четверг, 31 июля 2014 г.

დიახ, მე არ ვარ მონა!!!

დიახ, მე არ ვარ მონა!!! მე ვარ ადამიანი, შექმნილი ღმერთისგან, სრულყოფილად შექმნილი და განვითარებისთვის მოვლენილი... ნუ გგონიათ, რომ სრულყოფილება არ ვითარდება... ეს მცდარია და ჭეშმრიტებას აცდენილი დოგმაა...

 დიახ, მე არ ვარ მონა, რადგან თავისუფლება თან დამყვა, დაბადებიდან დამყვა და მას ვერავინ და ვერაფერი წამართმევს. დიახ, მე არ ვარ მონა!
 თავისუფალი ვარ!
 ეს ჩემი თანდაყოლილი ბუნებრივი მდგომარეობაა, ჩემი თანდაყოლილი უფლებაა, შინაგანი ხმაა, ძახილია, შინაგანი განცდაა.
დიახ, მე არ ვარ მონა! და ეს ვიცი! ვიცი და ვამაყობ იმით, რომ ვარ ადამიანი, შექმნილი თავისუფლებისთვის, შინაგანი თავისუფლებით შობილი და შემდგომ სიცოცხლის გზაზე განვითარებისთვის დამდგარი... და ზუსტად ეს განცდა არ მაძლევს უფლებას, სხვისი თავისუფლება ხელვყო! არავინ არ ხელყოფს მას, გარდა თავად ადამიანისა!

დიახ, მე ვერ ვიქნები მონა, რადგან ჩემი ძიების გზა, ღმერთისკენ მიმავალი გზაა!
ამიტომ, ის გზა, რომელიც მიდის ღმერთისკენ, ვერასდროს  იქნება გზა მონობისკენ!
დიახ, მე ვერავინ მიბრძანებს, ვერ დამიმორჩილებს, ვერავინ გადამტეხავს, ვერავინ დამდებს მონობის ბორკილს, ვერ დამდაღავს, ყურს ვერავინ დამისერავს მონობის ნიშნად. ვერავინ მიყიდის და ვერავინ გამყიდის...
 დიახ, მე ვარ შექმნილი თავისუფლად და თავისუფლებისთვის, ეს კი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც იცი ამ თავისუფლების საფასური (ის შეუფასებელია, ფასდაუდებელია), ამიტომაც ვერანაირ მატერიალურ სიმდიდრესა თუ კეთილდღეობაზე ვერც გაიცვლება და ვერც გაიყიდება!

დიახ, მე ვარ თავისუფალი, დაბადემამდეც და დაბადების შემდეგაც, რომელიც მოვლენილი ვარ ამ თავისუფლების განსაცდელად და შემდგომი განვითარებისთვის, განვითარებისთვის, რომელიც გადის ღმერთისკენ მიმავალ გზაზე და ერთადერთი მსაჯული არის ღმერთი, ერთადერთი ხმა ამ მსაჯულისა არის სინდისი, რომელიც მკარნახობს როდის ვუშვებ შეცდომას, როდის ვაშავებ რამეს, როდის კი ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას ვადგავარ. გმადლობ, ამისთვის, ღმერთო!
დიახ, თავისუფლება – ეს ჭეშმარიტების ძიების გზაა, ჭეშმარიტება კი საკუთარ თავზე გავლით ღმერთისკენ მიდის.

დიახ, მე ვარ თავისუფალი და ამ თავისუფლებას ვერავის დავუთმობ, რადგან ყველას ჩვენ–ჩვენი უნივერსალური, უნიკალური და ინდივიდუალური ბუნებიდან გამომდინარე, ეს მდგომარეობა გაგვაჩნია, მაგრამ, ვაი, მას ვინც მას თმობს, ვინც ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს იყო თავისუფალი...
დიახ, მე ვარ თავისუფალი ინდივიდი, პიროვნება, რომელიც გუშინ იყო ცალ მუხლზე დაჩოქილი, ისევ და ისევ მხოლოდ ისვენებდა, რათა დღეს ორივე ფეხზე მყარად დამდგარიყო და  თავისუფლად გაეგრძელებინა ჭეშმარიტების ძიება.
არსაიდან მოეპოვებინა ის ძალა, რომელიც ამოძრავებს სულიერ არსებას.

დიახ, მე ვარ სრულყოფილად შექმნილი და განვიცდი ჩემში არსებულ მრავალ სამყაროს, მრავალ რთულ ორგანიზმს, მრავალ უჯრედს, რომლებიც ზუსტად ჩემნაირად, თავისუფლები არიან, მაგრამ ერთად, ერთობლივად, მოწესრიგებულად, რიტმულად თანავარსებობთ და უსასრულო სამყაროს მინი–მოდელს ვქმნით... დიახ, ელემენტარული ნაწილაკები მირიადნი არიან და მათ საკუთარი ფსიქოლოგია აქვთ, გააზრებულად და თავისუფლად ქმნიან ახალ ცხოვრებას, სიცოცხლეს, სამყაროებს... აი, რატომ ვარ თავისუფალი და სამყაროს თანაგანმცდელი...

დიახ, ჩემში მრავალი სამყარო ჩაიდო; დიახ, ჩემი შექმნის პროცესში მინი მოდელის ჩადებისას, სრულყოფილად შემქმნეს ამ სამყაროში და მხოლოდ ამ სამყაროში, ეს სრულყოფილება მაძლევს იმის გარანტიას, რომ გარდაცვალებამდე შინაგანი თავისუფლების განცდა ბოლომდე შევინარჩუნო...
მე არ მაქვს უფლება ჩემში არსებულ მრავალ უხილავ სამყაროს საარსებო წყარო შევუწყვიტო... არ მაქვს უფლება, რომ საკუთარ თავს ვუღალატო, ჩემში არსებულ მრავალ მე–ებს ზურგი ვაქციო და ვიქცე იმად, რაც ჩემთვის არაორგანულია... დიახ, მე ვარ მრავალბუნებიანი, რთული, რომელიც ყველაზე მარტივია, ისეთივე მარტივად რთულია როგორც თავად სამყარო შეცნობამდე...

ჩემი თანდაყოლილი და შემდგომ გამოწრთობილი ხასიათი, ფსიქიკა, მრავალუჯრედოვანი სხეული მაძლევს იმის ძალას, რომ ორივე ფეხზე მყარად დავდგე, გავშალო ხელები, სამყაროს ხმას ავყვე, ნიავს მივუშვირო სახე, ღრმად ჩავისუნთქო და ყველას გითხრათ: დიახ, მე არ ვარ მონა!!!

და გმადლობ, ღმერთო, სიცოცხლისთვის! 

четверг, 24 июля 2014 г.

"ნაირ–ნაირი ამბები" – ძველი საბერძნეთის ამბები, ანუ მოცალეობის ჟამს საკითხავი

კლავდიუს ელიანე – თავის თავს რომაელად მოიხსენიებდა. წარმოშობით აბატს, რომელიც რომის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ პრენესტედან იყო, ქურუმის მაღალი თანამდებობა ეკავა. მას ეკუთვნის ნაირ–ნაირი ამბები.

***

გადმოგცემენ, რომ მწვრთნელმა ჰიპომაქოსმა წნელი გააწნა თავის მოწაფე ათლეტს მაშინ, როცა მას გარს შემოადგა შეძახილებით აღტაცებული ბრბო და ისიც დასძინა: "შენ ცუდად და არა ისე, როგორც საჭირო იყო, შეასრულე ის, რის უკეთ შესრულება გმართებდა. კარგად რომ შეგესრულებინა, არავინ შეგაქებდა". ამით ჰიპომაქოსმა მიანიშნა, რომ ადამიანმა შექება არა ხალხისგან, არამედ ჭეშმარიტი მცოდნისგან უნდა მიიღოს.
როგორც ჩანს, სოკრატემაც არაფრად მიიჩნია ხალხის განკითხვა, რასაც მოწმობს კრიტონთან მისი საუბარი; ეს იყო მაშინ, როდესაც კრიტონი საპყრობილეში მივიდა და არწმუნებდა სოკრატეს, ათენელთა მსჯავრისგან გაქცევით დაეღწია თავი.

***
91–ე ოლიმპიური თამაშების დროს, როდესაც სრბოლის ასპარეზზე აკრაგასელმა ექსენეტოსმა გაიმარჯვა, ქსენოკლესი და ევრიპიდე ერთმანეთს ეცილებოდნენ. პირველობა ერგო ქსენოკლესს, რომელმაც წარადგინა "ოიდიპოსი", "ლიკაონი", "ბაკხი ქალები" და სატირული დრამა "ათამასი". მეორე კი იყო ევრიპიდე თავისი დრამებით _ "ალექსანდრე", "პალამედესი", "ტროელები" და სატირული დრამა "სიზიფოსი" და განა სასაცილო არ არის? _ ქსენოკლესმა გაიმარჯვა, ევრიპიდე კი დამარცხდა, თანაც ესოდენ მნიშვნელოვანი დრამებით.
ამრიგად, ორი მიზეზი შეიძლება დავუშვათ: ან უგუნურები და უმეცრები იყვნენ ისინი, რომლებიც კენჭს უყრიდნენ და მათთვის უცხო იყო სწორად განსჯა; ანდა შეიძლება ისინი მოისყიდეს კიდეც. ერთიც და მეორეც უღირსობაა და ათენელისთვის შეუფერებელი.

***

ძველთაგანვე გადმოგვცემენ, რომ ანიტოსი და მისი თანამოაზრეები გამუდმებით სდევნიდნენ სოკრატეს. მათ მოითათბირეს, სოკრატესთვის ცილისწამებით გაეტეხათ სახელი, რადგან არ იცოდნენ, როგორ განეწყობოდნენ ათენელები სოკრატეს ბრალდების მიმართ (სოკრატეს სახელი ხომ განთქმული იყო, სხვათაშორის, იმიტომაც, რომ სოფისტების არაჯანსაღ აზროვნებას ამხელდა, მათ ხომ არც უწყოდნენ და არც რას ამბობდნენ მნიშვნელოვანს) _ ამიტომ გადაწყვიტეს ცილისწამებით გაეტეხათ მისთვის სახელი. იმხანად მოშურნეები ვერც სასამართლოში იჩივლებდნენ და ვერ დამნაშავედ გამოაცხადებდნენ სოკრატეს, ვინაიდან ფილოსოფოსის აღშფოთებული მეგობრები მათ წინააღმდეგ განაწყობდნენ სასამართლოს, შემდგომ კი სოფისტები იძულებულნი გახდებოდნენ, პასუხი ეგოთ სოკრატეს ცილისწამებისთვის _ თან არა მარტო უდანაშაულო მოქალაქისა, არამედ ათენელთა სიამაყის უსამართლო ბრალდებებისთვის.
და რა ჩაიფიქრეს? არისტოფანემ, გონებამახვილობითა და მწარე ხუმრობებით გამორჩეულმა კომედიოგრაფოსმა, სოკრატე უბრალო მოლაყბედ გამოიყვანა კომედიაში. თითქოს სოკრატე ჭეშმარიტ ღმერთებს არ ცნობდა და თანაც ყველას, ვისაც კი მოძღვრავდა, თავისკენ იბირებდა. ამ დავალებას არისტოფანემ წარმატებით გაართვა თავი. მან დიდი ენამახვილობით, ოსტატური ლექსთა წყობით მიზანში ამოიღო ელინთა შორის საუკეთესო. კომედიაში მას დასაცინად ხომ არ უნდა გამოეყვანა კლეონი, ანდა ლაკედემონელები, არც თებელები და თუნდაც თავად პერიკლესი, არამედ ღმერთების, განსაკუთრებით კი აპოლონის სიყვარულით გამორჩეული კაცი. ამრიგად, კომიკურ სცენაზე სოკრატეს ხილვა უჩვეულო და გაუგონარი პარადოქსი იყო. ამ კომედიამ თავიდან უცნაურობით მიიზიდა ათენელთა ყურადღება, შემდეგ კი მათი აღტაცებაც კი დაიმსახურა, ვინაიდან ისინი ბუნებით შურიანები არიან და სახელმწიფოსა და მთავარ–გამგებელთა მიერ გამორჩეული ხალხის დაცინვა უყვართ. განსაკუთრებით კი, მათი, ვინც სიბრძნითა და ღირსეული ცხოვრებით გამოიჩინა თავი. ეს კომედია "ღრუბლები" სიამოვნებას ჰგვრიდა მოქალაქეებს და ტაშს უკრავდნენ პოეტს ისე, როგორც არავის სხვას და გამარჯვებულადაც აღიარებდნენ. თანაც სურდათ, რომ არისტოფანე გამარჯვებულთა შორის პირველი ყოფილიყო. ასე შეიქმნა არისტოფანეს ეს ნაწარმოები. თავად სოკრატე იშვიათად დადიოდა ხოლმე თეატრებში. ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ტრაგედიების შემოქმედი ევრიპიდე ახალი ტრაგედიებით წარდგებოდა. პირევსშიც კი ჩადიოდა, თუ იქ ევრიპიდეს დრამა იდგმებოდა. ფილოსოფოსი მას სიბრძნესა და პოეტური ღირსების გამო აფასებდა. მაშინ კლინიასის ძემ, ალკიბიადესმა და კალესხროსის ძემ, კრიტიასმა აიძულეს, წასულიყო იგი თეატრში ამ კომედიის სანახავად. ფილოსოფოსს არამცთუ არ მოეწონა, პირიქით, დიდად მოიძულა ეს სანახაობა და როგორც გონიერმა, სამართლიანმა, ღირსეულმა და ამასთანავე, ბრძენმა კაცმა აბუჩად ამგდებთა, შეურაცხმყოფელთა და უჭკუოთა მიმართ სიძულვილი გამოხატა. ამით მან დიდადაც გაანაწყენა კომედიის შემოქმედნი. არა მხოლოდ ანიტოსისა და მელეტოსის მზაკვრულმა შეთანხმებამ, არამედ სოკრატეს შეურაცხყოფამაც სახელი გაუთქვა კომედია "ღრუბლებს". სოკრატეს ცილისწამებისთვის არისტოფანეს, ცხადია, შემოქმედებისთვის ფულადი ჯილდო ერგო. ამ გაჭირვებულმა ღატაკმა და საცოდავმა, რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს, შეთხზული ტყუილისთვის გასამრჯელო აიღო. ეს მან თავადაც იცოდა. თხზულებამ ხალხში დიდი მოწონება დაიმსახურა. და ისე, როგორც არასდროს, მართალი აღმოჩნდა კრატინოსის სიტყვები, რომ თეატრში გონება სნეულდება. "ღრუბლები" იდგმებოდა დიონისეს დღესასწაულებზე და ელინთა უმრავლესობა წარმოდგენაზე დასასწრებად სხვადასხვა ქალაქიდან მოდიოდა. გამოჩნდებოდა თუ არა სცენაზე სოკრატე, მას ხმამაღლა სახელით მიმართავდნენ ხოლმე _ მართლაც ცნობდნენ მას. ეს მე არც მიკვირს, რომ გამოარჩევდნენ მას მაყურებელთა შორის (ნიღბის ოსტატებმა ხომ დიდი მსგავსების გათვალისწინებით შექმნეს ფილოსოფოსის სახე). ხოლო უცხოელები, რომლებმაც არ იცოდნენ, ვის დასცინოდნენ, ხმაურით წამოიშალნენ. მათ გამორკვევა დაიწყეს, ვინ იყო სოკრატე. ფილოსოფოსმა, შეიტყო თუ არა, რაც თეატრში ხდებოდა, მაშინვე იქ მივიდა. მან ხომ იცოდა, ვისაც ეძღვნებოდა კომედია და უცხოელთა შეცბუნების გასაქარვებლად პირველი ადგილი დაიკავა. იგი ფეხზე იდგა კომედიის მსვლელობის დროს, სანამ მსახიობებმა არ დაასრულეს თამაში. ძლიერი იყო კომედიისა და ათენელების მიმართ ფილოსოფოსის სიძულვილი.

***

ჩემთვის ცნობილია ფოკოსის ძის, ფიკონის მოსწრებული გამონათქვამი. ათენელთა სახალხო კრებაზე გამოსულმა მოქალაქეებს უგუნურებისათვის უსაყვედურა. მან მეტად გონებამახვილურად და სხარტად აღნიშნა: "ჩემი აზრით, ჯობია, თქვენ მომექცეთ მე ცუდად, ვიდრე მე _ თქვენ".

(თარგმნა თეა დულარიძემ _ძველი ბერძნული პროზა. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".თბილისი, 2013)

пятница, 18 июля 2014 г.

ვაი, ჭკუისაგან, ანუ ქართული სნობიზმი

პირველ რიგში, შესავლის ნაცვლად დავწერ, რომ ძალიან მომწონს, როდესაც ფასდაკლებით წიგნები გამოდის და მთელი რიგი გამომცემლობები ჩვენს განათლებასა და შემეცნებაზე ზრუნავენ, მეორე რიგში კი, მადლობას ვუხდი იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებიც საკუთარ ქსელში ამ წიგნებს უშვებენ საკუთარსავე ჟურნალებთან თუ გაზეთებთან ერთად, - მეორე და სხვა საკითხია, თუ რა სარგებელი და მარკეტინგული გათვლები ახლავს ამ ყველაფერს თან, მაგრამ მადლობის ღირსები ნამდვილად არიან. თუმცა, არის მეორე ნოც, მაგალითად, სიმართლე გითხრათ, იმდენად “გაყვითლდა” ჩვენი პრესა და არამარტო პრესა, მთლიანად მას-მედია, რომ მე, როგორც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, საზოგადოების რიგით წევრს სურვილიც კი არ მაქვს ან გაზეთი წავიკითხო, ან ჟურნალი ანდა ტელევიზორს ვუყურო. ათასში ერთხელ მაინც წამიცდება თვალი თუ ხელი, მაგრამ ვაი, რომ მაგ ათასში ერთხელაც კარგს ვერაფერს გაიგებ, მითუმეტეს, შეიმეცნებ... ახლა არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რა ჭორ-მართალი იწერება და მიდის მკითხველამდე თუ მაყურებლამდე, როგორ ირღვევა, მასიურად და უხეშად საქართველოს კანონები “საავტორო უფლებების შესახებ”, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” და სხვა, მაგრამ აღნიშვნის ღირსია, რომ არა წიგნების სიყვარული და მათი საკმაოდ მაღალი ფასი, ნამდვილად არ “წავეტანებოდი” ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს და ჩემნაირი, როგორც ვაკვირდები, საკმაოდ ბევრია...
რატომ გავაკეთე ასეთი და ამხელა შესავალი?! ძალიან აღშფოთებული და განრისხებული ვარ, ამიტომაც ვცდილობ ცოტა შორი გზიდან მოვუარო სათქმელს, რათა უფრო მეტად არ გავამწვავო ის საკითხი, რომელზე საუბარს და საკუთარი აღშფოთების გამოხატვას ვაპირებ...
მოკლედ და კონკრეტულად, სპეციალურად და შეგნებულად არც ჟურნალის სახელს ვასახელებ და არც იმ ჟურნალისტის ვინაობას, რომლის ვაი სტატიაზეც მინდა პასუხის დაწერა... პასუხის, რომელიც მირჩევნია ჩემს ბლოგზე დაიდოს, რადგან გადავწყვიტე, რომ დღეს “ბლოგერობა” და ბლოგი, ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მხოლოდ მეგობრებს კი არა, საზოგადოების ნაწილს მიაწოდო შენი სათქმელი, აბა, ისე ვერ გავკადნიერდები, რომ ჟურნალისტობა ვცადო, მითუმეტეს, ჟურნალის ფურცლებიდან ვეპაექრო კალამგამოწრთობილ ჟურნალისტებს...
რაშია საქმე? რატომ ასეთი მართლაც რომ შორით მოვლა, ანუ მოკლე სიტყვის გრძლად თქმა?! ძალიან მარტივია და, ალბათ, როდესაც ჩემი ნაწერის, თუ აღშფოთებული პასუხის ბოლო წინადადების წერტილს იხილავთ, არანაკლებ აღშფოთებული დარჩებით თქვენც.
მოკლედ, მორიგ წიგნს მოჰყვა ჟურნალი (თუ პირიქით, ჟურნალს მოჰყვა მორიგი წიგნი, ეს თქვენ გადაწყვიტეთ, ვისთვის ჟურნალი უფრო მნიშვნელოვანია და ვისთვის - წიგნი), შესაბამისად, ჟურნალის სტატიებსაც გადავავლე თვალი, - ნუ, რა ვქნა, სულიერი არსება, მითუმეტეს, ადამიანი ვარ, და ხანდახან მეც კი მძლევს ცნობისმოყვარეობის წადილი და თუ საინტერესოა, სიამოვნებით ვეცნობი კიდეც, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ და “ჩამოსულები”-სა და “თბილისელები”-ს (ე.წ. ხოხბების, პეროგაყრილების) ადათან-ბაბათაგან დაწყებული პაექრობა, ახლა უფრო გამწვავებულ-დისკრიმინაციულ ჭრილში ვიხილე ჟურნალის ერთ-ერთ გვერდზე... ყველაზე მეტად რაც მძაგს ეს რაიმე სახის დაჯგუფება, კასტებად თუ კლანებად დაყოფა, საცხოვრებელი თუ დაბადების ადგილების  “დატოლება” და ა.შ. დიახ, მძაგს...… ვინც მიცნობთ, ალბათ, იცით, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ასეთი აზროვნების მქონე ადამიანი... მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ სტატიაში, ვითომ კონტრშეტევაზე გადმოსული “ჩამოსული” ჟურნალისტი პირდაპირ გვწერს ე.წ. თბილისელ-ხოხბებს: “მოდი წარმოვიდგინოთ, თბილიში რომ მარტო თბილისელები ცხოვრობდნენ, რა მოხდებოდა?” და თავად სცემს დასმულ კითხვას პასუხს _ თურმე, რომ არა ჩამოსულები: “სახლები აუშენებელი დარჩებოდა, რადგან მშენებლობაზე ძირითადად ჩამოსულები მუშაობენ;”, ასევე, როცა თბილისელებს უკვე აშენებული სახლების რემონტი დაგვჭირდებოდა ანუ: “რემონტს დაექვემდებარებოდა და “მალიარს”, სანტექნიკოსსა და “გაჯავიკს” რომ ვერ იშოვიდნენ თბილისელები ელიავას ბაზრობაზე, ის სახლებიც თავზე ჩამოექცეოდათ” ანუ ჩამოგვექცეოდა.
თურმე ქალაქში არ იარსებებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, “რადგან ავტობუსებისა და “მარშუტკების” მძღოლებად ძირითადად ჩამოსულები მუშაობენ”; თურმე დედაქალაქში არც მაღაზიები იქნებოდა და არც და ვერც კარტოფილს, ხახვსა და ყავას ვიყიდიდით. ასფალტიც აიყრებოდა დროთა განმავლობაშიც და ნაგვითაც გაივსებოდა ქალაქი, რადგან გადამყრელიც არავინ იქნებოდა... გავაგრძელო, ჩემო თბილისელო და არა თბილისელო მეგობრებო თუ მკითხველებო?!
არ ვიცი ამ ჟურნალისტს რედაქტორი ანდა ვინმე მენტორი (მენტორი სალანძღავი სიტყვა არაა, ის ნიშნავს სპეციალურ მასწავლებელს, დამრიგებელს) თუ ჰყავს, მაგრამ ეს ცინიზმი (სხვა უფრო ცივილური ფორმის სიტყვა ვერ შევუსაბამე ამ ყველაფერს) მარტო თბილისელებს, ანუ “პეროიან ხოხბებს” არ გვეკუთვნის (რა ვქნა, ვარ ეს ოხერი თბილისელი, რადგან სხვაგვარად ვერ მოხერხდა და არც ვამაყობ ამით და არც ვინმეს გამო დავკომპლექსდები, თუმცა ამ პაპანაქება ზაფხულში ხანდახან კი ვნატრობ ვიყო “ჩამოსული”, გასაგრილებლად წასასვლელი ადგილი მაინც მექნებოდა), ეს უკვე ზუსტადაც რომ მისმიერვე წოდებულ “ჩამოსულებსაც” შეურაცხყოფს... იმის მაგივრად, რომ ჯანსაღად იაზროვნოს და საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე (რომელიც ზუსტადაც, რომ საზოგადოებაზე კონსტრუქციულ ზემოქმედებას ავალდებულებს), ასე ფესვგადგმულ პროვინციალიზმს (არც პროვინციალიზმია სალანძღავი სიტყვა, თუ ჩემი არ სჯერა ვინმეს, იხ. ლინკი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=32918) ებძოლოს, უფრო აღრმავებს მას და აღიზიანებს საზოგადოებას,  და იმდენი ეთიკაც არ ჰყოფნის, რომ საკუთარ თავსაც გვამადლის (მართალია, მის სიტყვებში სარკაზმიც შეიმჩნევა და ირონიაც, მაგრამ ეს არ შველის არც მკითხველს და არც დამწერს), რადგანაც ისიც “ჩამოსულია” და გვემსახურება ჩვენ (მისი სიტყვების  პერიფრაზაა)... გმადლობთ, პატივცემულო, დასაფასებელი და სამადლობელი სიტყვები გითქვამთ, აუცილებლად გიმსახურებთ, მითუმეტეს, რომ ჩემი ხელფასიდან გარკვეული ნაწილი ზუსტად თქვენს ხელფასზე მოდის - ანუ, თქვენს ჟურნალს წიგნთან ერთად როცა ვყიდულობ, თქვენ რომ ხელფასს იღებთ, იქ ჩემი ხელფასის ნაწილიცაა, ასე რომ მთლად უანგაროდ არ მემსახურებით, ხოლო დამადლებაზე თუ მიდგა საქმე, რა ვიცი რა ვიცი, შესაძლოა “თბილისელმა ხოხბებმა” “ჩამოსულ მწყერებზე” უფრო მეტი დასამადლებელი მოიძიონ... თუ ჩემი ნაწერი მოვა თქვენს ყურამდე, ან კომპიუტერამდე – ინტერნეტის გავლით, იმედი მაქვს, ჩემს ირონიანარევ სარკაზმსაც ჩაწვდებით და იმასაც მიხვდებით, რატომ გახსენებთ არისტოტელეს სიტყვებს: “ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი”. და ეს სიტყვის თავისუფლებასაც ეხება.. :)) ისე, იმასაც შეგახსენებთ, რომ უმჯობესი იქნებოდა არამარტო საქართველოს, არამედ თბილისის ისტორიისთვისაც გადაგევლოთ ცალი თვალი მაინც... ეს ისე, მოცალეობის ჟამს, გარეთ გასვლამდე წასაკითხად...დიახ, მე ვამბობ, რომ ვარ თბილისელი, თბილისელ ე.წ. “პეროიან ხოხბებს” ვეკუთვნი... დიახ, მე ვცხოვრობ გარეუბანში და არც ეს მეთაკილება; დიახ მე მყავს თქვენს მიერ ე.წ. “ჩამოსული” მეგობრები, მათ შორის რუსთავიდან, მისაქციელიდან, კახეთიდან, ქუთაისიდან, სოხუმიდან, ასევე თქვენს მიერ წოდებული პეროგაყრილი მეგობრებიც, რომლებიც ყავის სმითაც ტკბებიან, ცენტრალურ უბნებშიც ცხოვრობენ და ფეხი ფეხზე გადადებული ზეინტელექტუალურ თემებზეც საუბრობენ (ისევ ეს ოხერი სარკაზმი და ირონია)... დიახ, მე მყავს სანათესაო, როგორც დასავლეთ საქართველოდან, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან (ოღონდაც, ახლა ჩემს გენეოლოგიურ ხეს აქ ნუ ჩამომაწერინებთ და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შემიძლია საქართველოს ცენტრალური არქივისკენ მიგითითოთ, ისე, თუ ჩემს გასაკეთებელ საქმესაც გააკეთებთ, მთელი ცხოვრება თქვენი მონა-მორჩილი და მსახური ვიქნები - დღემდე მაინტერესებს, ვინ იყო ჩემი სულ-სულ პირველი წინაპარი)... დიახ, მე ოჯახში ისე აღმზარდეს, რომ არასდროს გამიმახვილებია ყურადღება ადამიანის საცხოვრებელ თუ დაბადების ადგილზე, მის კილო-კავზე... დიახ, მე “ვაფანატებ” მოხევეების, მთიულების, აჭარლების კილოკავზე... დიახ, მე მყავს მეგობრები სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსით, ასევე, მყავს სხვა რელიგიების მიმდევარი ნაცნობ-მეგობრებიც და მე მათით ვამყობ. დიახ, ზუსტად რომ პროვინციული აზროვნების ადამიანები (არ აქვს მნიშვნელობა დაბადების ადგილს) სჭარბობთ თბილისში, რომლებიც საკუთარი კომპლექსების დასაფარად ყოფთ კასტებად, ჯგუფებად, კლანებად ადამიანებს და მოგწონთ ეს. დიახ, პროვინციული აზროვნების ადამიანების წყალობით ღვივდება ეთნიკური, რელიგიური შუღლი, სეპარატიზმი...
დიახ, მე მინახნავს ბევრი ე.წ. “ჩამოსული”, რომელიც თბილისელს ეწევა და უსწრებს უმსგავსობაში...
დიახ, მე მძაგს სეპარატისტი ქართველი, თქვენს მიერ წოდებული “ჩამოსული”...
დიახ, მე მინახავს ე.წ “ჩამოსული”, რომელიც პირდაპირ ფანჯრიდან ყრის ნაგავს და ანაგვიანებს ქალაქს, ეზოს, ქუჩას, კორპუსს...
დიახ, თქვენს მიერ წოდებული “ჩამოსულისგან” ძალიან ხშირად დამიცავს სხვა კუთხის მკვიდრიც კი...
დიახ, ბევრჯერ მიმიცია შენიშვნა ზუსტად მაგ „ჩამოსული” ადამიანისთვის, როდესაც მზესუმზირას პირდაპირ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან - ავტობუსიდან ან სამარშრუტო ტაქსიდან ყრიდა გზაზე. დიახ, ზუსტად თქვენს მიერ წოდებული “ჩამოსულისთვის” მითქვამს, რომ მადლობა ღმერთს, მე არ ვარ შოვინოსტი, ნაცისტი, ფაშისტი და არ ვყოფ ადამიანებს კანის ფერის, ეთნიკური, რელიგიური და სხვა კატეგორიების მიხედვით; დიახ, ვაღიარებ, ბევრი მართლაც ლუკმა-პურის საშოვარზე თბილისში ჩამოსული (თქვენს მიერ ე.წ. “ჩამოსული”) ადამიანი ჩემთვის უფრო ძვირფასი გამხდარა და მათში უფრო მეტი ინტელექტი დამინახავს, ვიდრე ბევრ ძალით ინტელექტუალ, ვაი, ჭკუისაგან გასნობებულ ადამიანში;  დიახ, ე.წ. “პეროიანი თბილისელი ხოხბისთვის” პირდაპირ სახეში მიმიხლია, რომ იდიოტია, რადგან ზემოდან უყურებს სხვა ადამიანს და რომ მისი თბილისში დაბადების ჩანაწერი პრივილეგია სულაც არაა... დიახ, ბევრი მოკაიბიჭო თბილისელი (და არამხოლოდ თბილისელი, “ჩამოსული”) ელემენტისგან დამიცავს სხვა, მაშინ, როდესაც თქვენ და თქვენნაირი სარკაზმით სავსე ბევრი ადამიანი გაჩუმებული და გასუსული, სახემიბრუნებლი ისხედით საზოგადოებრივ ტრანსპორტში... დიახ, ძალიან ბევრი აღიარება შემიძლია აქ ჩამოგიწეროთ, მაგრამ არამც და არამც, არავის დავამადლი საკუთარ თავს, პირიქით, ეს მაგალითებიც მიტომ მოვიყვანე, რომ დაგანახოთ, პრობლემა თბილისელობა არათბილისელობაში კი არაა, არამედ აზროვნების დეფიციტსა და პროვინციალიზმშია...
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიახ, მე მყავს საუკეთესო მეგობრები, თანამშრომლები, ნაცნობები, როგორც საქარველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე საქართველოში მაცხოვრებელი სხვა ეროვნული თუ ეთნიკური ჯგუფიდან და მადლობა ღმერთს, რომ მათში ეს პროვინციალიზმი საერთოდ არაა...
ბოდიშით, თუ ვინმეს კომპლექსები გაწუხებთ, მაგრამ ამ კოპლექსების დაძლევას ჩვენს ხარჯზე ნუ მოახდენთ. ამიტომ, უმორჩილესად გხოვთ, თბილისელებსაც და არათბილისელებსაც, თავი შეიკავეთ, საკუთარ პროვინციალიზმს ასე საჯაროდ მაინც ნუ უკეთებთ დემონსტრირებას და მეორეც, ეს უკვე კომპლექსიან ე.წ. “ჩამოსულებს” ეხებათ, თავებს ნუ დაგვამადლით, მაინც ვერასდროს გახდებით ვერც აკაკი წერეთლები, ვერც ვაჟა-ფშაველები, ვერ მაკო ორბელიანები, ვერც შალვა ნუცუბიძეები, ვერც ილია ჭავჭავაძეები, რადგან ისინი ერთადერთნი იყვნენ და განუმეორებლები. თუ ასე ძალიან გსურთ, იყავით თქვენც განუმეორებელი ინდივიდები, ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამთ. ასევე, თუ კომპლექსებს ვერ უმკლავდებით, უმჯობესია ფსიქო-ანალიტიკოსთან ვიზიტზე ჩაეწეროთ და იქნებ როგორმე მოახერხოთ საკუთარი კომპლექსებიგან გათავისუფლება...

და ბოლოს, მართლაც, შობასა თუ აღდგომას მნიშვნელოვნად ხდება დედაქალაქის განტვირთვა, რაც, მე პირადად, გადაადგილებას უფრო მიადვილებს. ასევე, შეინიშნება ავტო-სატრანსპორტო საშუალებების სიმცირეც, რაც, ზუსტადაც რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის (ანუ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების) დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს; ასე რომ, მეტ-ნაკლებად და შედარებით უფრო სუფთა ჟანგბადის სუნთქვა გვიწევს მათ, ვისაც წასასვლელი არსად გვაქვს და ვართ გამოკეტილი ამ ქვაბურში (ანუ, პეროიან თბილისელ ხოხბებს)... გარდა ამისა, ე.წ. “პროფილაქტიკებშიც”,  - რომელიც რატომღაც ვიღაცას მოაფიქრდა რომ უშუალოდ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე უნდა ფუნქციონირებდეს, _ ნაკლები მანქანებია, რაც ასევე პირადად ჩემი ნერვების, ენერგიისა და დროის დაზოგვას უწყობს ხელს... იქნებ, ჟურნალისტები ამ საჭირბოროტო საკითხებითაც დაინტერესდეთ?!

მარად თქვენი,
პეროგარჭობილი თბილისელი ხოხობი

პ.ს. მთავარი დამავიწყდა, როდესაც პასუხის სათაურზე ვფიქრობდი, ამომიტივტივდა ქართული სნობიზმი და აი, რატომ: სნობიზმი რასელ ლაინსის ცნობილი ციტატის თანახმად, საკუთარი ,,ეგოს” მოფხანის საუკეთესო საშუალებაა.Source: გვახარია გიორგი. სნობიზმი და კორუფცია//თავისუფლება 9(33) - თავის. ინ-ტი. თბ., -2004

четверг, 17 июля 2014 г.

სათაურის გარეშე

მეგონა ადვილი იქნებოდა საკუთარი აზრების ისევ აქ გადმოტანა, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა. უფრო ადვილია, როდესაც საკუთარი, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი აზრები სადღაც ტვინის რომელიღაც უბანზე თავისთვის ფუთფუთებენ, ბზუიან, გაწუხებენ და გაიძულებენ ყურადღება მიაქციო... ყურადღება მიაქციო  მე–ს, რომელიც ადამიანს თან დაჰყვა, მაგრამ ზოგში ეს მიძინებულ მდგომარეობაშია, ზოგიერთში  ჩანასახოვან სტადიაშია, ზოგიერთში კი საერთოდ წაშლია.
მთელი ტირადა ავკრიფე და წავშალე, რადგან ძირითად სათქმელს არ პასუხობდა, რადგან ცილდებოდა ზუსტად მე–ს, რომელიც უკვე მერამდენე კვირაა თუ უკვე მერამდენე თვე, საკუთარ თავს აუჯანყდა და "აიძულებს" ისევ დაუბრუნდეს საკუთარ თავს, საკუთარ ძირითად ფასეულობას: ადამიანს, ინდივიდს და მის მორალურ კრედოს...
საკმაოდ დიდი ხანია ერთი რამ შევამჩნიე (შევამჩნიე და არა აღმოვაჩინე), ადამიანები ერთდროულად შესაძლებელია იყვნენ სუბიექტებიც და ობიექტებიც. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია, თუმცაღა ამას გაუცნობიერებლად, ალბათ, ყველანი ვგრძნობთ, მაგრამ არ ვუკვირდებით... ჯერ კიდევ ელინურ პერიოდში ადამიანი დაინტერესდა იმით თუ ვინ იყო ის (ვინ ვარ მე!), – ამაზე დელფოსის ტაძრის წარწერაც მეტყველებს,  – რომ არა ეს შეკითხვა, არ იქნებოდა უნივერსალური მოწოდება: "შეიცან თავი შენი"... რომ არა ეს პოსტულატი, ვერ იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა აღიარებდნენ, რომ ინდივიდი, ანუ ადამიანი – ეს არის განუმეორებელი არსება, რომელსაც შეუძლია დაკვირვება, ფიქრი, განსჯა და შეცნობა... თუმცაღა შეცნობაც არის და შეცნობაც; არ არის სწორი, როდესაც შემეცნება ეშლებათ სწავლაში. რადგან შემეცნება ეს ისეთი უნივერსალური პროცესია, როდესაც ადამიანი ერთდროულად არის შესამეცნებელი ობიექტიც და სუბიექტიც, რადგან ერდროულად ხდება ადამიანის მიერ "რაღაცის" შეცნობა და ამავდორულად შეცნობის პროცესის მეშვეობით საკუთარი თავის შეცნობასაც და გაზრდაც ახდენს, რამეთუ შეცნობის გზით ხდება ცოდნის მიღება, მაგრამ არამც და არამც სწავლა, რადგან შესაძლებელია ერთი და იგივე რამის მონოტონურად განმეორებით თუნდაც თუთიყუშს ვასწავლოთ სიტყვები, დავაზეპირებინოთ ფრაზები, შემდეგ კი ეს გაუზრებლად ვამეორებინოთ და ვიხალისოთ... ნუთუ ჩვენ, ადამიანები არ ვიაზრებთ იმას, რასაც შევიმეცნებთ? ნუთუ ასე ძნელია გაიაზრო ის აბსოლუტური, უნივერსალური ცნებები, როგორიცაა: კარგი – ცუდი, სიკეთე – ბოროტება, ზნეობა – უზნეობა, ალტრუიზმი – მიზანტროპია, თავისუფლება – მონობა და სხვა... ადამიანმა გასაოცარი ტექნიკური პროგრესი განიცადა, მაგრამ ვერ მიაღწია მორალურ ნიშნულამდეც კი... დღემდე გაურკვეველი დარჩა, თუ რას ნიშნავს გაემიჯნო უზნეობას, ამორალობას, ველურობას, ბოროტებას... საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს, საკუთარ თავში ეძიო ნაკლოვანებები, შეცდომები, უარყოფითი მხარეები და აღმოჩენის შემდეგ მათი "მოთვინერება" სცადო (თუ ვერ აღმოფხვრი, გარდაქმნი მაინც)... მაგრამ დღეს ხდება კი ასე? იშვიათად და მაშინაც კი ადამიანი უძლურია, უძლურია და თავს იმართლებს შექმნილი გარემო პირობებით: სოციუმით, სახელმწიფოს მიერ დაწერილი თუ დაუწერელი წესებით, ცხოვრების წესით... მაგრამ ეს სიცრუეა, ეს საკუთარი თავის მოტყუების მცდელობაა, რომელსაც შესაშური "წარმატებით" ვახორციელებთ; ვახორციელებთ და გვგონია, რომ საკუთარ თავებს ამით რამეს გამოვაპარებთ, თუმცაღა, მართლაც ვახერხებთ ამას, რადგან გვავიწყდება ერთი რამ: ჭეშმარიტება ერთია, რომლისგანაც გამომდინარეობს დანარჩენი უნვიერსალური ცნებები:
1. არსებობს მხოლოდ ერთი სიკეთე, რომელიც აბსოლუტურია და ის ემიჯება ბოროტებას;
2. არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული, რომელიც აბსოლუტურია და ის ემიჯება სიძულვილს;
3. არსებობს მხოლოდ ერთი თავისუფლება და ის ემიჯნება მონობას.

სხვა დანარჩენი არ არსებობს, რადგან ამ სამი ძირითადი ცნებიდან გამომდინარეობს ადამიანის შემეცნებაც.
ადამიანი საკუთარ თავში უნდა იმეცნებდეს სიკეთეს, სიყვარულს და თავისუფლებას, თუ ამ სამ გზას (რომელიც ერთი მიმართულებით, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტების ძიების გზას)  არ ადგას, ის გზა არსად მიდის (ადამიანს არსადაც არ მიიყვანს, მხოლოდ წრეზე ატარებს, თუ გინდათ, ხატოვნად გეტყვით, მინოტავრის ლაბირინთში არიადნეს ძაფის გარეშე აბორიალებს – ეს სარკაზმია).
არსებობს მხოლოდ ერთი რამ, ადამიანი შეიმეცნებს რა ამ სამ ძირითად პოსტულატს, ის ემიჯება მათ ანტიპოდებს: სიძულვილს, ბოროტებას და მონობას, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული.
პლატონს აქვს შესანიშნავად ნათქვამი: "... ადამიანის სულში ორი სხვადასხვა მხარე განირჩევა: უკეთესი და უარესი, და როცა თავისი ბუნებით უკეთესი სძლევს უარესს, სწორედ ესაა "საკუთარი თავის ბატონ–პატრონად ყოფნა"; მაშასადამე, ეს საქებარია: ხოლო როდესაც ცუდი აღზრდისა თუ უკეთურ ხალხთან ურთიერთობის შედეგად უარესი საწყისი მძლავრობს უკეთესზე, ეს საძრახისია და ამნაირ კაცზე იტყვიან, "თავისი თავის მონააო", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კაცს ზომიერების გრძნობა არ გააჩნია."

და მივადექით მთავარ სათქმელს – თავისუფლებას...
თავისუფლება არ ისწავლება, არც მემკვიდრებით გადადის, ის შეიმენცება, ის განიცდება. ადამიანს ეს შინაგანად თუ არ აქვს შეცნობილი, მხოლოდ გარეგნულად თავისუფლებამოპოვებული ადამიანი სხვა არარაა გარდა მონისა, რომელსაც ჰგონია, რომ ის თავისუფალია, რადგანაც თავისუფლება გაიგივებული აქვს ნებისმიერი რამის ქმნასთან, კეთებასთან, სიტყვის თქმის თავისუფლებასთან...
ხშირად ასეთი ილუზორული თავისუფლების მინიჭებით ძლიერნი ამა ქვეყნისანი ზუსტადაც რომ ასეთი "ინდივიდებისგან" შემდგარ მასას თავის ჭკუაზე ატრიალებენ, აძლევენ რა მათ ისეთ დაპირებებს, რომელიც ზუსტად ამ მანკიერ, ზღვარგადასულ ქვენაგრძნობებს ელამურება და ზუსტად, რომ სატყუარას წამოგებული და თვალდაბინდული საზოგადოება, ოვაციებითა და ტაშის კვრით განადიდებს მათ... ჩვენ გვექნება თავისუფლება! ვაშააა!!! აკეთე ყველაფერი, რაც მოგესურვება, წამოწექი მხარ–თეძოზე და უზრუნველად იცხოვრე! ვაშა!!! გინდა გარეთ გადი და შენი სიძულვილი და მრისხანება დაიცხრე სხვისი წამებით, ტანჯვით, ეს ხომ სიამოვნებას განიჭებს!! ვაშა!!!  არ გჭირდება ფიქრი და მომავალზე ზრუნვა, ამას სხვა გააკეთებს შენს მაგივრად! ვაშა!!! თუ შენ წაგართმევენ, ეს ბოროტებაა, მაგრამ თუ შენ წაართმევ, ეს სიკეთე, ამიტომ, წაართვი სხვას და იყავი მასზე ძლიერი! ვაშა!!!
არადა, ზუსტად ეს არ შეესაბამება იმ აბსოლუტურ, ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელსაც კაცობირობის დასაბამიდან დღემდე ქადაგებდნენ და ქადაგებენ კაცობრიობის პატრიარქები, მამები, ფილოსოფოსები! თუმცა ამით არაფერი იცვლება, ქადაგებები ქადაგებებად რჩება, ხოლო საზოგადოება თავისი გზით მიდის და ურჩევნია ილუზორული თავისუფლებით იარსებოს, ვიდრე ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ ისწრაფვოდეს.
არადა ადამიანი, როდესაც  შინაგად არის თავისუფალი, მონობაშიც ინარჩუნებს ამ განცდას... როცა შინაგანად თავისუფლებაგანცდილი ადამიანი უყურებს ბოროტებას, იცის, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებს, მას მხოლოდ სიკეთეს უპირისპირებს; როცა უყურებს უსამართლობას, იცის, რომ უსამართლობას თუ იგივენაირად დაუპირსპირდება, ამით უსამართლობასაც განამრავლებს და საკუთარ ჭეშმარიტ სახეს და არსაც დაკარგავს... როცა ხედავს გაბოროტებულ და განრისხეულ ადამიანს, იცის, რომ მის სულს მკურნალობა სჭირდება და სამკურნალოდ მხოლოდ ერთი წამალი გამოადგება – სიყვარული... მან იცის დუმილის ფასიც და სიტყვის თავისუფლებამინიჭებულ ადამიანთან დუმს, მაგრამ არა შიშის ან იმის გამო, რომ მჭერმეტყველი არაა, არამედ იმიტომ, რომ დუმილის დროსაც კი თავისუფალია და სიტყვაზე უფლობს და მბრძანებლობს...
ხოლო როდესაც ადამიანი საკუთარი თავის მონაა, აქედან იწყება ყველაზე დიდი გზა უფრო დიდი მონობისკენ, რომელსაც ეწოდება შიში, თავისი თანმდევი გამოვლინებებით – მლიქვმელობით, ტყუილით, სიხარბით, ვერცხლისმოყვარეობით და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი ასეთი მანკიერი მხარეებით...

დღეს ამას იშვიათად ვუფიქრდებით, იშვიათად ვეკითხებით თავებს, რომელი გზით მივდივართ _  ჭეშმარიტების ძიების თუ მოჩვენებითი თავისუფლების გზით...
იქნებ შევჩერდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: შევიმეცნე კი საკუთარი თავი?! მხოლოდ მართალი და უტყუარი პასუხის შემდეგ მივხდებით, რომ არა! ხოლო თუ საკუთარი თავი არ შეგიმეცნებია, შენ, ადამიანო! მაშინ რა ხარ?!


ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ–ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი _
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმონი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
აარის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

ილია ჭავჭავაძე


ილიას ეს უკვდავი ლექსი საქართველოში ყოველ დროსა თუ საზოგადოებას შეესაბამება და ზუსტად აღწერს ერის, საზოგადების მანკიერ მხარეებს. არ მოიძებნება ქართველი (და არამარტო ქართველი, თუმცა სულაც არ ვუსვამ ხაზს ეროვნულ კუთვნილებას, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ დავწერ), რომელსაც ეს ლექსი მთლიანად თუ არა, მისი რომელიმე სტროფი მაინც არ ჰქონდეს წაკითხული ან გაგონილი. გასაგებია, რომ ერს და ზოგადად საზოგადოებას კარგიც ახასიათებს და ცუდიც, მაგრამ როდესაც ერში, საზოგადოებაში ცუდი ჭარბობს კარგს, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ერი (საზოგადოება) დეგრადაციას განიცდის... ნებისმიერ საზოგადოებას, ერს ახასიათებს ასეთი აღმა თუ დაღმა სვლები, მაგრამ მე ჩემი მტკივა და ჩემს ტკივილზე ვტირი  და სხვამ თავისი იტიროს. როდესაც "შენი" გიყვარს, "შენიანზე" შეგტკივა გული, ზრუნავ, "შენსას" სცემ პატივს, მხოლოდ მას შედეგ შეგიძლია სხვისი პატივისცემაც, დაფასებაც და თანაგრძნობაც.

სამწუხაროა, მაგრამ დღეს უფრო მომრავლებულია სანახაობა, ოღონდ პურის გარეშე და ტრაგი–კომედიის საყურებლად მისულ ხალხს ორ ობოლსაც არ აძლევენ, როგორც ძველ საბერძნეთში ხდებოდა. თუმცა ვინ იცის, იქნებდა ზუსტად აქაც შერჩევით ხდება ამ ორი ობოლის გაცემაც?! თუ ჩემი ორი ობოლი ვინმეს გერგოთ, ალალ იყოს, მაგრამ... მხოლოდ ტრაგი–კომედიის ყურებით ცუდის, მანკიერი მხარის გამოსწორება არ ხდება, რადგან დღემდე ვერ გამოგვაქვს დადგმული "სპექტაკლებიდან" მორალი. არადა, საკუთარ თავებს მორალურ და ზნეობრივ "პიროვნებებად" ვთვლით. ხოლო საზოგადოება, ერი ზუსტად ინდივიდებისგან, ანუ პიროვნებებისგან შედგება, მათი ერთობლიობაა. სამშობლო და საქართველო მხოლოდ ტერიტორია არაა, უპირველეს ყოვლისა ეს ის საზოგადოებაა, ეს ის ერია, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, დამკვიდრებულია და ვითარდება.

თუმცა, საოცარია, მაგრამ დღეს სიტყვების არსსა და მნიშვნელობას ისევე დამახინჯებულად აღვიქვამთ, როგორც სხვა დანარჩენს. დანარჩენი კი ჩემზე ადრე, მთელი ორი საუკუნით ადრე (და უფრო ადრეულ ხანებშიც) ითქვა და    უკვე ათასჯერ თქმულსა და გაცვეთილ, მაგრამ უკვდავ სიტყვებს ახალს ვერაფერს დავამტებ.

მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, მორალისა და ზნეობის განმარტებები დავდო:

ზნეობა _ 1. იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში;
2. ამ ნორმების შესაბამისი ქცევა და ადამიანის სულიერი თვისებები.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

მორალი _  ზნეობრივი დასკვნა, ზნეობრივი გაკვეთილი, რომელიც რაიმესგან გამომდინარეობს, მაგალითად იგავის მორალი (უცხო სიტყვათა ლექსიკონი 1989).