четверг, 24 июля 2014 г.

"ნაირ–ნაირი ამბები" – ძველი საბერძნეთის ამბები, ანუ მოცალეობის ჟამს საკითხავი

კლავდიუს ელიანე – თავის თავს რომაელად მოიხსენიებდა. წარმოშობით აბატს, რომელიც რომის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ პრენესტედან იყო, ქურუმის მაღალი თანამდებობა ეკავა. მას ეკუთვნის ნაირ–ნაირი ამბები.

***

გადმოგცემენ, რომ მწვრთნელმა ჰიპომაქოსმა წნელი გააწნა თავის მოწაფე ათლეტს მაშინ, როცა მას გარს შემოადგა შეძახილებით აღტაცებული ბრბო და ისიც დასძინა: "შენ ცუდად და არა ისე, როგორც საჭირო იყო, შეასრულე ის, რის უკეთ შესრულება გმართებდა. კარგად რომ შეგესრულებინა, არავინ შეგაქებდა". ამით ჰიპომაქოსმა მიანიშნა, რომ ადამიანმა შექება არა ხალხისგან, არამედ ჭეშმარიტი მცოდნისგან უნდა მიიღოს.
როგორც ჩანს, სოკრატემაც არაფრად მიიჩნია ხალხის განკითხვა, რასაც მოწმობს კრიტონთან მისი საუბარი; ეს იყო მაშინ, როდესაც კრიტონი საპყრობილეში მივიდა და არწმუნებდა სოკრატეს, ათენელთა მსჯავრისგან გაქცევით დაეღწია თავი.

***
91–ე ოლიმპიური თამაშების დროს, როდესაც სრბოლის ასპარეზზე აკრაგასელმა ექსენეტოსმა გაიმარჯვა, ქსენოკლესი და ევრიპიდე ერთმანეთს ეცილებოდნენ. პირველობა ერგო ქსენოკლესს, რომელმაც წარადგინა "ოიდიპოსი", "ლიკაონი", "ბაკხი ქალები" და სატირული დრამა "ათამასი". მეორე კი იყო ევრიპიდე თავისი დრამებით _ "ალექსანდრე", "პალამედესი", "ტროელები" და სატირული დრამა "სიზიფოსი" და განა სასაცილო არ არის? _ ქსენოკლესმა გაიმარჯვა, ევრიპიდე კი დამარცხდა, თანაც ესოდენ მნიშვნელოვანი დრამებით.
ამრიგად, ორი მიზეზი შეიძლება დავუშვათ: ან უგუნურები და უმეცრები იყვნენ ისინი, რომლებიც კენჭს უყრიდნენ და მათთვის უცხო იყო სწორად განსჯა; ანდა შეიძლება ისინი მოისყიდეს კიდეც. ერთიც და მეორეც უღირსობაა და ათენელისთვის შეუფერებელი.

***

ძველთაგანვე გადმოგვცემენ, რომ ანიტოსი და მისი თანამოაზრეები გამუდმებით სდევნიდნენ სოკრატეს. მათ მოითათბირეს, სოკრატესთვის ცილისწამებით გაეტეხათ სახელი, რადგან არ იცოდნენ, როგორ განეწყობოდნენ ათენელები სოკრატეს ბრალდების მიმართ (სოკრატეს სახელი ხომ განთქმული იყო, სხვათაშორის, იმიტომაც, რომ სოფისტების არაჯანსაღ აზროვნებას ამხელდა, მათ ხომ არც უწყოდნენ და არც რას ამბობდნენ მნიშვნელოვანს) _ ამიტომ გადაწყვიტეს ცილისწამებით გაეტეხათ მისთვის სახელი. იმხანად მოშურნეები ვერც სასამართლოში იჩივლებდნენ და ვერ დამნაშავედ გამოაცხადებდნენ სოკრატეს, ვინაიდან ფილოსოფოსის აღშფოთებული მეგობრები მათ წინააღმდეგ განაწყობდნენ სასამართლოს, შემდგომ კი სოფისტები იძულებულნი გახდებოდნენ, პასუხი ეგოთ სოკრატეს ცილისწამებისთვის _ თან არა მარტო უდანაშაულო მოქალაქისა, არამედ ათენელთა სიამაყის უსამართლო ბრალდებებისთვის.
და რა ჩაიფიქრეს? არისტოფანემ, გონებამახვილობითა და მწარე ხუმრობებით გამორჩეულმა კომედიოგრაფოსმა, სოკრატე უბრალო მოლაყბედ გამოიყვანა კომედიაში. თითქოს სოკრატე ჭეშმარიტ ღმერთებს არ ცნობდა და თანაც ყველას, ვისაც კი მოძღვრავდა, თავისკენ იბირებდა. ამ დავალებას არისტოფანემ წარმატებით გაართვა თავი. მან დიდი ენამახვილობით, ოსტატური ლექსთა წყობით მიზანში ამოიღო ელინთა შორის საუკეთესო. კომედიაში მას დასაცინად ხომ არ უნდა გამოეყვანა კლეონი, ანდა ლაკედემონელები, არც თებელები და თუნდაც თავად პერიკლესი, არამედ ღმერთების, განსაკუთრებით კი აპოლონის სიყვარულით გამორჩეული კაცი. ამრიგად, კომიკურ სცენაზე სოკრატეს ხილვა უჩვეულო და გაუგონარი პარადოქსი იყო. ამ კომედიამ თავიდან უცნაურობით მიიზიდა ათენელთა ყურადღება, შემდეგ კი მათი აღტაცებაც კი დაიმსახურა, ვინაიდან ისინი ბუნებით შურიანები არიან და სახელმწიფოსა და მთავარ–გამგებელთა მიერ გამორჩეული ხალხის დაცინვა უყვართ. განსაკუთრებით კი, მათი, ვინც სიბრძნითა და ღირსეული ცხოვრებით გამოიჩინა თავი. ეს კომედია "ღრუბლები" სიამოვნებას ჰგვრიდა მოქალაქეებს და ტაშს უკრავდნენ პოეტს ისე, როგორც არავის სხვას და გამარჯვებულადაც აღიარებდნენ. თანაც სურდათ, რომ არისტოფანე გამარჯვებულთა შორის პირველი ყოფილიყო. ასე შეიქმნა არისტოფანეს ეს ნაწარმოები. თავად სოკრატე იშვიათად დადიოდა ხოლმე თეატრებში. ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ტრაგედიების შემოქმედი ევრიპიდე ახალი ტრაგედიებით წარდგებოდა. პირევსშიც კი ჩადიოდა, თუ იქ ევრიპიდეს დრამა იდგმებოდა. ფილოსოფოსი მას სიბრძნესა და პოეტური ღირსების გამო აფასებდა. მაშინ კლინიასის ძემ, ალკიბიადესმა და კალესხროსის ძემ, კრიტიასმა აიძულეს, წასულიყო იგი თეატრში ამ კომედიის სანახავად. ფილოსოფოსს არამცთუ არ მოეწონა, პირიქით, დიდად მოიძულა ეს სანახაობა და როგორც გონიერმა, სამართლიანმა, ღირსეულმა და ამასთანავე, ბრძენმა კაცმა აბუჩად ამგდებთა, შეურაცხმყოფელთა და უჭკუოთა მიმართ სიძულვილი გამოხატა. ამით მან დიდადაც გაანაწყენა კომედიის შემოქმედნი. არა მხოლოდ ანიტოსისა და მელეტოსის მზაკვრულმა შეთანხმებამ, არამედ სოკრატეს შეურაცხყოფამაც სახელი გაუთქვა კომედია "ღრუბლებს". სოკრატეს ცილისწამებისთვის არისტოფანეს, ცხადია, შემოქმედებისთვის ფულადი ჯილდო ერგო. ამ გაჭირვებულმა ღატაკმა და საცოდავმა, რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს, შეთხზული ტყუილისთვის გასამრჯელო აიღო. ეს მან თავადაც იცოდა. თხზულებამ ხალხში დიდი მოწონება დაიმსახურა. და ისე, როგორც არასდროს, მართალი აღმოჩნდა კრატინოსის სიტყვები, რომ თეატრში გონება სნეულდება. "ღრუბლები" იდგმებოდა დიონისეს დღესასწაულებზე და ელინთა უმრავლესობა წარმოდგენაზე დასასწრებად სხვადასხვა ქალაქიდან მოდიოდა. გამოჩნდებოდა თუ არა სცენაზე სოკრატე, მას ხმამაღლა სახელით მიმართავდნენ ხოლმე _ მართლაც ცნობდნენ მას. ეს მე არც მიკვირს, რომ გამოარჩევდნენ მას მაყურებელთა შორის (ნიღბის ოსტატებმა ხომ დიდი მსგავსების გათვალისწინებით შექმნეს ფილოსოფოსის სახე). ხოლო უცხოელები, რომლებმაც არ იცოდნენ, ვის დასცინოდნენ, ხმაურით წამოიშალნენ. მათ გამორკვევა დაიწყეს, ვინ იყო სოკრატე. ფილოსოფოსმა, შეიტყო თუ არა, რაც თეატრში ხდებოდა, მაშინვე იქ მივიდა. მან ხომ იცოდა, ვისაც ეძღვნებოდა კომედია და უცხოელთა შეცბუნების გასაქარვებლად პირველი ადგილი დაიკავა. იგი ფეხზე იდგა კომედიის მსვლელობის დროს, სანამ მსახიობებმა არ დაასრულეს თამაში. ძლიერი იყო კომედიისა და ათენელების მიმართ ფილოსოფოსის სიძულვილი.

***

ჩემთვის ცნობილია ფოკოსის ძის, ფიკონის მოსწრებული გამონათქვამი. ათენელთა სახალხო კრებაზე გამოსულმა მოქალაქეებს უგუნურებისათვის უსაყვედურა. მან მეტად გონებამახვილურად და სხარტად აღნიშნა: "ჩემი აზრით, ჯობია, თქვენ მომექცეთ მე ცუდად, ვიდრე მე _ თქვენ".

(თარგმნა თეა დულარიძემ _ძველი ბერძნული პროზა. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".თბილისი, 2013)

Комментариев нет:

Отправить комментарий