пятница, 10 августа 2012 г.

როცა ზაფხულის სიცხეს გაციება ემატება (ანუ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები) და ამავ დროს, ჩვენი კულტურული უკულტურობის ზოგადი მიმოხილვა

გაგიკვირდება და, გავცივდი, გავცივდი კი არა, მგონი ამ სიცხეში, ზაფხულის პაპანაქებაში გრიპი "ავიკიდე"... ზუსტადაც, რომ "ავიკიდე"... მთელი კვირაა მხოლოდ იმას კითხულობენ ოჯახში, სად "მოვახერხე"?! ჰმ, საოცარია, მაგრამ ყოველ ზაფხულს რატომღაც "ვახერხებ" მთელი კვირა და ხანდახან 2 კვირაც კი სიცხიანი ვიყო (გააჩნია ვირუისს, ჩემს ფსიქო–ემოციურ მდგომარეობას ანდა იმუნურ სისტემას)...

არ არსებობს ჩემთვის ზაფხული და დასვენება... მაგრამ წელს მაინც მოვახერხე და დავისვენე, თუმცა არ "შემერგო", როგორც ვიცი ხოლმე თქმა... ფაქტიურად, ორი სავარაუდო დისლოკაციის ადგილია, სადაც "მოვახერხე" გაციება თუ გრიპის ვირუსის "აკიდება"... საირმეში და, რა თქმა უნდა, სახლში... დაივწყოთ საირმედან..

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ზაფხულს დავისვენე მთელი 2 კვირით!!! რა თქმა უნდა, ჩემმა წინადადებამ ვერ მოიპოვა ხმათა გადამწყვეტი უმრავლესობა და ზღვაზე მომიწია წასვლა. არა, არა არ იფიქრო, რომ ზღვა არ მიყვარს და ზღვაზე, ზღვის სანაპიროზე დასვენებას გავურბივარ, პირიქით, ზღვა ძალიან მიყვარს, მაგრამ მზის ქვეშ საათობით წოლა, რუჯის მიღება, ხალხმრავლობა, საღამოს კი რესტორან–კაფე–ბარების რეპერტუარის მოსმენა, თუნდაც კილომეტრებით მოშორებულ სახლში გქოდნეს ოთახი დაქირავებული, არ შემიძია და ვერ ვახერხებ ასეთ გარემოში დასვენებას... თუმცა, მაინც ზღვაზე აღმოვჩნდი, იმისდამიუხედავად, რომ მინდოდა მთაში წასვლა – ორი სავარაუდო დისლოკაციის ადგილი შევარჩიე ჩემს ჭკუაში – საირმე ან გუდამაყარი... თუმცა, ჩემი მოთხოვნების რაოდენიობა შევამცირე (დავტოვე ორი: არანარი საჭმლის მზადება და აუცილებლად შხაპი უნდა ყოფილიყო დაქირავებულ ოთახში და თანაც ისე, რომ ცხელი წყლით განრიგით არ მესარგებლა), ასევე, საკუთარი თავი ვაიძულე ზოგიერთი რამისთვის ყურადღება არ მიმექცია და მიუხედავად ზოგიერთი სუბიექტურ–ობიექტური გარემოებისა, იმ პერიოდში, რაც ზღვაზე ვიყავი, ჩემი ინტიმური სამყარო შევიქმენი და მოვახერხე დასვენება შინაგანადაც და ცოტა სულიერადაც. ასევე, იმ პირობით წავედი ზღვაზე, რომ ბოლო რამდენიმე დღით საირმეში ავიდოდით და აი, გათენდა ნანატრი 2 აგვისტო, დავიძარით ქობულეთიდან, გამოვიარეთ გურია, იმერეთში შემოვედით, ქუთეისს გამოვცდით და გადავუხვიეთ საირმისკენ... საოცრად კარგი ბუნება, გზაც მართლა კარგადაა გაკეთებული... საირმე.. მისი აღწერა გამიჭირდება, რადგანაც სიტყვები არ მეყოფა, და მაინც, რომც მეყოს ჩემი ღარიბი ლექსიკური მარაგი, ვერ გადმოვცემ იმ სილამაზეს, სიმშვიდეს და შინაგან განწყობას, რაც საირმეში განვიცადე, ოღონდაც მხოლოდ რამდენიმე საათით... რადგანაც... თუმცა... არ გავაგრძლებ იმის მოყოლას, თუ როგორ დამტოვა დედაჩემმა შუა საირმეში დიდი თქეშის ქვეშ მოკლე "შროტებით", მოკლე სახელოებიანი (პრეტელკებიანი) მაისურითა და ერთი ჩინური ქოლგის ამარა...  ვიდექი მთელი ნახევარი საათი ქოლგით ხელში და ვსველდებოდი... მანამდე – სანამ წვიმა წამოვიდოდა, ხალხი ისედაც ჟაკეტებით და ჯინსის შარვლებით, კეტებით, წინდებით დაირებოდა... მე კი გიჟი გადარეულივით დავდიოდი და შევყურებდი მთებს, კეთილმოწყობილ პარკს და სანატორიუმებს ვათვალიერებდი.. მოკლედ, წვიმამ როცა დასცხო, მივედი მანქანასთან და, მანქანა დაკეტილი დამხვდა, დედაჩემი კი წასული... რა თქმა უნდა, მობილური იქ იყო სადაც ყოველთვის არსს, ანუ მანქანაში...
ვიდექი და ველოდი დიდის მოთმინებით საკუთარი მშობლის გამოჩენას და ვფიქრობდი, როგორ შეუძლია დედაჩემს სიკეთის ისე ქმნა, რომ ყოველთვის ვზარალდები მე :D გადაიღო კოკისპირულმა წვიმამ და აააალილუია! დედაც გამოჩნდა... მე კი ცხიკინ–ცხიკინით დავხვდი... ერთი სული მქონდა მანქანაში ჩავმჯდარიყავი და თბილისში გამოვქცეულიყავი, აღარც საირმის თვალწარმტაცი და მელანქოლიური ბუნება (რომელიც, დედას თქმით, ჩემს შინაგან მელანქოლიურ სამყაროს ერთი ერთზე ესატყვისება) და აღარც არაფერი მაინტერესებდა... დუმილისა და ნერვების დაძაბვის ფასად მოკლედ და ლაკონურად ვთქვი: მივდივართ თბილისში... არ გაუპროტესტებია..
ჩამოვედით თბილისში და აი, აქ დაიწყო მეორე ვარიანტი ჩემი გაციების შესაძლო ალბათობისა: მთელი ამ დასვენების დღეების განმავლობაში დაგროვილი სარეცხი, რატომღაც მოვინდომე, რომ იმ ღამესვე დამერეცხა.. მომიწია მთელი ღამის გათენება და... დილით უკვე ვიგრძენი, თუ როგორ იკეტებოდა ჩემი სასუნთქი ორგანო, ანუ ცხვირი და როგორ მეწყებოდა წინაგაციების სიმპტომები, თუმცა, მე ვინ ვიქნებოდი, რომ ამისთვის და კერძოდ, ჩემი ჯანრთელობისთვის მიმექცია ყურადღება და მოვიარე, ბაზარი (4 გზა), მაღაზიები, ბანკი, შუადღის მცხუნვარე მზის ქვეშაც მოვახერხე ჩემი ქობულეური რუჯის თბილისური, გლდანის ბაზრისეული რუჯით უფრო გამუქებაც და კანის სულ მცირე მეორე ხარისხამდე დაწვაც (!!!) (არადა, ქობულეთში  I ხარისხის დამწვრობა მივიღე დილის 8 საათზე ცურვისას, მაგრამ მხოლოდ სხეულის კიდურებზე) და ვიგრძენი, რომ ზედმეტი რაოდენობით მოუწია ჩემს ორგანიზმს სითხის გამოყოფა ოფლის სახით!!! შემდეგ ორპირში დგომა... რა თქმა უნდა, ამას ვინ მიაქცია ყურადღება და სახლში ასულს დამახვედრეს "სასიხარულო" ინფორმაცია, რომ ენტერო–ვირუსით ძალიან ბევრი პაციენტი შევიდა საავადმყოფოებში, შესაბამისად როგორც ყოველთვის, წყალი – პირველი რაც კი შეიძლება მოუვიდეს ადამიანს თავში ასეთი ვირუსის წყაროდ!! გადადუღებულ წყალს მე ვერ ვსვამ, აი, მაცივარში გაყინულს კი დიდი სიამოვნებით დავეწაფე და...მეორე დღე უკვე ვიგრძენი, რომ სასუნთქი გზების გადაკეტვას ყელის სუსტი ტკივილიც დაემატა... შენც არ მომიკვდე, ჩემი ორგანიზმის მიერ "SOS"!!! ღილაკზე თითის დაჭერას და სიგნალის გაშვებას ისევ არ მივაქციე ყურადღება და ახლა სახლის მოწესრიგებას მოვყავი ხელი... საღამოს კი ორპირ "ნიავში" ვიჯექი სალონში და თავს ვიწესრიგებდი... შედეგმაც არ დააყოვნა და ორშაბათიდან დღემდე სტაბილური 37,2 ხაზი ფიქსირდება თერმომეტრზე თავისი გართულებებით (თავის ტკივილი, სუნთქვის გართულება, დაბალი სიცხე, დისკომფორტი, შფოთიანი ძილი, კოშმარული სიზმრები, ენ რაოდენობის სითხის მოთხოვნილება, "სელპაკის" ფირმის ცხვირსახოცის წამდაწუწუმ ხმარებისგან გაბუშტული, ლოთი ადამიანივით აწითლებული და დაკარტოფილებული ცხვირი და ნესტოები, წამლები, საბნის დაფარება ღამე რომ უფრო არ გაცივდე, ფანჯრებდახურულში ძილი, სამსახურში კონდიციონერის გამორთვა და ა.შ. და ა.შ.), მაგრამ მაინც მედგრად ვდგავარ და დავდივარ სამსახურში და სტახანოველივით ვიტან ამ სიცხეში ჩემი სხეულის საპასუხო რეაქციას ჩემსავე დაუდევარ საქციელზე... ეჰ, რას იზამ... რას არ აიტანს კაცი, მითუმეტეს, რომ უკვე მერამდენე წელია შევეჩვიე ამას... არადა, საოცარი ისაა, რომ ზამთარში იშვიათად ვცივდები... ეჰ, ეს უარყოფითი მხარეები, მოდით ახლა დადებით მხარეებზეც ვთქვათ ერთი–ორი სიტყვა, კერძოდ, დღევანდელ დადებით შედეგზე.
ჯერ მოკლე შესავალს გავაკეთებ ჩვენ საზოგადოაბაზე და მათ კულტურულ უკულტურობაზე: მოგეხსებათ, ქართველები ყველაზე კულტურული ერი ვართ მთელ სამყაროში – სამყარო შემთხვევით არ მიხსენებია, დიახაც სამყაროში და არა კონტინენტზე, მსოფლიოში ან თუნდაც ცივილიზებულ თუ არაცივილიზებულ დედამიწაზე, გლობალურად სამყაროში, ანუ მთლიანად მზის სიტემაშიც და მზის სისტემის გარეთაც... მაგრამ, ერთი ცუდი რამ გვჭირს, იმდენად კულტურული ერი ვართ, რომ ხშირად ზედმეტი კულტურულობისგან უკულტუროები ვჩავნართ (კი არ ვართ, უბრალოდ ასეთებად ვჩანვართ!!!), განსაკუთრებით, საზოგადოებირ ტრანსპორტში: სამარშურუტო ტაქსიში, ავტობუსში, მეტროში... ჩვენს უკანალებს ისე ზრდილობიანად ჩამოვადებთ სხვას თავზე, რომ ბოდიშის მოხდა მოგვეხათრება, მაგრამ სამაგიეროდ გაზების დაცლისგან თავის შეკავებას ვერ ვახერხებთ ხოლმე, ამიტომ ვინც სხვის თავზე ვსხედვართ და ისინიც ვის თავზეც ჩვენი უკანალები დევს, კულტურულად ვიტანთ ამ პროცესს მთელი წუთებით, საათობითაც კი და კარგი დიდი მანძილის გავლის განვლობაშიც კი (აღარ ვამბობ საქალაქთაშორისო სამრშრუტო ტაქსებზე)... რატომ? იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში ადგილების გაცვლა მოხდება (და თან აუცილებლად და უპირობოდ!), ანუ მომავალში ჩვენ ჩამოგვადონ უკანალები თავებზე, ისევე როგორც ჩვენ გვიდევს ახლა უკანალები სხვების თავებზე... მაგრამ, მეტრო ყველაზე ოპტიმალური გადაადგილების საშუალებაა ჩემთვის და ყოველდღიურად მიწევს ამ ტრანსპორტით სარგებლობა, მაგრამ დღემდე ვერაფრით მივეჩვიე იმ ფაქტს, რომ სამადგილიან, ექვსადგილიან სკამებზე ენ რაოდებობის ადამიანები ეკვეხებიან... მაქსიმალურად ვცდილობ ან არ ჩავეკვეხო არავის შუაში, მითუმეტეს, არ ჩავუჯდე ვინმეს კალთაში და არც არავის შევუშალო, თუნდაც დგომისას ხელი... ალბათ, ეს ჩემი ბრალიცაა, რომ მუდამ ასეთ "გაუგებრობებში" ვხდები, რადგან პირველი შემთხვევა არაა, როდესაც, ასე ვთქვათ, ან კალთაში მიჯდება ვინმე, ან უცერემონიოდ პატარა 10 სანტიმეტრზე მცირე ზომის დაუკავებელ/აუთვისლებელ ადგილს რომ დაინახავან (ეს ჩემი გაბარიტების ბრალიცაა ვატყობ, რადგან გამხდარი ვარ და მთლიანი სკამის ათვისებას ვერაფრით ვახერხებ ხოლმე), ეგრევე საკუთარ უკანალებს სნაიპერებივით უმიზნებენ, დებენ და მერე გწევენ ბოდიშის მოხდის გარეშე (ბოდიშსს ვერ მოსთხოვ, ეს ხომ უკულტურობაა, მოიხადო ბოდიში!). ამას მირჩევნია, ადამიანმა ადამიანურად მთხოვოს და ადგილსაც დავუთმობ და არც არაფერს ვიტყვი, თუმცა, ადგილის დათმობას რაც შეეხება ერთი პრინციპი მაქვს ისევ გამომდინარე ამ საზოგადოებაზე დაკვირვების შედეგად, ჩემი ნებით ადგილს ვუთმობ მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებსა და ორსულ ქალებს, სხვას აღარავის, რადგან... ეს კიდევ სხვა თემაა... ნუ მოკლედ, ამ კვირის ორ ვარიანტს ვწერ ჩვენი "კულტურულობის" შესახებ:

ბოლო სადგურია "ახმეტელი", რომელიც ჩემს სახლთან ახლოს არის, შესაბამისად, დილით მუდამ შემიძლია მჯდომიარე მდგომარეობაში ვიმგზავრო. გუშინწინ დავიკავე რა სამადგილიანი სკამის ბოლო მესამე ადგილი, ჩვეულ პროცედურას მივმართე, ამოვიღე ჩანთიდან წიგნი და დავიწყე კითხვა, განაპირას კიდევ ერთი ახალგაზრდა იჯდა, შესაბამისად შუაში ადგილი თავისუფალი იყო. "სარაჯიშვილის" სადგურზე შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი (ასაკი, ჩემი ვარაუდით 30 წელზე მეტის არ იქნებოდა),დაჯდა ამ თავისუფალ სკამზე, ოღონდაც, ჯდომაც არის და ჯდომაც, ამას ჯდომას ვერ დავარქმევდი, მას უფრო ჯდომა–წოლა ეწოდება... ნუ აღარ დავწვრილმანდები იმაზე, რომ წინა ღამის ნაბახუსევი ამთქნარებდა და ა.შ. სამაგიეროდ, მერე უკვე მართლაც, რომ ნერვების დაძაბვის ფასად მომიწია თავის შეკავება, რომ რამე არ მეთქვა. რაც უფრო კრეფდა სიჩქარეს მატარებელი, მით უფრო ქვემოთ მიცურავდა ამ ახალგაზრდის სხეულიც და ბოლოს, შევატყვე რომ ეძინა. ნუ რატომღაც მომერიდა მიმეთითებინა, რომ ნორმალურად დამჯდარიყო, რადგანც ვიფიქრე, სძინავს, ე.ი.ღამენათევია და ეტყობა სამსახურში მიდის (აბა, ნორმალური ადამიანი, ასეთ მდგომარეობაში სხვაგან სად წავა?!), შესაბამისად, სჯობს აქ მე ავიტანო დისკომფორტი, ვიდრე სამსახურში ვიღაცას მოუწიოს ამისი ასეთი ნახევრად ძილისმდგომარეობაში ყოფის ატანა–თქო, მაგრამ როგორც კი ვაიძულე ჩემი თავი, შემენარჩნებინა ეს მდგომარეობა და ძალით გაჩენილი კეთილგანწყობა, თითქოს ჯიბრზე, ისეთი "გაიზმორა" და თან ამ პროცესს შეუქცევადი რეაქციაც მოჰყვა – მაისური კისრამდე ისე აეზიდა, რომ მისი ნაპატიები ღიპის ბალნით დაფარული ადგილები გამოჩნდა.. ნუ შეიძლება ვინმემ თქვას, კი მაგრამ შენი რა საქმეაო, ფროიდისეული ლიბიდოსა და ფსიქოანალიზის გამოყენაბაც სცადოს, ასევე ქართული საზოგადოების საყვარელი ტერმინის გამოყენებით, შინაბერას წიკების იარლიყიც კი მომაკერონ,  მაგრამ არ ვიცი, უბრალოდ როცა ნაპატიები ღიპის ფხანვაც მიაყოლა ზედ და თან მეც და გვერდით  მდჯომი ახალგაზრდაც მართლა რომ მიგვკუჭა კუთხეებში, აი, მანდ უკვე აღმევსო მოთმიების ფიალა და მატარებელიც გაჩერდა "სადგურის მოედანზე"! წამოხტა ეს ახალგაზრდა და გავიდა... მე კი გონებაში  მომზადებული შეგონებით–დიდაქტიკური, სარკაზმულ–ირონიული ტრაქტატი შემახმა გონების რომელიღაცა კუნჭულზე ისე, რომ ენაზე გადმოტანაც კი ვერ მოვასწარი... ეს კიდევ არაფერი... ეს უბრალოდ ჩემი და ზოგადად ქართული საზოგადოების კიდევ ერთი კულტურული უკულტურობის გამოხატულებაა, რადგანაც ამ ყველაფრის თანამონაწილენი ვართ...

დღეს კი, ისევ დილით, შევედით (უფრო სწორად შემიტანეს პირადა მე) ვაგონში და ექვსადგილიანი სკამის ერთ–ერთ სკამზე მოვკალათდი, გვერდით ახალგაზრდა, ორსული გოგონა მომიჯდა, მოვერიდე, გადავჯექი სხვა სკამზე... ჩემს გვერდით ერთი, საკმაოდ დიდი გაბარიტების მქონე ქალბატონი (ასე 40 წლამდე) მოკალთდა. პროფესინალურად, მოხერხებულად, უცბად  თავისი გვერდებით გვერდითმჯდომისკენ მიმწია და თავის "მეგობარს" (რომელიც მის გაბარიტებს არ ჩამოუვარდებოდა თუ არ აღემატებოდა)მოუწოდა, რომ ჩაეტეოდა და დმჯდარიყო, რა თქმა უნდა, ისიც ასე მოიქცა და ფაქტიურად, ჩემი ადგილი აღარ დარჩა (რადგან ავტომატურად, მე ჩემს გვერდითმჯდომს ვავიწროებდი და ხელს ვუშლიდი), ანუ ზედმეტად ვიგრძენი თავი, წამოდგომა და ვაგონიდან გასვლა დავაპირე, რომ მოულოდნელად დაიკეტა კარი და ვერ მოვასწარი გამორიდება... არ ვიცი ჩემს გონებაში რა მოხდა, რა მექანიზმი ჩაირთო, რომელმა მე–მ მოისაზრდა მიტრიალებულიყო ამ ქალისკენ და ეკითხა:
–უკაცრავად, ხომ არ გიშლით ხელს?
–არა, იყავით, არ გვიშლით...
ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ წამის მეათასედებში, ისევ წინ ჩემი სხვა მე წამოვიდა და:
– არა, იმიტომ გეკითხებით, რომ გაციებული ვარ და რაც უფრო მეტად ჩამეხუტებით, მით უფრო ადვილად დაიმფიცირდებით...  და სახეზე ღიმილი ისე ამეწება, მეც კი გამიკვირდა – საიდან... როგორ?!!!
ამის თქმა იყო და ორივენი ისეთები წამოცვივდნენ, თითქოს გაციებული კი არა კეთროვანი ვარ–თქო მეთქვას...
ერთი კია, გავიგონე, როგორ თქვეს: ამ სიცხესა და ზაფხულში გაციება ნამდვილად არ გვინდა–ო და მე თვითკმაყოფილმა ჩემი ყოლვედღიური რიტუალის ჩასატარებლად მოვემზადე, ამოვიღე წიგნი გადავშალე და .. საკუთარ თავსე გავბრაზდი, ოღონდაც მიზეზი ვერ გავარკვიე, რატომ გავბრაზდი? მათზე კი არა, ჩემზე გავბრაზდი, მართლა სერიოზულად ვლანძღავდი გუნებაში საკუთარ თავს, რადგანაც რაღაც ისეთ ვთქვი, რაც არ მინდოდა მეთქვა, რა მოხდებოდა, ამეტანა ზედმეტი ჩახუტება? სიცხე? მიკუჭვა? ამეტანა ჩემი უჩინარობა? თუნდაც "დამემალა", რომ გაციებული ვარ და ამეცილებინა მათ მზერა, მზერა რომელსაც დარწმუნებული ვარ, არ იმსახურებდა კეთროვანიც კი არათუ, უბრალოდ გაციებული ახალგაზრდა...ისევ ჩემი პიროვნების დათმობით, ისევ ჩემი თავის უკანა პლანზე გადაწევით ამეტანა, რა იქნებოდა? იქნებ რა სჭირდათ? იქნებ ცუდად იყვნენ? იქნებ და ასეთი იქნებ და ათასი ასეთი მიზეზი იმისა, რასაც მათ გასამართლებად ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი მეორე მე მეუბნებოდა, რომ ეს ხომ პირველი შემთხვა არ იყო და არ არის? ისევე როგორც მომავალში არ იქნება დამ რომ ასეთი გამართლებები მათ აქვთ: ფეხსაცმლის მოჭერის, უჰაერობის, სიცხის, უბრალოდ იმის გამო, რომ შენ ახალგაზრდულად გამოიყურები და უბრალოდ ვალდებული ხარ, თუნდაც ბოლო სადგურზე ადგე და დაუთმო ადგილი, რადგან ასაკი არ გეტყობა შენ და ა.შ. და ა.შ. და მივხვდი, რომ საკუთარ თავთან პირველად მოვიქეცი სწორად, რომ საკუთარი მე სხვაზე წინ დავაყენე და, რომ ეს ახლა არ დაწყებულა, რომ მე სხვის პიროვნებას არ ხელვყოფ და ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა, რომ ყოველთვის ვიფიქრო ის, რომ სხვასაც იგივე უფლებები აქვს, რაც მე და, რომ ზედმეტად არ უნდა შეაწუხო სხვა, და, რომ "ნაგლი" არ უნდა იყო და, რომ ჯობს ითხოვო, ვიდრე მოიპოვო ის, რაც გინდა, მაგრამ გრძნობ, რომ არ გეკუთვნის და ამ რაღაცაზე სხვასაც იგივე უფლება აქვს რაც შენ.. არ ვიცი, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ქართველები ყველაზე კულტურული უკულტურო ერი ვართ ამ საკითხში და იმ საკითხშიც, რომ შეგვიძლია: საზოგადოებრივი საპრიფარეშო არ ჩავრეცხოთ და ისე დავუტოვოთ ჩვენს სემდეგ შესულ ადამიანს ჩვენი "ავლა–დიდება", სამაგიეროდ, საკუთარი საპრიფარეშო ისეთი სუფთა გვქონდეს, რომ ენით ალოკო, რომ სანაპიროზე (და არამარტო სანაპიროზე) შეგიძლია ნაგავი დაყარო, ფიზიოლოგიური მოთხივნილებანი დაიკმაყოფილო, ბინის და სახლის ფანჯრიდან ნაგავი გადაყარო;  ზღვაში მოისაქმო, პამპერესები (ეს ყველაზე მსუბუქი რამ, რაც შეიძლება ზღვამ შემდეგ უკან დააბრუნოს) გადაყარო და ა.შ. რომ მეზობელს კარის წინ სახლიდან და ბინიდან გამოტანილი  ნაგვით სავსე ცელოფანი "დაუტოვო" და ქურდივით გაიძურწო, რომ მეზობლის მანქანა გაფხაჭნო, დაკაწრო, რომ მანქანა იქ დაყენო სადაც არ უნდა გააჩერო, მერე რა, რომ სხვას გამოსვლაში შეუშლი ხელს?! რომ ტროტუარზე ფეხით მოსიარულის ადგილი აღარ დატოვო და ჯიპებით თუ მსუბუქი მანქანებით ისე ჩახერგო, რომ მერე შენც კი გაგიჭირდეს ამ მანქანის გამყვანა, რომ სადაც მოგვეპრიანება იქ გადავკვეთო მანქანის სავალი გზა; მზესუმზირის ჩენჩოები ვყაროთ ურნის წინ ან თუნდაც პირდაპირ ქუჩაში, ქვაფენილზე, რომ ნაყინის ქაღალდები ზღავში, სკვერში სკამზე ან თუნდაც სადმე ისეთ ადგიალს დავაგდოთ, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება სხვა დაზარალდეს ქაღალდზე გამდნარი ნაყინის წვეთებით; რომ სიგარეტის ნაწვავი ჩავაგდოთ ქაღალდებით სავსე ურნაში და ცეცხლი გავაჩინოთ... კიდევ გავაგრძელო? არ ღირს, რადგან ასე ჩვენს "კულტურულობას" და "ეროვნულობას" შეურაცხჰვყოფ...

Комментариев нет:

Отправить комментарий