понедельник, 9 июля 2012 г.

პლაგიატია ადამიანი?! III თავი

-თუ იცი, ან თუ ხვდები აქ რატომ ხარ?
– არა, არ ვიცი.
– დაფიქრდი.
– არ ვიცი.
– და რომ გითხრან, აქ ადამიანების გამო ხარ და, რომ მათ საქციელზე მოგიწევს პასუხის გაცემა, რას იტყვი?
– და რატომ მე? მე მხოლოდ ჩემს თავზე და ჩემს საქციელზე ვაგებ პასუხს.
– ყველა ყველას საქციელზე აგებს პასუხს.წინ მიმავალი მის უკან მიმავლზე აგებს პასუხს, ეს თუ იცი?
– მაშინ თუ ასეა ვიღაცისგან დაიწყო და იმან აგოს პასუხი. ჩემგან არ დაწყებულა...
– და ეს ვიღაცა ვინ არის იცი?
– არა, არ ვიცი, ეგ ჩემი საქმე არაა.
– აბა რა არის შენი საქმე?
–ის, რაც მხოლოდ მე მეხება.
– და ის არ გეხება, თუ სხვა რას აკეთებს, საით ან როგორ მიდის? და რომ მისი ამ საქციელით შეიძლება ბევრი დაზარალდეს და ბევრიც გაფუჭდეს?
– ადამიანებს იმდენი ჭკუა უნდა ჰქონდეთ, რომ იცოდენ რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა გაჰყნენ და როგორ მოიქცნენ. მთავარია, მე არ დავუშვა შეცდომა და მე არ შემეხოს სხვისი შეცდომა.
– და რომ შეგეხოს ან დაუშვა შეცდომა?
– თუ შეცდომა დავუშვი, იმას მე გამოვასწორებ. ჩემს შეცდომაზე სხვა არ აგებს პასუხს და ასევე, თუ მე არ მინდა, არ შემეხება სხვისი შეცდომა.
–ასე დარწმუნებული რატომ ხარ?
– იმიტომ, რომ ვიცი რასაც ვაკეთებ. ყველა ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე მე ვაგებ პასუხს, ასევე ყველამ თავის გაკეთებულ თუ გაფუჭებულ საქმეზე უნდა აგოს პასუხი.
– რომ გითხრა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული?
– ეგ მასეა, მაგრამ მე რატომ უნდა ვაგო სხვის საქციელზე პასუხი?
– წარმოიდგინე ერთი გრძელი და უსასრულო ჯაჭვი, ეს ჯაჭვი, რგოლებისგან შედგება. ერთი რგოლიც რომ სუსტი აღმოჩნდეს, რა მოხდება?
– ჯაჭვი გაწყდება, მაგრამ ეგ ჯაჭვი რა შუაშია ჩემთან და ადამიანებთან? ნებისმიერი ადამიანი, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს და საკუთარ შეცდომებს მიხედავს, ცხოვრება უკეთესი იქნება. არ მიყვარს როცა ადამიანს თავისი ვერ მოუწესრიგებია და სხვის საქმეში ცხვირს ჰყოფს. 
– საინტერესო ცხოვრებისეული პრინციპი გქონია. არასდროს ჩარეულხარ სხვის საქმეში?
–მაქსიმალურად ვცდილობ არ ჩავერიო.
– მაშინ საათის მუშაობის პრინციპი თუ იცი? ერთი პატარა მექანიზმიც კი მთელი საათის მოძრაობაზე რომ აგებს პასუხს?
– საათები, ჭანჭიკები, ჯაჭვები და რგოლები არ გამოდგება მაგალითად, ადამიანები ცოცხალი არსებები ვართ და არა რაღაც ნივთები, რომელსაც ხელოსანი ან მესაათე სჭირდება, რომელიც გაწყვეტის ან გაფუჭების და გაჩერების შემთხვევაში, გაამთლიანებს ან მექანიზმს გამოცვლის. სხვას თუ უნდა იყოს პატარა ჭანჭიკი, თუ უნდა იყოს რგოლი, მაგრამ მე ადამიანი ვარ  და საკუთარ თავზე მე ვაგებ პასუხს, სულაც არ მხიბლავს ჭანჭიკად და რგოლად ყოფნის პერსპექტივა და მოდით პირდაპირ მითხარით რისი თქმა გინდათ. ასე შორიდან მოვლით მე ვერაფერს გამაგებინებთ. პირდაპირ თქმა მირჩევნია.
– კარგი, ამაზე მოგვიანებით, ახლა კი ის მითხარი, სად ხარ ის თუ იცი?
–არა არ ვიცი. და სად ვარ?
– სად? ამდენი ხანი ვერ მიხვდი?
– მე რას ვხდები და რას არა, ეს სხვა საკითხია,  ჯერ თქვენგან ველი პასუხებს.
– და რა გაინტერესებს?
– უკვე ვიკითხე, ვინ ხართ?
– და, რომ გიპასუხეს, დაუჯერე?
– სასაცილოა რა. თქვენ თუ თამაშისა და ხუმრობის ხასიათზე ხართ, სხვა საქმეა, მაგრამ მე სულ არ მეხუმრება, მითუმეტეს არ მეთამაშება.
– და რატომ თვლი რომ გეხუმრებიან ან გეთამაშებიან?
– კარგი, დავიჯერე, რომ ესენი ისინი არიან ვინც ჰგონიათ რომ არიან, მაგრამ შენ? შენ ვინ ხარ?
– და რატომ კითხულობ ჩემს ვინაობას, რომც გითხრა არ დაიჯერებ და აზრი მითხარი იმ პასუხისა, რომელსაც არ დაიჯერებ?
– და რომ დავიჯერო? მითხარი და ჩემი გადასაწყვეტია დავიჯერებ თუ არა.
– შენი გადასაწყვეტი არაა და არც მე ვაპირებ დაგარწმუნო იმაში, რისიც არ გწამს.
– და შენ საიდან იცი მე რისი ან ვისი მწამს?
– ვიცი.
–  არამგონია.
– ჰმ... რატომ ხართ ადამიანები ასეთი თავდაჯერებულები?
– ალბათ, ასეთებად დავიბადეთ.
– დაიბადეთ?
– ჰო დავიბადეთ.
– ღმერთი გწამს?
– არ ვიცი.
– როგორ თუ არ იცი? როგორ შეიძლება არ იცოდე რისი გწამს და რისი არა?
– შეიძლება, რახან ვამბობ, ე.ი. შეიძლება.
– ეშმაკი  გწამს?
– არ ვიცი.
– აბა რა იცი?
– ის, რომ მე ვარ ახლა აქ და გელაპარაკები შენ.
– და მე ვინ ვარ?
– არ ვიცი, მაგას შენგან გავიგებ, მაგრამ შენ არ მპასუხობ ვინ ხარ.
– და რომ გითხრა მე ვარ შემოქმედი, უფალი შენი და ადამიანების?
– და შენ ხარ შემოქმედი? სასაცილოა.
– რატომ არის სასაცილო?
– იმიტომ რომ ღმერთი არავის უნახავს და როგორ დაგიჯერო?
– უბრალოდ უნდა დამიჯერო. აი, ასე, მე გითხარი და უნდა დაიჯერო.
– მასე არაფერს ვიჯერებ.
– აბა როგორ იჯერებ?
– დამიმტკიცე.
–რა დაგიმტკიცო,. რომ მე უფალი ვარ?
– ჰო, დამიმტკიცე, რომ შენ უფალი ხარ.
– როგორ?
– როგორც გინდა. მე ხომ არ გიმტკიცებ, რომ ადამიანი ვარ?
– ხო, მაგრამ ადამიანი რომ ხარ მაგას დამტკიცება არ სჭირდება.
–მეც მაგას ვამბობ, მე ადამიანი ვარ და ამის დამტკიცება არაა საჭირო, რადგან მე ვარსებობ, მაქვს სხეული, მაქვს გონება, ვფიქრობ..
– და იქნებ არ ხარ შენ ადამიანი? არც არსებობ, არც სხეული გაქვს..
– მაშინ რა გამოდის? მაშინ ვინ ვარ მე?
– აი, ხომ ხედავ, დაიბენი
–არ დავიბენი, მე ვიცი, რომ ადამიანი ვარ. შენ კი მეუბნები რომ ღმერთი ხარ. მე შემიძლია დაგიმტკიცო, რომ ადამიანი ვარ, რადგან ჩემნაირი ბევრი არსებობს, შემიძლია სხვა ადამიანები განახო, დაგიმტკიცო, შენ კი.. შენ როგორ დამიმტკიცებ რომ ღმერთი ხარ?
–მარტივად, მე ღმერთი ვარ და მე შეგქმენი შენც და სხვებიც.
– შენ? სასაცილოა, შენ იმასაც ვერ დამიმტკიცებ, რომ ღმერთი ხარ და იმას როგორღა დამიმტკიცებ, რომ შენ შემქმენი?
– რატომ თვლი, რომ მე ღმერთი არ ვარ?
– იმიტომ, რომ ღმერთი არავის უნახავს, არავინ იცის როგორია იგი და საერთოდ, შენ ადამიანის სახე გაქვს, ადამიანივით გამოიყურები, საუბრობ, ფიქრობ, ლაპარაკობ ე.ი. შენ ღმერთი არ ხარ.
– და რატომ ფიქრობ, რომ ღმერთს არ შეუძლება ადამიანის სახე ჰქონდეს, ისაუბროს ადამიანივით, იფიქროს როგორც შენ და სხვებმა?
– შეუძლებელია, მაშინ ის ღმერთი აღარ იქნება.
–ეს ვინ მოიყვანეთ? – მიუტრიალდა გაბრიელს.
– ადამიანი. როგორც თქვით ისეთი ადამიანი, რომელიც საშუალო სტატისტიკური მონაცემებით არავისგან და არაფრით გამორჩეული იქნებოდა – დაბნეულად უპასუხა კითხვაზე გაბრილემა.
– კი, მაგრამ ეს საშუალო სტატისტიკურ ადამიანზე დაბლა დგას, იმიტომ, რომ არაფრის სჯერა გარდა საკუთარი თავისა და საკუთარი არსისაც კი არ სწამს.
–ზუსტად ასეთნი არიან დღეს საშუალო სტატისტიკური ადამიანები.
 შემოქმედი ჩაფიქრდა პირველად გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც გამორჩა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა?!შემდეგ ადამიანს მიუტრიალდა.
– და მითხარი როგორ ან რის შემდეგ დაიჯერებ, რომ ღმერთი ვარ?
– არ ვიცი, ეს შენ უნდა დამიმტკიცო, თორემ მე რა.
– ან რატომ უნდა დაგიმტკიცო? რწმენა და დაჯერება ხომ შენთვის არის მნიშვნელოვანი და არა ჩემთვის? შენ ჩემ არსებობას დაიჯერებ თუ არა, მაღიარებ თუ არა, ამით მე ხომ არც მემატება და არც მაკლდება არაფერი, რადგან ამით არც ჩემი არსებობა და არც ჩემი არსი არც იცვლება და არც კნინდება? შენი რწმენით ან ურწმუნოებით, ხომ ჩემი არსი არ იცვლება?  ათი მცნება იცი?
– კი, გამიგია. მაგრამ ახლა მე გკითხავ, თუ არ გჭირდება ჩემი რწმენა და ჩემი მხრიდან იმის დაჯერება, რომ არსებობ და შენ ღმერთ ხარ, მაშინ აქ რისთვის მომიყვანეთ? 
– ჰოო, და ყველა ასეთია იქ?! – ისევ გაბრიელს შეუტრიალდა და თან დედამიწაზე ანიშნა.
–არა ყველა ასეთი არაა, მაგრამ თქვენ ხომ არ მოგვეცით უფლება ისეთი ადამიანი წამოგვეყვანა, ვინც ზედმეტად ჩახედულია თეოლოგიურ საკითხებში? ან ისეთი, ვისაც ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნის დრო არ ამოწურვია?
–და ამას ამოეწურა?
– არა, მაგრამ..
– რა მაგრამ... ამის მოყვანას გთხოვდით მე? დამიწყო აქ დაკითხვები და მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნა, რომ მე ვარ მე, ეს დაუჯერებელი ამბავია.
– პეტრე! – ახლა პეტრეს მიუტრიალდა – შენ რას იტყვი? თუმცა შენ რა უნდა თქვა?
– ვიტყვი იმას, რომ ადამიანის ბუნებაა, ყველაფერში ეჭვი შეიტანოს და მხოლოდ ის ირწმუნოს რისი დაჯერებაც უნდა თავად. ადამიანები ფიცხებიც არიან, მიამიტებიც, ეჭვიანებიც და...
– ეგ უშენოდაც ვიცი. ამაზე რას იტყვი–თქო – თითით ანიშნა ადამიანზე.
–არაფერს, თავად თქვა საკუთარ თავზე – ამოიოხრა დიდმა პატრიარქმა და სინანულით შეხედა ადამიანს.
–  ყველგან როგორ წვდება შენი ხრიკები? – ახლა ვოლანდს მიუტრიალდა – ახლა მეც კი გამაოცე.
– არა, ეს ჩემი ხრიკები არაა, ჩემს ხრიკებს მხოლოდ იმათზე ვიყენებ,  ვისაც სჯერა ან არ სჯერა, აღიარებს ან უარყოფს თუნდაც ღმერთს ან თუნდაც სატანას. ესენი კი ახალი ჰიბრიდები არიან... დღეს რაღაც ახალი, ჰიბრიდული თაობა წამოვიდა.ამისნაირად "არ ვიცი", "დამიმტკიცე", "მხოლოდ ფაქტები" აკერიათ პირზე, დამღალეს უკვე  – მწარედ ჩაიცინა ვოლანდმა – ასეთებთან მეც კი არ ვიცი როგორ მოვიქცე.
– და საიდან მოხვედი ის თუ იცი ? – შემოქმედი ისევ ადამიანს მიუტრიალდა.
– საიდან უნდა მოვსულიყავი? სახლიდან... ისე, რასაც თქვენ ჩემზე საუბრობთ, სულაც არ "მეპრიანება", ამიტომ იქნებ ცოტა ეთიკის ფარგლებში ისაუბროთ? – მოსმენილი დიალოგების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ამას უკვე აღარ ელოდნენ, რადგან აქამდე ნებისმიერი სხვა ადამიანი, სულ მცირე, შეშინებული, თვალების ცეცებას დაიწყებდა და სიტყვის თქმაც კი გაუჭირდებოდა, არათუ შეპასუხება, ზოგიერთი კი გონებასაც კი დაკარგავდა, ეს კი, ეს სუბიექტი კი... ღმერთმა დანანებით ჩაიქნია ხელი და:
–ზუსტად გახსოვს, რომ სახლიდან მოხვედი? – გამჭოლად შეხედა.
ადამიანმა არაფერი უპასუხა.უკვე მობეზრდა ეს ყველაფერი, ერთი სული ჰქონდა აქაურობა დაეტოვებინა, რადგან ამდენი "შეშლილის" ყურება მისთვისაც კი მართლა მოსაბეზრებელი იყო. არადა, სიმართლე უნდა ითქვას, უყვარდა განსხვავებული აზროვნების ადამიანებთან ყოფნა, საუბარი, ამით დიდ სიამოვნებას იღებდა, მათთან ერთობოდა, კამათობდა, აკვირდებოდა, სწავლობდა, ესენი კი განსხვავებული შეხედულების კი არა ჭკუიდან შეშლილი საზოგადოების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდნენ.
– კარგი – ჩაფირდა შემოქმედი.
გაბრიელს მიუბრუნდა:
 – გაბრიელ, შენ ამბობ, რომ ადამიანები უკვე ისე იქცევიან, რომ მათ ქცევაზე პასუხისმსგებლობას აღარ აიღებს შენი განყოფილება. აუხსენი რაზეა საუბარი.
გაბრიელი მძიმედ წამოდგა, ხელები ზურგს უკან დაილაგა და:
– ადამიანების შექმნიდან აღარ დავიწყებ, ეს ისედაც იცის ყველამ.
– დაიცა, რა ადამიანების შექმნიდან? ეგ არავინ იცის ჯერ... დაზუსტებით არავინ იცის როდის შეიქმნა ადამიანი და..
გაკვირვებულმა გაბრიელმა  შეხედა:
– წიგნებს კითხულობ? უფრო სწორედ რელიგიურ წიგნებს?
– ზუსტადაც, რომ ვკითხულობ და ზუსტადაც რომ მაგიტომ ადამიანებმა არ იციან როდის, რატომ, ვინ ან რა გარემო~ფაქტორების გამო შეიქმნა ადამიანი.
– კი მაგრამ, თქვენ მართლა გამაგიჟებთ. ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ ვინ შეგქმნათ და რატომ?
– რაზე ამბობ? იმ ზღაპრებზე წიგნებში რომ წერია? ეგ ზღაპრებია და ზღაპრების კი ზრდასრულ, ნორმალურ ადამიანს არ უნდა სჯეროდეს – საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული სკამზე ჩამოჯდა და მოემზადა საყვარელი საქმიანობის დასაწყებად!
–არაა პრობლემა, თუ გნებავთ, ამაზე ვიკამათოთ, მე მზად ვარ კამათისთვის და დაგიმტკიცებთ კიდეც, რომ ნებისმიერი რელიგიური წიგნი ზღაპრებითაა სავსე – თან ისე მოავლო გარშემომყოფებს თვალი, თითქოს მოსწავლეებით სავსე ოთახში ყოფილიყო და ახალი გაკვეთლის ახსნისთვის მზაობას გამოხატავდა, ამ მზერით კი ამოწმებდა, მოსწავლეები ყურს უგდებდნენ თუ არა მისი სახით, დიად მასწავლებელს.
–ჰოოო, აი, ზუსტად ამას ვამბობ მეც – გაბრიელმა მწარედ ჩაიღიმა – ამათ უკვე აღარაფრის სჯერათ, ადამიანის შექმნასაც კი უკვე ზღაპრებს უწოდებენ.
– კარგით რა, ზღაპრებია აბა რა არის? ღმერთმა 6 დღეში შექმნა სამყარო, შემდეგ კაცი შექმნაო, მერე დააძინაო და მისი ნეკნიდან ევა შექმნაო და ესენი ზღაპრები არაა? სხვა რამეებზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც ყველანაირ კანონებს ეწინააღმდეგება?
– და ყველაფერი ასე პირდაპირ გაიგეთ არა? – სახე მოეღუშა პეტრეს.
–აბა, როგორ უნდა გაიგო? მაშინ ამიხსენით როგორ შეიძლება 6 დღეში ჯერ სამყარო შექმნა, მერე ადამიანი შექმნა, მერე დააძინო და მისი ნეკნიდან ქალი შექმნა? მერე კი ამ ორი ადამიანისგან მთელი კაცობრიობა შექმნა? თუ თქვენ ამას გააკეთებთ, თუ გინდა მარტო ზღაპრებს კი არა, რა ვიცი –დაფიქრდა – ყველაფერს დავიჯერებ.
– მე გამოგრჩით მაგ ზღაპარში – გაიცინა ვოლანდმა.
– არა, შენ საერთოდ, შენ საერთოდ იმას ადასტურებ, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია, თავისი სიუჟეტით და დასასრულით. ჰო, მართლა დასასრული ხომ საერთოდ მძაფრსიუჟეტიანი ფინალია, რომელიც ვიღაც სადისტი ღმერთის მიერ არის მოფიქრებული? – ხუმრობის ხასიათზე მოვიდა ადამიანი და თან თავისი მახვილგონიერების გამო კმაყოფილების გრძნობით აღივსო.ამ პასუხს ვოლანდიც კი არ მოელოდებოდა და შეშინებულმა შეხედა შემოქმედს, რადგან იცოდა, მისი განრისხება რასაც გამოიწვევდა, მითუმეტეს, როცა ასეთი ეპითეტით შეამკეს, მაგრამ შემოქმედი მშვიდი სახით იყურებოდა სადღაც სივრცეში და თითქოს არც გაუგონია ადამიანის წამოყრანტალებული სიტყვები. ვოლანდმა შევებით ამოისუნთქა.
– აჰა, დასასრულიც იცი? – ჩაერია პეტრე.
– დასასრული? კი ყველა ზღაპარს აქვს დასასრული და ამ ზღაპარსაც მოუგონეს დასასრული მეორედ მოსვლისა და სამყაროს განადგურების სახით.
–ჰოოო, და იქნებ თქვენეული ვერსიაც გვითხრათ როგორ შეიქნა სამყარო და ადამიანი? – თვალი მოჭუტა პეტრემ.
– ჩემეული? მე არ მაინტერესებს ეგ.
–არა, თქვენული ანუ ადამიანებისეული – საუბარში ჩაერია გაბრიელი.
–ანუ მეცნიერული?
–რაც გინდა ის დაარქვი, რაღაც ვერსია ხომ უნდა იყოს? ალტერნატიული ვერსია შექმნისა და დასასრულისა.
– ბევრია,  სიმართლესთან რომელიც ყველაზე ახლოს დგას, ეს დიდი აფეთქების თეორიაა, რომელსაც ადამიანები, მეცნიერები დიდი აფეთქების თეორიას უწოდებენ...
– აჰა, ეგ ვერსია ჩვენც გაგვივიგა – ირონიულად გაიღიმა შემოქმედმა – ოღონდაც რატომღაც მერე ჩიხში შევიდნენ ეგ თქვენი მეცნიერები...
– ჩიხში არ შესულან, უბრალოდ ექსპერიმენტების შედეგებს ელიან..
– რომელი ექსპერიმენტების?
–რას ქვია რომელი?.. დაიცა, აქ ჩემს დაკითხვას ახდენთ? ჯერ ის მითხარით თავად ვინ ხართ? – თავის დაძვრენა სცადა, რადგანაც ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, თუ რა ეპასუხა ამ კონტრშეკითხვაზე.
– მერამდენედ უნდა გითხრა ვინც ვართ? ამ თავისდაძვრენის მეთოდს რით ვერ გადაეჩვიეთ  ადამიანები? – გაბრაზდა გაბრიელი.
– დაიცა, გაბრიელ, ნუ ბრაზდები, ნუ გავიწყდება, რომ ჩვენ ადამიანს ველაპარაკებით – დაამშვიდა შემოქმედმა – და თან იმ ადამიანს, რომელიც დასაწყისისა და დასასრულის არსს ჩაწვდა. თუ მე სადისტი გამომიყვანეს, თავად მაზოხისტები ყოფილან, რომ ასეთ სადისტს გადარჩენას, დასჯას, პატიებას, სიკეთეს, შურისძიებას სთხოვენ 24 საათის განმავლობაში და მათ ქმედებებს შესაბამისი, კანონზომიერი შედეგი რომ მოჰყვება, მაგასაც მე მომაწერენ უმრავლეს შემთხვევაში და დიდი სიამოვნებით და სიამაყით იტანენ "ჩემი სახელით".
"არა რა, ტყუილად არ ავუჯანყდი, ის, რაც მე არ მეპატია, ეპატიებათ ამ უსუსურ, სუსტ, უნებისყოფო და იდიოტ სუბიექტებს" – გაბრაზება მოერია ვოლანდს, მაგრამ თავი შეიკავა.
– ვოლანდ, შენ ეგ პატივმომყვარეობა, ბოღმა და პირველობისკენ სწრაფვა გაგანადგურებს საბოლოოდ – ჩაფიქრებულმა შემოქმედმა ეს სიტყვები მხოლოდ ვოლანდის გასაგონად თქვა და ზურგი შეაქცია მათ.
– დავუშვათ, რომ დაგიჯერეთ შენ, ვოლანდს და პეტრეს, მაგრამ ამისი ვინაობა რომ ჯერ არ ვიცი? – კითხვა შეუტრიალა ადამიანმა გაბრიელს .
– ამდენი ხანია ჯერ კიდევ ვერ მიხვდი? – ირონიულად შენიშნა გაბრიელმა.
– არ გინდა, გაბრიელ, ადამიანები ცოტა ურწმუნოები ვართ, სანამ ჩვენი ხელით არ შევეხებით და ჩვენივე მიხვედრილობით არ ჩავწვდებით რაიმეს, მანადე, რაც არ უნდა ახლოს ვიყოთ ჭეშმარიტებასთან, არ დავიჯერებთ – გაიღიმა პეტრემ და გაახსენდა თავისი ახალგაზრდობა.
– ნურც ის გავიწყდება, რომ ზოგიერთი ადამიანი რომც შეეხოს, ან ჩაწვდეს ჭეშმარიტებას, თუ არ არის მზად მის მისაღებად (არადა, ამბიციები ისეთი აქვთ, იცოცხლე!),  ისე დაამახინჯებს, რომ ეს სუბიექტი მოგონილია იმათთან შედარებით, დაგავიწყდა ამ ბოლო დროს მეორე უკიდურესობამ რომ იჩინა თავი და საითკენ მიაქანებს კაცობრიობას?! – გაბრაზება ვერ დამალა გაბრიელმა. შემოქმედი მხოლოდ ყურს უგდებდა ამ საუბარს, მაგრამ არ ერეოდა, რადგან შესანიშნავად იცოდა, რომელ მეორე უკიდურესობაზე იყო საუბარი. ამის გამო გული სტკიოდა, მაგრამ გაკეთებით ვერაფერს აკეთებდა, ვერ ერეოდა ადამიანების ცხოვრებაში, რადგან ისინი ისე შეიყვარა თავიდანვე, რომ მათ ნების თავისუფლება მისცა, და ახლა ამ საბედისწერო სათამაშოდ ქცეულ საჩუქარს, თავისავე თავის საწინააღმდეგოდ იყენებდა ადამის მოდგმა.
– ხელით გეხებით ყველას, ე.ი. ადამიანები ხართ, ნუ ადამიანის მსგავსები მაინც, საუბრობთ, ეი.. ისევ ადამიანები გამოდიხართ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ადამიანები ხართ ყველანი, მაგრამ ან ძალიან შერეკილი ადამიანები, ან მამასხარავებთ – გაიღიმა პეტრეს მხარდაჭერით გათამამაბულმა ადამიანმა.
– აი, შემოქმოდო, ხომ გეუბნები, ამის გამო და კიდევ სხვა ბევრი მიზეზთა გამო აღარ შეგვიძლია აღარც მე და აღარც ჩემი განყოფილების თანამშრომლებს ამათი გაძლება – სასოწრკვეთილმა გაბრიელმა  ხელები გაასავსავა.
– ახლა ისევ რომ დავუსვათ კითხვა, თავიდან დაიწყებს კითხვებზე კითხვითვე პასუხის გაცემას და ასე გააგრძელებს დაუსრულებლად – საუბარში ვოლანდი ჩაერია – ამიტომ, იქნებ მე დამრთოთ ნება ავუხსნა ყველაფერი?
ყველას გაუკვირდა ვოლანდის ნებარტვის თხოვნა, რადგან იგი არასდროს არავისგან ნებართვას არ ითხოვდა.
შემოქმედმა თავი თანხმობის ნიშნად უხმოდ დაუქნია .
– მოკლედ, ჩემო კობა..
– დაიცა, საიდან იცით, კობა რომ მქვია? – გაიკვირვა ადამიანმა.
– აი, ხომ ხედავ – ხელები ისევ გაასავსავა გაბრიელმა – სიტყვის თქმას არ გაცდიან, ერთ სიტყვაში ათ კითხვას სვამენ – და მისავათებული ჩაესვენა ქვის სავარძელში, სამაგიეროდ, შემცბარი კობა წამოდგა ფეხზე.
– აქ ყველამ ყველაფერი იცის, მითუმეტეს შენზე და არამარტო შენზე, საერთოდ ზოგადად ადამიანებზე  და კონკრეტულად თითოეულ თქვენგანზე. ახლა აგიხსნი რაც ხდება, ოღონდაც, სანამ თხრობას არ დავასრულებ არ შემაჩერო, შევთანხმდით?
– და კითხვები რომ გამიჩნდეს რა ვქნა?
–რომ დავასრულებ, მერე დასვი ეგ შენი კითხვები – პეტრემ ღიმილით შეაშველა ვოლანდს პასუხი  – ასე სჯობს, შენთვისაც და საერთოდ, ზოგადადაც ასე სჯობს.
ადამიანი დაფიქრდა.
– კარგი, მოგისმენთ, მაგრამ თუ რამეა, რომ არ დამავიწყდეს, კითხვას დავსვამ მაინც.
– ღმერთო, ღმერთო!!! რატომ?!! – თვალები გადაატრიალა გაბრიელმა და შუბლზე იტკიცა ხელი.
– გაბრიელ, მოიკრიბე მოთმინება – გადაიხარხარა ვოლანდმა.
– მე მოგისმენთ, ოღონდაც, ვოლანდ, გაფრთხილებ, სრული სიმართლე ილაპარაკე, ვიცი, რაც გაქვს ჩაფიქრებული და არ გირჩევ საკუთარი თავი განტევების ვაცად გამოიყვანო – ვოლანდისკენ არც გაუხედავს ისე გააფრთხილა შემოქმედმა – ჩათვალე, რომ მხოლოდ გესწრებით აქ და არ ვერევი საუბარში.



Комментариев нет:

Отправить комментарий