამის გადაწყვეტას ვერ მოახერხებს. უფლებამოსილება არ აქვს, ხომ იცით?– დაამატა თავის მხრივ თანაშემწემ.
–კარგი, შემოვიდეს, ოღონდ... მოიცა... 5 წუთი მაცადეთ ბოლო აბზაცსაც ჩავამთავრებ, ისედაც ვაპირებდი მის გამოძახებას, ოღონდაც იმდენად მნიშვნელოვანი არ მეჩვენა,ის რაზეც მინდა დაველაპარაკო, რომ ასე დილაადრიან დამებარებინა.
–კარგით – კარი გაიხურა თანაშემწემ.
არც წიგნის კითხვა და ბოლო აბზაცის ჩამთავრება გაუგრძელებია და არც შეკრული შუბლი გაუხსნია, ფიქრებში წავიდა.
"რა ვუყო ამ მოდგმას? ადამიანები...ჰმ..." არსებობის მაძილზე პირველად არ იყო, როდესაც თავის განხორციელებული ჩანაფიქრის მართებულობაში დაეჭვებულა, მაგრამ ყოველთვის უკუაგდებდა ამ ფიქრს, რადგან რწმენა და ეჭვი ერთად არასდროს თავსდებოდნენ, ეს მას არ ახასიათებდა. მძიმედ წამოდგა და გამჭირვალე სივრცეს გახედა.
"რა სილამაზეა" – გაიფქრა და ჩაიღიმა – "როგორც ყოველთვის, პატარა ბავშვებივით იქცევიან". პატარა ბავშვები უყვარდა. როცა რამეს აშავებდნენ ვერ უწყრებოდა, თუმცა იცოდა, რომ აუცილებელია სიმკაცრე, ამიტომაც ჩამოაყალიბა ის განყოფილება, რომლის უფროსიც ახლა კარს იქით ელოდა. 
–შემოუშვი– გაიფიქრა და კარიც გაიღო.
ახალგაზდული იერსახის ოფიციალურ სამუშო სამოსში გამოწყობილი განყოფილების უფროსი მაგიდას უხმაუროდ მოუახლოვდა .
–დაჯექი და მითხარი ამ დილაადრიან რამ შეგაფიქრიანა? – გაუღიმა, მისი ეს ღიმილი იმის მაჩვენებელი იყო, რომ მზად იყო მშვიდად მოესმინა ყველაზე საშინელი ამბავიც კი.
– შემოქმედო, არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ...
–საიდანაც გინდა იქიდან დაიწყე, უფრო სწორედ საიდანაც თვლი საჭიროდ იქიდან მოყევი რა ხდება დედამიწაზე.
– დედამიწაზე რა უნდა ხდებოდეს რაც მისი შექმნის დღიდან არ ხდებოდა?
– შექმნის დღიდან? – გაიცინა.
– უკაცრავად, სულ მავიწყდება, რომ შექმნის დღიდან რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში დედამიწა ყველაზე მშვიდი, წყნარი და ლამაზი ადგილი იყო, მაგრამ...– შეყოყმანდა, არ უნდოდა ეთქვა ის, რაც გაიფიქრა.
–მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამის მოდგმა გაჩნდა იქ და შემდეგ გამრავლდა, ყველაფერი შეიცვალა, არა?! – გაახმოვანა მისი ფიქრები.
–ასეა, სამწუხაროდ... – თავი ჩაღუნა განყოფილების უფროსმა.
–მოდი აქ – და როდესაც განყოფილების უფროსი მის გვერდით დადგა დედამიწისკენ მიუთითა – დღესაც ისეთივე მშვენიერია, როდესაც მაშინ,როცა ვქმნიდი და ბოლო მონახაზი მოვხაზე, სრულყოფილია იგი, რამეთუ მასში დევს ჩემი მთელი შემოქმედება, და იცი რატომ? ის არ დამისრულებია, უბრალოდ ბოლო მონახაზი მოვხაზე მხოლოდ... შემდეგ კი ვთქვი, სრულყოფილება არ სრულდება, სრულყოფილებას არ აქვს დასასრული...
– კი, ვიცი, მაგრამ... – ისევ არ დაასრულა სიტყვა.
–მაგრამ ადამიანებს არ ესმით ეს, არა? – ისევ თბილი და კეთილი თვალებით გაიღიმა შემოქმედმა– მოდი, ის მითხარი ახლა რაღა დააშავა ადამის მოდგმამ?
– რა უნდა დაეშავებინათ? როგორც ყოველთვის ისევ ის, რაც მათი შექმნიდან მოსდგამთ, თქვენ გპარავენ იდეებსაც და თავად თქვენს თავსაც კი..
–მერე? ამის გამო იყო რომ მოვარდი და გული გამიხეთქე? შე კაცო, დაგეცადა ჯერ, ყავას მაინც დავლევდი, გამოვფხიზლდებოდი, ინფორმაციას გადავხედავდი, წიგნს წავიკითხავდი, მათ აზრებს გავეცნობოდი და მერე დაწყნარებულზე დინჯად დავსხდებოდით და ვისაუბრებდით ისევ იმაზე, რაც მათ შექმნის დღიდან მოსდგამთ – გაეხუმრა და დაამატა – თან ეგ მე არ მაღელვებს და შენ ასე რატომ განიცდი?
–ახლა უფრო უარესადაა საქმე, შემოქმედო და მაგიტომ...– თავი ჩაღუნა განყოფილების უფროსმა, უნდოდა ხუმრობით ნათქვამი შენიშვნის გამო თვალებზე მომდგარი ცრემლი და სახეზე მოწოლილი სიწითლე დაემალა.
–კარგი, კარგი, ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ ვერც შენ და ვერც ისინი – თავი გაიქნია იქითკენ, სადაც დედამიწა ეგულებოდა, შესაბამისად, ადამიანები ცხოვრობდნენ – არ გინდა ახლა ცრემლები და გაწითლება. ვიცი მძიმე სამუშაო გაქვს და რთული კონტიგენტი გაბარია. ხანდახან ვფიქრობ, დამსახურებულ პენსიაზე ხომ არ გაგიშვა სადმე სამოთხეში? მოვალ მერე შენთან და ვისაუბროთ ბებრულად, ჩვენებურად – გადაიხარხარა შემოქმედმა, "ბებრულად" სპეციალურად ახსენა, ამით დროს უსვამდა ხაზს, დროს და მის სვლას. ასეთი ხუმრობა კი განყოფილების უფროსთან და თანაშემწესთან ძალიან უყვარდა, თუმცა ეს ხუმრობა თანაშემწეს არ ესმოდა რატომღაც.
–სამოთხე აღარ გამაგონოთ, მაქედან დაიწყო ყველაფერი – შესცინა განყოფილების უფროსმა – ახლა კი სეროზულად, დიდი ხანია იცით, რომ ადამიანებმა პროგრესს მხოლოდ ტექნიკური კუთხით მიაღწიეს და ხელოვნური ინტელექტების შექმნაც კი დაიწყეს,თუმცა მხოლოდ აქ არ მიუღწევიათ პროგრესისთვის, გენური ინჟინერიაც, ანუ მედიცინაშიც საკმაოდ წარმატებული წინსვლები აქვთ. რასაც ქვია, ბევრი რამ გაიგეს, მაგრამ მაინც ისეთი ველურები დარჩნენ, როგორც მაშინ, პირველყოფილები რომ იყვნენ და შიშვლები დაძრომიალობდნენ ხეებზე...
ეს შედარება შემოქმედს არ მოეწონა და შუბლი შეკრა – ისინი ველურებად არ შემიქმნია.
– ვიცი, შემოქმედო, ისინი ხატად შენად შექმენი – სწრაფად მიუგო განყოფილების უფროსმა – მაგრამ ეს ხატად შექმნა (არ ვიცი რატომ), არ იმშნოვეს თუ ვერ ან არ გაიგეს, ძნელი გამოსაცნობია. ერთადერთი მოდგმაა ცოცხალი არსებებიდან, რომელსაც ერთი ცუდი ჩვევა აქვს, მერყევები არიან როგორც რწმენაში, ისე ჭეშმარიტების შეცნობაში. ამის გამოა ზუსტად სირთულე რომ გვექმნება, გავარკვიოთ რა უნდათ საერთოდ და რისკენ ისწრაფვიან, იმდენად სწრაფად ეცვლებათ სურვილებიც და პოზიციებიც, რომ...
– ჰოოო, არადა ზუსტად ეგ არ უნდა ჰქონდეთ, რაც არის არის – ხელი ჩაიქნია შემოქმედმა – ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ მიზეზს, აქ მოსვლა რამ გადაგაწყვეტინა?
–მოკლედ, ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ იმ დონემდე არაა განვითარებული, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ფიქრი, თუმცა ადამიანები ცდილობენ ამაშიც კი გაგიტოლდნენ და შექმნან ისეთი ინტელექტი, რომელიც ყველაფერს დამოუკიდებლად გააკეთებს და იფიქრებს კიდეც და თან ადამიანების მაგივრად. 
–ანუ ტექნოკრატია უნდათ?
–თავადაც არ იციან რა უნდათ, ამ "კრატიებ"–მა კი საერთოდ გადარია ადამიანების მოდგმა და მარტო "კრატიებ"–მა კი არა "ისტებ–მა, "იზმებ"–მა და რაღაც უაზრობებმა კიდევ. ეგ ჩვენ არ ჩაგვიდია მათ ბუნებაში და საიდან გადაიღეს არ ვიცით...
–მე ვიცი სამაგიეროდ – ისევ ხელი ჩაიქნია მან – მაგათ ენაზე რა ეწოდება სხვისი აზრების, შემოქმედებისა თუ მიღწევების მითვისებას?
–პლაგიატი.
–ჰო, პლაგიატორები არიან ეგენი და თავადაც პლაგიატი სხვის მიერ....
– კი მაგრამ ეგ ჩვენთან არაა და საიდანღაც ხომ უნდა აეღოთ?
–გავიწყდება, რომ შენ გყავს "ძმებიც" და ერთი მათგანიც ერთ–ერთი განყოფილების უფროსია.
–ეგ რომელი? 
–ადამიანების ენაზე მისი სახელი გამოითქმის როგორც ვოლანდი, სატანა..
–აჰ..
–ის კი იცი, სადაც არის და რატომაც არის და ისიც იცი, რომ მისი პატივმოყვარების გამოა ბევრი რამ უკუღმა რომ მოხდა, ხდება და...
– კი მაგრამ მისი განყოფილება ხომ არალეგიტიმურია?
– რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ ფუნქციონირებს და თავის საქმესაც აკეთებს, ისე, დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტი ზუსტი ასლია ამ ყველაფრის – ჩაიღიმა შემოქმედმა – მოკლედ, ნუ გავიწყდება, რომ ვოლანდი ადამიანების გამოცდებისა და ატესტაციის განყოფილების უფროსია.
– ეგ სულ დამავიწყდა. მაშ, ეს ყველაფერი მაგ განყოფილების..
–კი, მაგ განყოფილების – არ დაამთავრებინა სიტყვა.
–მოკლედ, ახლა მარტო მე და შენ  ვსაუბრობთ ამ თემაზე და ისედაც ვიცი რაც უნდა მითხრა, თუ გინდა მე გეტყვი შენ სათქმელს – გაიცინა შემოქმედმა. განყოფილების უფროსი ისევ გაწითლდა.
–მაშ როგორ მოვიქცე? მარტო მე ვეღარ ვუმკლავდები ვეღარც განყოფილებას და ვეღაც.. – ჩაფიქრებულმა გააგრძელა – განყოფილების თანამშრომლები უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, აღარ შეუძლიათ და აღარც სურვილი აქვთ ადამიანების საქციელზე პასუხი აგონ.
–ასე შევთანხდეთ, მოვიწვიოთ კრება. სამივე მხარის წარმომადგენლებს შევკრებ და იქ ვნახოთ ვინ რას იტყვის და რამდენად დამაჯერებლად.
– ოღონდ ეგ არა – სასო წარეკვეთა განყოფილების უფროსს.
შემოქმედმა ხმამაღლა გადაიხარხარა – შენ უფრო რომლის გეშინია? ადამიანების გამოცდებისა და ატესტაციის განყოფილების უფროსისა თუ? – გამომცდელი, გამჭოლი მზერით შეხედა განყოფილების უფროსს და ისევ ალალად გადაიხარხარა.
– ადამიანების – ჩუმად ჩაიჩურჩულა განყოფილების უფროსმა – ეგენი ვოლანდსაც კი დააბნევენ, უფალო.
– ხოდა ძალიან კარგი, ცოტას გავხალისდები მაინც.

***

–შესაფერისი გარემოა – კმაყოფილმა დაუქნია თავი თანაშემწეს – ყოველთვის იცოდი როგორ უნდა გემოქმედა როცა ადამიანებს ეხება საქმე, თუმცა, შენ ხომ ადამიანი იყავი ერთ დროს? ადამიანი თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით. მიტომაც იყო, რომ შენ აგირჩია კლდედ, სახელსაც ამართლებ და ადამიანის ბუნებსაც – გაიცინა შემოქმედმა.
–მამლის ყივილსა და პავლესთან უთანხმობას არ მივიწყებთ ისევ ხომ? – გაბრაზდა თანშემწე – რით ვერ დაივიწყეთ. თან პავლეს რაც შეეხება... არ ღირს ამაზე ახლა საუბარი. ეგ ძველი და დავიწყებული ამბავია უკვე.
–არაფერი მიეცემა დავიწყებას, ჩემო პეტრე, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ეს შენი ნაკლი იყო მაშინ, უბრალოდ  სხვანაირად არც შეგეძლო მოქცევა და ცხოვრება, სამაგიეროდ მაშინდელ გამოცდილებას ახლა აქაც იყენებ და თან საუკეთესოდ. შენ უფრო ახლოს ხარ ადამინებთან ვიდრე მე.. ისინი დამშორდნენ მე... – სინანულით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები.
–არც მასეა საქმე, ადამიანები რომც დაგშორდნენ, შენს გარეშე მაინც ვერ იარსებებენ. სხვათაშორის, იმ დღეს ერთი ცნობილი მხატვარი ყვებოდა (მერამდენედ უკვე თვლაც კი ამერია) ერთ ნამდვილ ამბავს.
– რომელს? ესპანეთში ათეისტის ფანატიკოსობაზე? ოჰ, დალი, დალი... შეშლილი ადამიანი იყო და შეშლილად დარჩა ბოლომდე. ხანდახან ვფიქრობ კიდეც, აქაურობა ზედმეტად მოსაწყენი ადგილი ხომ არაა  მისთვის? იქნებ სჯობს ცოტა ხნით გაგვეშვა მისთვის შესაფერის ადგილზე? ჰა, რას ფიქრობ შენ?
–ეგ აქედან წამსვლელი აღარსადაა, იმაზე უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ეგონა, მიუხედავად იმისა რომ... მოკლედ, გინდათ მოგიყვეთ ესპანელ ჯარისკაცზე?
–კარგი, მოყევი, შენ თუ ბოლომდე არ გაცალე რამის მოყოლა, სულ ერთი და იგივეს დაუტრიალდები – ხელი ჩაიქნია შემოქმედმა – ამდენი წელია აქ ხარ, წესით, უნდა დაგვიწყებოდა ადამიანური გამოხტომები, მაგრამ როგორც ჩანს, ხანდახან ადამიანებსაც გაქვთ ჭეშმარიტების ლაკონური გადმოცემის უნარი – როგორ ამბობენ ადამიანები? ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო? – გადაიხარხარა შემოქმედმა და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა – თუმცა ზოგიერთ ჩვევას აქ მაინც დაივიწყებდი, სხვა გზა არ გქონდა.
ბოლო სიტყვები თითქოს არც გაუგონია, ისე დაიწყო ამბის მოყოლა პეტრემ, მაგრამ გულზე კი მწარედ მოხვდა – ესპანეთის რევოლუციის ამბები რომ მოხდა კი იცით თქვენ ეგ. ხოდა რამდენიმე დღე რომ გასტანა მაგ ვაკქანალიამ კატალონიაში ეგეც ცნობილია, მაგრამ წვრილმანი დეტალები არ გეცოდინებათ, რადგან როდის იყო, შემოქმედი ჭიანჭველების ბედით ინტერესდებოდა? თან თქვენს ყურადღებას ხომ მხოლოდ ერთეულები და ისიც რჩეულები იპყრობენ და არა ის ადამიანები, რომლებიც ამ ერთეულების ვნებებს ეწირებიან?!. – წეღანდელი სიტყვებისთვის სამაგიერო გადაუხადა და თან შეჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, სინამდვილეში კი იმის გადასამოწმებლად, მისმა ამ ბავშვურმა შურისძიებამ რა შედეგი გამოიღო. შემოქმედმა თვალები მოჭუტა და გამჭოლი მზერით შეხედა:
–ისევ არ იშლი შენსას ხომ? შენგან არაფერი გამოვა. მიდი გააგრძელე.
იმედგაცრუებული დარჩა თანაშემწე, ამ მიამიტურმა შურისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო: "ვერაფერს გამოაპარებ, არაფერი ეხება, არაფერი სწყინს, უსაზღვრო მოთმინება და სიქველე აქვს" გაიფიქრა გულდაწყვეტით, ხმამაღლა კი თხრობა გააგრძელა:
–ხოდა, ყოველთვის დასცინოდა დალი ნებისმიერ ძალმომრეობას, ნებისმიერ ფანატიზმს, ნებისმიერ რევოლუციას, მაგრამ ამ ამბავს რომ ყვება, ისეთ სახეს იღებს, თითქოს ჭეშმარიტებას დიდი დოზებით შეიცნობს... მოკლედ, დალი ამბობს, რომ ესპანელი ხალხი ბოლომდე ფანატიკოსია, მაშინაც კი როცა ღმერთს უარყოფს და მის არსებობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ რევოლუციის დროს ერთი ათეისტი ჯარისკაცი (იმ პერიოდში ათეიზმი ხომ მოდაში იყო ისევე, როგორც ახლაა) შესულა ერთ მიტოვებულ ეკლესიაში და კათოლიკური ჯვარცმა რომ დაუნახავს, შურისძიების წყურვილით აღვსებულა, ნეტარი ღიმილით, აუჩქარებლად მისულა ჯვარცმასთან და "ესეც შენ"–ო, "მაინც არ არსებობ"–ო ხმამაღლა დაუყვირია და მისი ძირს გადმოგდება და დამსხვრევა უცდია. ამ დროს მაცხოვრის ჯვარცმას უნებურად ხელი მოსტყდა, ჩამოვარდა და ხელზე დაეცა ჯარისკაცს. ჯარისკაცი წაქცეულა და სულიც განუტევებია, ოღონდ არა ჯვარცმულის მოტეხილი ხელის დაცემისგან, უბრალოდ ამ ჯარისაცს გული გაუსკდა. დასკვნა _ ადამიანები მაშინაც კი ფანატიკოსი მორწმუნეები არიან, როდესაც ყველანაირად ცდილობენ ღმერთის არსებობა უარყონ. საწყალი ჯარისკაცი, რას ერჩოდა თავის თავს?
–სად არის ახლა ის ჯარისკაცი? – ჩაფიქრებულმა იკითხა.
– სად?
–ჰო სად არის? აქ რომ მოხვედრილიყო, მეცოდინებოდა ვინ იყო, რახან არ ვიცი, გამოდის, რომ აქ არ მოხვდა.
–ჰო, აქ არ მოხვდა, სხვაგან მოხვდა, იქ, საიდანაც დაბრუნებაც კი შეუძლებელია.
–ჰო, სატანას არ უყვარს ათეისტები. ადამინებისთვის ეს ბედის ირონიაა, ისინი თავად სატანასაც კი არ უნდა.–დანანაბით ჩაილაპარაკა შემოქმედმა და სახეზე ხელი ჩამოისვა. პეტრემ ინანა ეს ამბავი რომ მოყვა. სატანას ხსენებამ ორივეს ხასიათი გაუფუჭა. ის ყველაფერში ეწინაღმდეგებოდა შემოქმედს, იმაშიც კი, რაც დაზუსტებით იცოდა, რომ ჭეშმარიტება იყო, მაგრამ ვოლანდმა ერთხელ ერთი თხოვნა მაინც დასტყუა უფალს  და მას შემდეგ არის, რომ ყველანაირად ცდილობს იმ ბავშვების განადგურებას, რომელიც ასე ძალიან უყვარს შემოქმედს.
–კარგი გვეყოფა გართობა – პავლე ფიქრებიდან შემოქმედის ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა .
–ადამიანებზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსს უთხარი მოვიდეს.
–ვის?! – ფიქრებიდან ნაუცბადევად გამოფხიზლებული პეტრე ვერ მიხვდა ვისზე იყო საუბარი  .
–ვის, ვის, გაბრიელს უთხარი შემოვიდეს ჩემთან.
თანაშემწემ წასვლა დააპირა, რომ მოულოდნელად შემოქმედის ხმამ შეაჩერა:
–პეტრე, რატომ ინადგურებენ ადამიანები თავებს?
ამ კითხვაზე არ იცოდა რა ეპასუხა  და ადამის მოდგმის ერთ–ერთმა პატრიარქმა თავი ჩაღუნა.
– თუმცა, რა აზრი აქვს? ეს მათი არჩევანია, მეც კი ვერ ჩავერევი ამაში... ესეც შენი ნების თავისუფლება... – დანანებით ჩაილაპარაკა და ზურგი შექცია თანაშემწეს – ახლა კი წადი, მიხედე საქმეს.