четверг, 17 июля 2014 г.

სათაურის გარეშე

მეგონა ადვილი იქნებოდა საკუთარი აზრების ისევ აქ გადმოტანა, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა. უფრო ადვილია, როდესაც საკუთარი, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი აზრები სადღაც ტვინის რომელიღაც უბანზე თავისთვის ფუთფუთებენ, ბზუიან, გაწუხებენ და გაიძულებენ ყურადღება მიაქციო... ყურადღება მიაქციო  მე–ს, რომელიც ადამიანს თან დაჰყვა, მაგრამ ზოგში ეს მიძინებულ მდგომარეობაშია, ზოგიერთში  ჩანასახოვან სტადიაშია, ზოგიერთში კი საერთოდ წაშლია.
მთელი ტირადა ავკრიფე და წავშალე, რადგან ძირითად სათქმელს არ პასუხობდა, რადგან ცილდებოდა ზუსტად მე–ს, რომელიც უკვე მერამდენე კვირაა თუ უკვე მერამდენე თვე, საკუთარ თავს აუჯანყდა და "აიძულებს" ისევ დაუბრუნდეს საკუთარ თავს, საკუთარ ძირითად ფასეულობას: ადამიანს, ინდივიდს და მის მორალურ კრედოს...
საკმაოდ დიდი ხანია ერთი რამ შევამჩნიე (შევამჩნიე და არა აღმოვაჩინე), ადამიანები ერთდროულად შესაძლებელია იყვნენ სუბიექტებიც და ობიექტებიც. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია, თუმცაღა ამას გაუცნობიერებლად, ალბათ, ყველანი ვგრძნობთ, მაგრამ არ ვუკვირდებით... ჯერ კიდევ ელინურ პერიოდში ადამიანი დაინტერესდა იმით თუ ვინ იყო ის (ვინ ვარ მე!), – ამაზე დელფოსის ტაძრის წარწერაც მეტყველებს,  – რომ არა ეს შეკითხვა, არ იქნებოდა უნივერსალური მოწოდება: "შეიცან თავი შენი"... რომ არა ეს პოსტულატი, ვერ იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა აღიარებდნენ, რომ ინდივიდი, ანუ ადამიანი – ეს არის განუმეორებელი არსება, რომელსაც შეუძლია დაკვირვება, ფიქრი, განსჯა და შეცნობა... თუმცაღა შეცნობაც არის და შეცნობაც; არ არის სწორი, როდესაც შემეცნება ეშლებათ სწავლაში. რადგან შემეცნება ეს ისეთი უნივერსალური პროცესია, როდესაც ადამიანი ერთდროულად არის შესამეცნებელი ობიექტიც და სუბიექტიც, რადგან ერდროულად ხდება ადამიანის მიერ "რაღაცის" შეცნობა და ამავდორულად შეცნობის პროცესის მეშვეობით საკუთარი თავის შეცნობასაც და გაზრდაც ახდენს, რამეთუ შეცნობის გზით ხდება ცოდნის მიღება, მაგრამ არამც და არამც სწავლა, რადგან შესაძლებელია ერთი და იგივე რამის მონოტონურად განმეორებით თუნდაც თუთიყუშს ვასწავლოთ სიტყვები, დავაზეპირებინოთ ფრაზები, შემდეგ კი ეს გაუზრებლად ვამეორებინოთ და ვიხალისოთ... ნუთუ ჩვენ, ადამიანები არ ვიაზრებთ იმას, რასაც შევიმეცნებთ? ნუთუ ასე ძნელია გაიაზრო ის აბსოლუტური, უნივერსალური ცნებები, როგორიცაა: კარგი – ცუდი, სიკეთე – ბოროტება, ზნეობა – უზნეობა, ალტრუიზმი – მიზანტროპია, თავისუფლება – მონობა და სხვა... ადამიანმა გასაოცარი ტექნიკური პროგრესი განიცადა, მაგრამ ვერ მიაღწია მორალურ ნიშნულამდეც კი... დღემდე გაურკვეველი დარჩა, თუ რას ნიშნავს გაემიჯნო უზნეობას, ამორალობას, ველურობას, ბოროტებას... საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს, საკუთარ თავში ეძიო ნაკლოვანებები, შეცდომები, უარყოფითი მხარეები და აღმოჩენის შემდეგ მათი "მოთვინერება" სცადო (თუ ვერ აღმოფხვრი, გარდაქმნი მაინც)... მაგრამ დღეს ხდება კი ასე? იშვიათად და მაშინაც კი ადამიანი უძლურია, უძლურია და თავს იმართლებს შექმნილი გარემო პირობებით: სოციუმით, სახელმწიფოს მიერ დაწერილი თუ დაუწერელი წესებით, ცხოვრების წესით... მაგრამ ეს სიცრუეა, ეს საკუთარი თავის მოტყუების მცდელობაა, რომელსაც შესაშური "წარმატებით" ვახორციელებთ; ვახორციელებთ და გვგონია, რომ საკუთარ თავებს ამით რამეს გამოვაპარებთ, თუმცაღა, მართლაც ვახერხებთ ამას, რადგან გვავიწყდება ერთი რამ: ჭეშმარიტება ერთია, რომლისგანაც გამომდინარეობს დანარჩენი უნვიერსალური ცნებები:
1. არსებობს მხოლოდ ერთი სიკეთე, რომელიც აბსოლუტურია და ის ემიჯება ბოროტებას;
2. არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული, რომელიც აბსოლუტურია და ის ემიჯება სიძულვილს;
3. არსებობს მხოლოდ ერთი თავისუფლება და ის ემიჯნება მონობას.

სხვა დანარჩენი არ არსებობს, რადგან ამ სამი ძირითადი ცნებიდან გამომდინარეობს ადამიანის შემეცნებაც.
ადამიანი საკუთარ თავში უნდა იმეცნებდეს სიკეთეს, სიყვარულს და თავისუფლებას, თუ ამ სამ გზას (რომელიც ერთი მიმართულებით, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტების ძიების გზას)  არ ადგას, ის გზა არსად მიდის (ადამიანს არსადაც არ მიიყვანს, მხოლოდ წრეზე ატარებს, თუ გინდათ, ხატოვნად გეტყვით, მინოტავრის ლაბირინთში არიადნეს ძაფის გარეშე აბორიალებს – ეს სარკაზმია).
არსებობს მხოლოდ ერთი რამ, ადამიანი შეიმეცნებს რა ამ სამ ძირითად პოსტულატს, ის ემიჯება მათ ანტიპოდებს: სიძულვილს, ბოროტებას და მონობას, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული.
პლატონს აქვს შესანიშნავად ნათქვამი: "... ადამიანის სულში ორი სხვადასხვა მხარე განირჩევა: უკეთესი და უარესი, და როცა თავისი ბუნებით უკეთესი სძლევს უარესს, სწორედ ესაა "საკუთარი თავის ბატონ–პატრონად ყოფნა"; მაშასადამე, ეს საქებარია: ხოლო როდესაც ცუდი აღზრდისა თუ უკეთურ ხალხთან ურთიერთობის შედეგად უარესი საწყისი მძლავრობს უკეთესზე, ეს საძრახისია და ამნაირ კაცზე იტყვიან, "თავისი თავის მონააო", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კაცს ზომიერების გრძნობა არ გააჩნია."

და მივადექით მთავარ სათქმელს – თავისუფლებას...
თავისუფლება არ ისწავლება, არც მემკვიდრებით გადადის, ის შეიმენცება, ის განიცდება. ადამიანს ეს შინაგანად თუ არ აქვს შეცნობილი, მხოლოდ გარეგნულად თავისუფლებამოპოვებული ადამიანი სხვა არარაა გარდა მონისა, რომელსაც ჰგონია, რომ ის თავისუფალია, რადგანაც თავისუფლება გაიგივებული აქვს ნებისმიერი რამის ქმნასთან, კეთებასთან, სიტყვის თქმის თავისუფლებასთან...
ხშირად ასეთი ილუზორული თავისუფლების მინიჭებით ძლიერნი ამა ქვეყნისანი ზუსტადაც რომ ასეთი "ინდივიდებისგან" შემდგარ მასას თავის ჭკუაზე ატრიალებენ, აძლევენ რა მათ ისეთ დაპირებებს, რომელიც ზუსტად ამ მანკიერ, ზღვარგადასულ ქვენაგრძნობებს ელამურება და ზუსტად, რომ სატყუარას წამოგებული და თვალდაბინდული საზოგადოება, ოვაციებითა და ტაშის კვრით განადიდებს მათ... ჩვენ გვექნება თავისუფლება! ვაშააა!!! აკეთე ყველაფერი, რაც მოგესურვება, წამოწექი მხარ–თეძოზე და უზრუნველად იცხოვრე! ვაშა!!! გინდა გარეთ გადი და შენი სიძულვილი და მრისხანება დაიცხრე სხვისი წამებით, ტანჯვით, ეს ხომ სიამოვნებას განიჭებს!! ვაშა!!!  არ გჭირდება ფიქრი და მომავალზე ზრუნვა, ამას სხვა გააკეთებს შენს მაგივრად! ვაშა!!! თუ შენ წაგართმევენ, ეს ბოროტებაა, მაგრამ თუ შენ წაართმევ, ეს სიკეთე, ამიტომ, წაართვი სხვას და იყავი მასზე ძლიერი! ვაშა!!!
არადა, ზუსტად ეს არ შეესაბამება იმ აბსოლუტურ, ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელსაც კაცობირობის დასაბამიდან დღემდე ქადაგებდნენ და ქადაგებენ კაცობრიობის პატრიარქები, მამები, ფილოსოფოსები! თუმცა ამით არაფერი იცვლება, ქადაგებები ქადაგებებად რჩება, ხოლო საზოგადოება თავისი გზით მიდის და ურჩევნია ილუზორული თავისუფლებით იარსებოს, ვიდრე ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ ისწრაფვოდეს.
არადა ადამიანი, როდესაც  შინაგად არის თავისუფალი, მონობაშიც ინარჩუნებს ამ განცდას... როცა შინაგანად თავისუფლებაგანცდილი ადამიანი უყურებს ბოროტებას, იცის, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებს, მას მხოლოდ სიკეთეს უპირისპირებს; როცა უყურებს უსამართლობას, იცის, რომ უსამართლობას თუ იგივენაირად დაუპირსპირდება, ამით უსამართლობასაც განამრავლებს და საკუთარ ჭეშმარიტ სახეს და არსაც დაკარგავს... როცა ხედავს გაბოროტებულ და განრისხეულ ადამიანს, იცის, რომ მის სულს მკურნალობა სჭირდება და სამკურნალოდ მხოლოდ ერთი წამალი გამოადგება – სიყვარული... მან იცის დუმილის ფასიც და სიტყვის თავისუფლებამინიჭებულ ადამიანთან დუმს, მაგრამ არა შიშის ან იმის გამო, რომ მჭერმეტყველი არაა, არამედ იმიტომ, რომ დუმილის დროსაც კი თავისუფალია და სიტყვაზე უფლობს და მბრძანებლობს...
ხოლო როდესაც ადამიანი საკუთარი თავის მონაა, აქედან იწყება ყველაზე დიდი გზა უფრო დიდი მონობისკენ, რომელსაც ეწოდება შიში, თავისი თანმდევი გამოვლინებებით – მლიქვმელობით, ტყუილით, სიხარბით, ვერცხლისმოყვარეობით და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი ასეთი მანკიერი მხარეებით...

დღეს ამას იშვიათად ვუფიქრდებით, იშვიათად ვეკითხებით თავებს, რომელი გზით მივდივართ _  ჭეშმარიტების ძიების თუ მოჩვენებითი თავისუფლების გზით...
იქნებ შევჩერდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: შევიმეცნე კი საკუთარი თავი?! მხოლოდ მართალი და უტყუარი პასუხის შემდეგ მივხდებით, რომ არა! ხოლო თუ საკუთარი თავი არ შეგიმეცნებია, შენ, ადამიანო! მაშინ რა ხარ?!


Комментариев нет:

Отправить комментарий